კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი)

21 ნოემბერი, 2018
 
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი

2015 წლის 8 ნოემბერს, ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, არასრულწლოვანი პირის უფლებების დაცვის მიზნით,  იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში.  ადვოკატმა თავის დაცვის ქვეშ მყოფს დუმილის უფლების გამოყენება ურჩია,  დაცვის ტაქტიკით გაბრაზებულმა პოლიციის განყოფილების უფროსმა, ლაშა კვირკვაიამ გიორგი მდინარაძეზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ცემა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაზე ბრალდებულ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია  დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და გაამართლა ძალადობის განხორციელების ნაწილში. სასამართლომ ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ  მხოლოდ 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.  განაჩენი ძალაში დატოვა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 26 ოქტომბერს ლაშა კვირკვაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე 1 წლით ჩამოართვა საქმიანობის უფლება. განაჩენის გამოცხადების შემდეგ კვირკვაია სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დადებითად აფასებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც კანონის უზენაესობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებიული ბ. კ  თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა პოლიტპატიმარ ბ.კ-ის უფლებებს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განაჩენით  ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ჯაშუშობა. 2018 წლის ივლისში  თბილისის სააპელაციო  სასამართლომ გააუქმა ბ.კ-ის მიმართ 2011 წლის 7 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და საქმეზე  მიიღო ახალი, გამამართლებელი განაჩენი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მორალური ზიანის კომპენსაციის სახით, მსხვერპლის სასარგებლოდ, 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს უფლებებს, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან, 2008-2011 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორ სისხლის სამართლის საქმეში. გ.ჯ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სასარჩელო მოთხოვნა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, მსხვერპლის სასარგებლოდ, 25 000 ლარის გადახდა დააკისრა, მხოლოდ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით. სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2018 წლის ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
 
საქართველოს შსს-ს დაზარალებულის სასარგებლოდ 5000 ლარი დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა  ბ.რ-ს სამართლებრივ ინტერესებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს მიღებული განაჩენით, დაზარალებულად არის ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირის მხრიდან  არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახველ მოპყრობის ფაქტზე. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მსხვერპლის სასარგებლოდ მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურება.
 
2018 წლის აგვისტოს თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტროს მსხვერპლის, ბ.რ-ს სასარგებლოდ,  დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საფუძველზე,  5 000 ლარის გადახდა დააკისრა, მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის შუამდგომლობის საფუძველზე მსჯავრდებული ქალი ბ.რ. პირობით ვადამდე პატიმრობიდან გათავისუფლდა 

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა მსჯავრდებული ქალის ბ.რ-ს უფლებებს, რომელიც  2016 წლიდან სასჯელს იხდიდა №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში. 2018 წელს  ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ბ.რ-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს  ქალ მსჯავრდებულთა საქმეების  განმხილველ ადგილობრივ საბჭოს. წარდგენილი შუამდგომლობის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მიწოდებული ყველა გარემოება და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე  დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მსჯავრდებული ბ.რ პირობით ვადამდე პატიმრობიდან განთავისუფლდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა სამართლებრივი დახმარება გაუწიეს  მოქალაქე ი.თ.-ს, რომელიც დასაქმებული გახლდათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მთავარ სპეციალისტად. ი.თ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ი.თ-მ განცხადებით მიმართა შესაბამის უწყებას, რეაგირება მოეხდინა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში არსებულ კანონსაწინააღმდეგო დარღვევებზე. 

2018 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და დაავალა ი.თ-ს სამსახურში აღდგენის მიზნით საქმის ხელახალი განხილვა. მოწინააღმდეგე მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 

საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად შემოსვლის და  გადაადგილების  კონსტიტუციური  უფლება ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიცვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა საქართველოს მოაქალაქე ვ.ტ-ს სამართლებრივ ინტერესებს, რომელსაც 2018 წლის  10 აპრილიდან გაურკვეველი მიზეზით  შეეზღუდა უფლება, შემოსულიყო სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2018 წლის 6 ივლისს  წერილობით მიმართა საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სახალხო დამცველს.

2018 წლის 10 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით მომართა ადამიანის უფლებათა ცენტრს,  მიღებული წერილით,  2018 წლის 4 აგვისტოს  ვ.ტ  შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აქტიურობით საბოლოო შედეგი დადგა და ვ.ტ-მ შეძლო, მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 დაზარალებული პირის მიმართ 30 000-ისა და 5000 ლარის გადახდა დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა მოქალაქე გ.გ-სა და ჟ.გ-ს სამართლებრივ ინტერესებს, რომლებიც საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილებით, 2013 წლის 22 ივლისს დაზარალებულად იქნენ ცნობილი.  2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას  გ.გ. გახდა ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლი. ძალადობა განხორციელდა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად. 2018  წლის 11 სექტემებერს  თბილისის სააპელაციო  სასამართლომ განიხილა გ.გ-ს  საქმე.   სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა   საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება და შსს დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა გ.გ-ს  სასარგებლოდ, რაც შეეხება ჟ.გ-ს , 20 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟ.გ-ს  სასარგებლოდ დაეკისრა 5000  ლარის გადახდა.

