კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებული ძირითადი ტენდენციები

31 ოქტომბერი, 2018
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები სამ რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში დააკვირდნენ. ორგანიზაციის 25 მონიტორი მუშაობდა საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ - პანკისის ხეობაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. 
 
სტატიკური დამკვირვებლების გარდა, მონიტორინგს ახორციელებდნენ მობილური ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის - humanrights.ge-ს ჟურნალისტები და ოპერატორები. დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ქვეყნდებოდა www.humanrights.ge-ზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას სულ დაარეგისტრირეს  2 საჩივარი, ასევე 1 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში და რამდენიმე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ერთ-ერთი საჩივარი შეეხებოდა მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში, თაზაკენდის მე-13 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, სადაც ამომრჩეველმა რეგისტრაციისას სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერა ხელი. დარღვევაზე დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამომრჩეველი უბნიდან გაიქცა და აღარ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რეგისტრატორმა კი უარი განაცხადა, ხელმოწერის გასწვრივ გაეკეთებინა აღნიშვნა, რომ ხელმოწერა არაუფლებამოსილ პირს ეკუთვნოდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მეორე საჩივარი შეეხებოდა საგარეჯოს N11 საარჩევნო ოლქში, სოფელ იორმუღანლოს N42 უბანზე დაფიქსირებულ მნიშვნელოვან დარღვევას. კერძოდ, ხმის დათვლის პროცესში ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ კონვერტების გარკვეული რაოდენობა, რომლებშიც ბიულეტენები იყო მოთავსებული, იყო კალმით მონიშნული. აღნიშნული დარღვევის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივრით მიმართა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიას, ასევე საგარეჯოს N11 საოლქო კომისიას. ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი დაკმაყოფილდა. საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით. N42 საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამის წევრს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების ინფორმაციით, ხშირად საარჩევნო კომისიების მუშაობაში არის ისეთი დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც კომისია დამკვირვებელთა შენიშვნების შემდგომ ასწორებს. ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლია, არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. მათი მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია არა იმდენად არჩევნების გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნებოდა დაძაბულობა და ზოგჯერ - კონფლიქტებიც. საარჩევნო კომისიის წევრთა დაბალი კვალიფიკაცია და პროცედურული საკითხების არცოდნა პრობლემას წარმოადგენდა ასევე გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. 

კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ამომრჩეველთა მხრიდან ხმის მიცემის წესების არცოდნა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების დაკვირვებით, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები საჭიროებდნენ დახმარებას ხმის მიცემის წესების არცოდნის გამო. მსგავსი სიტუაცია ხშირად წარმოქმნიდა არეულობას. მსგავსი პრობლემები ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ სისტემატურად ფიქსირდებოდა წარსულში გამართულ არჩევნებზეც. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარდეს უფრო მეტი ქმედითი ღონისძიებები.

საქართველოში ჩატარებული წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, კვლავ შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. „ამომრჩეველთა მთვლელები“ ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე და ამოწმებენ წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობას, ითვლიან ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. ისინი ასევე ესაუბრებიან საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ზოგჯერ ამ საუბარს პირდაპირი აგიტაციის ფორმა აქვს. 

საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა შედარებით დაბალი აქტივობით უკმაყოფილო კოორდინატორები მობილური ტელეფონებით ურეკავდნენ ამომრჩევლებს და არკვევდნენ არჩევნებზე გამოუცხადებლობის მიზეზებს. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - იორმუღანლოსა და ლამბალოში კოორდინატორები განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდნენ ამომრჩეველთა მობილიზებას. უბანზე მისულ ამომრჩევლებს ართმევდნენ პირადობის მოწმობებს, ეძებდნენ მათ ამომრჩეველთა სიებში და მიჰყვებოდნენ საარჩევნო უბნის კარამდე, სადაც ხმამაღლა იძახდნენ მათ სარეგისტრაციო ნომრებს. პანკისის ხეობაში, ერთსა და იმავე ადამიანებს საარჩევნო უბანზე თავიანთი ავტომანქანებით მოჰყავდათ ამომრჩევლები, რომლებიც, ხშირად, წარმოადგენენ ხანდაზმულ ამომრჩევლებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა გასაგებად გაიწეროს და მოწესრიგდეს საარჩევნო კანონმდებლობაში. დღეისათვის საარჩევნო კოდექსი პირდაპირ არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების/აგიტატორების აქტიურობას. თუმცა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ამავე დროს, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. 

სხვადასხვა ფორმით ამომრჩეველთა მობილიზება, საარჩევნო უბნებზე მათი გამოცხადების აქტიური კონტროლი, პირადობის მოწმობების გამორთმევა და ამომრჩეველთა სიაში პირადი მონაცემების გადამოწმება, სატელეფონო ზარები შინ მყოფ ამომრჩევლებთან უბანზე გამოცხადების მოთხოვნით - კოორდინატორებისა და აგიტატორების მუშაობის ასეთი აგრესიული მეთოდები არჩევნებზე ხელს უშლის ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენას. 

ამავდროულად, სხვადასხვა პარტიების კოორდინატორებსა და მხარდამჭერებს შორის ხშირია ინციდენტები და კონფლიქტები საარჩევნო უბნების მიმდებარედ, რაც აფერხებს არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას. 

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსით დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად კონკრეტული პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მსგავსი ორგანიზაციის წარმომადგენლები ახდენდნენ როგორც უბანზე დაკვირვებას, ასევე ამომრჩეველთა მობილიზაციას საარჩევნო უბნებზე. 

დარღვევები და საინტერესო ფაქტები საარჩევნო უბნებზე

გორის 32-ე ოლქში, დიცის 39 ე უბანზე 4 ამომრჩეველი სიაში არ აღმოჩნდა. ოთხი პირი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, წინა სხვა არჩევნებზე ყოველთვის ერთსა და იმავე უბანზე აძლევდნენ ხმას. ამჯერად კი ისინი სიაში არ აღმოჩნდნენ.

გორის 32-ე ოლქის,  ტყვიავის 92-ე და 64-3 უბნებთან მობილიზებული იყო კოორდინატორების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა, რომლებსაც ავტომობილებზე გაკრული ჰქონდათ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო ნომერი. ამ უბნებთან ასევე მობილიზებული იყვნენ პოლიციელებიც. 

პანკისის ხეობის სოფელ დუისში დილის 8 საათიდან №5 საარჩევნო უბნის მიმდებარედ იმყოფებოდა დუისის მერის წარმომადგენელი თამარ მარგოშვილი. მას ამომრჩევლები არჩევნებზე საკუთარი ავტომობილით მოჰყავდა და შემდეგ უბნამდე აცილებდა. 

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში, საბირკენდის მე-12 საარჩევნო უბანზე აგიტაციას ეწეოდა საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის წარმომადგენელი აკამედ იმამკულიევი. უბანზე შესვლისას მას რეგისტრაცია არ გაუვლია, რაზეც დამკვირვებლებმა მისცეს შენიშვნა. შენიშვნამ მისი აგრესია გამოიწვია. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ იმამკულიევმა რეგისტრაცია გაიარა, ვიდეოკამერა დაამონტაჟა და საარჩევნო უბანი დატოვა. მანამდე მან უბანზე მყოფ ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა დავით ბაქრაძისთვის მიეცათ.

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქში, იორმუღანლოს 42-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ბულინგის შემთხვევა. მოხუცს, რომელიც საარჩევნო უბანზე შესვლას ცდილობდა, ხელი ჰკრა სხვა ამომრჩეველმა. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველს დაეხმარა, შესულიყო უბანზე, მაგრამ გასვლის შემდეგაც გარეთ მდგომმა პირმა კვლავ ხელი ჰკრა ამომრჩეველს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნა დააფიქსირა.

მარნეულის 22-ე ოლქის 67-ე უბანზე დილით წილისყრა არ იყო ჩატარებული და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სიტყვიერად ჰქონდათ განაწილებული მოვალეობები. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, წილისყრა ჩატარდა. 

მარნეულის 22-ე ოლქის 67-ე უბანზე იმყოფებოდა ორი არაუფლებამოსილი პირი: დაცვის პოლიციის წარმომადგენელი და პირი საცნობი ნიშნის გარეშე, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, მათ დაატოვებინეს უბნის ტერიტორია, რაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა გააპროტესტა. ამის შემდეგ უბანზე მივიდა პოლიციის თანამშრომელი. დამკვირვებელმა მოუწოდა კომისიის თავმჯდომარეს,  პოლიციელს დაეტოვებინა უბანი, რაზეც პოლიციელი გაბრაზდა და დამკვირვებელს მიმართა, რომ მისი საქმე არ იყო. მიუხედავად ამისა, კომისიის თავმჯდომარემ პოლიციელს უბანი დაატოვებინა. 

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის, საბირკენდის მე-12 უბანზე „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენლებს მიკროავტობუსით მიჰყავდათ ამომრჩევლები, სავარაუდოდ - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, მათ 5-ჯერ მაინც მოიყვანეს დღის განმავლობაში სხვადასხვა ამომრჩეველი. „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზეც. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტრორინგს  ახორციელებს პროექტით - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მონიტორინგი საქართველოში“. პროექტს მხარს უჭერს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, მონიტორინგის გზით, შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და  შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის  გამჭვირვალობას. 

არჩევნების შემდეგ, საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. მასში დასკვნის სახით შევა რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამის უწყებების მიმართ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები