კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

19 ნოემბერი, 2018
ლანა გიორგიძე

16 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიშის - „მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის“ პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშში ასახულია მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგის ფარგლებში ცენტრმა შეისწავლა შემდეგი საკითხები: როგორია დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა, რა წესით ინიშნებიან პროკურორები და გამომძიებლები, რამდენ და რა კატეგორიის საქმეებს აწარმოებს დეპარტამენტი, როგორ მიმდინარეობს სამართალწარმოებისას მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენისა და იძულებით უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი, როგორია დეპარტამენტში საქმეთა მიღების კრიტერიუმები და განაწილების წესი, რა საფუძვლებით ხდება დადგენილებების მიღება ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ და ა. შ.

„2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებსა და პოლიციის განყოფილებებში ადამიანთა წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა, საკუთრების იძულებით დათმობა და მისი უკანონო ჩამორთმევა წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას და ქვეყნის მართვის სტილს წარმოადგენდა. 2012 წლამდე ჩადენილი მსგავსი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მოქალაქეებმა ათიათასობით საჩივარი შეიტანეს საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ორგანოში, საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში. მოქალაქეები დარღვეული უფლებების აღდგენას და სამართლიანობის დამკვიდრებას მოითხოვდნენ. სიცოცხლის უფლების ხელყოფის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში - „მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით  მომზადდა.

ანგარიშის ავტორის, გიორგი კაკუბავას თქმით, ორგანიზაცია, ზოგადად, დადებითად აფასებს პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას. „ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღების მიღმა არ ტოვებს კონკრეტულ პრობლემებს. პრობლემებია მაგალითად, პროკურატურის საქმიანობის დროით შემოსაზღვრის საკითხი, ვინაიდან ანგარიშში ასახულია, რომ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს იძიებს დეპარტამენტი და 2012 წლის შემდეგ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი არცერთი დანაშაული არ გამოძიებულა“, – განაცხადა გიორგი კაკუბავამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ დეპარტამენტის საქმიანობაში პრობლემურია მთელი რიგი საკითხები, რაც ანგარიშშიც არის ასახული. „რა თქმა უნდა, საზოგადოებაში იყო მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და ეს მოთხოვნა იყო ლეგიტიმური. შესაბამისად, პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნის საკითხიც ამ მოთხოვნის გამოძახილი იყო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დაზარალებულთა უფლებების აღდგენა და სასამართლოს განაჩენების გადასინჯვა, მაგრამ იმ ახალი ცვლილებით, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში შევიდა, ჩნდება ერთგვარი განცდა, რომ პროკურატურამ შეითავსა სასამართლოს ფუნქცია. მათ უწევთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ საქმეზე, რასაც შემდეგ, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგის გარეშე ამტკიცებს სასამართლო. კარგი იქნებოდა, თუ პროკურატურა ეფექტიანად იმუშავებდა იმ ადამიანების გამოვლენაზე, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და შემდგომ დაზარალებულებს ექნებოდათ შესაძლებლობა, ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენებით გადაესინჯათ საკუთარი განაჩენები და ასე წარმართულიყო პროცესი“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

პროკურატურის წარმომადგენლის, კოკა კაციტაძის თქმით, პროკურატურა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ითანამშრომლოს ყველა მხარესთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც სამართლიანობის აღდგენაა.

„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში შემოვიდა ათი ათასობით საჩივარი, სადაც ადამიანები ჩიოდნენ მათი დარღვეული უფლებების თაობაზე და სწორედ ამ საჩივრების გაერთიანება მოხდა კომპლექსურად. 171 დაზარალებულ მოქალაქეს უკვე დაუბრუნდა 49 მილიონი ლარის ღირებულის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე 62 ადამიანის უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯა და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის თანახმად, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი 2015 წლის მარტში დაემატა პროკურატურას, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუ რომელ წლებში ჩადენილ დანაშაულზე მუშაობს დეპარტამენტი, პრაქტიკის თანახმად იგი ამ დროისთვის მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს იძიებს. პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზისა და არსებული პრაქტიკის ანალიზმა, სასამართლო მონიტორინგმა, მოქმედი ადვოკატებისა და დაზარალებულების გამოკითხვამ, ასევე, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენებისა და პროკურორთა მიერ მიღებული დადგენილებების შესწავლამ და გაანალიზებამ, წარმოაჩინა პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის, როგორც დადებითი, ასევე პრობლემური საკითხები.

ახალი ამბები