მსჯავრდებული პირის  საპატიმროდან გათავისუფლება 
         
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა მსჯავრდებულ დ.მ-ს უფლებებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიმართვის საფუძველზე, 2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  აღმოსავლეთ საქართველოს  მესამე  ადგილობრივმა  საბჭომ  განმეორებით განიხილა დ. მ -ს საქმე. 
საბჭომ დეტალურად განიხილა  დ.მ-ს  საქმე  თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად  და  დ. მ  გათავისუფლდა   საპატიმროდან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიცვა მესაკუთრის უფლებები საკუთრების უფლების ხელყოფისგან
              
ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისათვის მომართა მოქალაქე ნ.მ-მ,  ადგილი ჰქონდა მისი უძრავი ქონების  მითვისებას. მისი   მეზობელი,  რომელიც არის ყოფილი პოლიციელი,  შეიჭრა მის ბინაში და ცდილობდა მესაკუთრის ბინის მითვისებას. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ფაქტების დადასტურება, განხორციელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლისა და  მხარის მონაწილეობით ფაქტების კონსტატაცია, ასევე საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ორგანიზაციის იურისტმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეს დაევალა საცხოვრებელი ბინის გათავისუფლება მესაკუთრის სასარგებლოდ.

შსს-ს ინიციატივით დაწყებული  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება გორის რაიონულმა სასამართლომ  არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყვიტა
            
2018 წლის 3 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მოთხოვნა და შეწყვიტა სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორის გვანცა დოლუაშვილის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. შსს გვანცა დოლუაშვილს ედავებოდა ტროტუარზე წარწერის გაკეთებას, რომლითაც გამოხატული იქნა პროტესტი დავით სარალიძის მკვლელობის გამოუძიებლობის გამო. ადმინისტრაციული ორგანო ითხოვდა მის სამართალდამრღვევად ცნობას და 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას. საქმეში მტკიცებულებებად წარმოდგენილი იყო სამი პოლიციელის ახსნა-განმარტება. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული ჩვენებები მტკიცებულებად და შეწყვიტა საქმის წარმოება. გვანცა დოლუაშვილის სამართლებრივ ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიას მერის მიერ შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ფაქტის დადგენა დაავალა  
                        
2018 წლის 17 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბექა ქორჩილავას სარჩელი, ბათილად ცნო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილება და დაავალა ამავე კომისიას ახალი გადაწყვეტილებით მერის მიერ შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ფაქტის დადგენა და საკრებულოსთვის მიმართვა შემდგომი რეაგირებისათვის. ბექა ქორჩილავას სამართლებრივ ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის იურისტი იცავდა.

სხვადასხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლისა და კახეთის ოფისის ჩართულობით  წინამდებარე ანგარიშში წარმოადგენილია მსგავსი სამართლებრივი კატეგორიის საქმეების სტატისტიკა და მოკლე აღწერა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი

2018 წლის 26 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი და ო.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და მასთან ერთად ამოღებული საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვაში, მას მიესაჯა ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღით 2017 წლის 11 ივნისს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მ.ჯ. და ნ.ჯ. მოკლეს. მკვლელობის ეპიზოდზე გამოძიება გრძელდება, სადაც დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჯ.ჯ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  გადაწყვეტილების ბათილობა

2018 წლის 19 ივლისს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა თ.გ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი ნაწილობრივ და ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება საქმეში მესამე პირად ჩაბმული დ.ტ.-ს საკუთრების რეგისტრაციის ნაწილში. თ.გ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.

შპს „სვეტი დეველოპმენტს“ დაზარალებულის სასარგებლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება დაეკისრა 

2018 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სამშენებლო კომპანია შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დაზარალებულის ე.ა.-ს სარჩელი ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე. შპს „სვეტი დეველოპმენტს“ დაეკისრა ე.ა.-ს მიერ გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება. დაზარალებულის სამართლებრივ ინტერესს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის  იურისტი იცავდა.

მორიგებით დასრულდა მშობლებს შორის დავა ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ განიხილა მ.შ-ს სარჩელი ყოფილი მეუღლის, ი.გ-ს მიმართ შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით. მოსარჩელეს, ბავშვის დედასთან განქორწინების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, არ ჰქონდა შვილთან კონტაქტი. მოპასუხის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის იურისტი იცავდა. ბავშვის საუკეთესო ინტერესის, გათვალისწინებით მხარეები მორიგდნენ. 

პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

ადამიანის უფლებათა ცენტრის  კახეთის ოფისის 3 საქმე შეეხებოდა პირის მხარდაჭერის სტატუსის მიღებას. პენსიის დანიშვნის საკითხი შეჩერებული იყო იმ მიზეზით, რომ დაინტერესებულ პირს არ ჰყავდა დანიშნული მხარდამჭერი, მეორე შემთხვევა უკავშირდებოდა   მოძრავი ქონების გაყიდვის სფეროში პირის მხარდაჭერის მიღებად ცნობას, მესამე საქმეზე სასამართლომ დააკმაყოფილა მშობლის მოთხოვნა  შვილის, შშმ პირის  მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.

იურიდიული ფაქტის დადგენა

2 საქმე უკავშირდებოდა იურიდიული ფაქტის დადგენას. ორივე შემთხვევა საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში დაინტერესებული პირების  სახელისა და მამის სახელის  დაზუსტებას შეეხებოდა.

პირის თანამესაკუთრედ ცნობა

1 საქმე უკავშირდებოდა თანამესაკუთრედ ცნობას. 2018 წლის 6 ივლისს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც  მეუღლე ითხოვდა ოჯახის წევრების საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლებას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრები თანამესაკუთრედ იქნენ ცნობილნი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები