კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გორში

30 ნოემბერი, 2018
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის №32 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 105 უბნის მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, არჩევნებში მისული ამომრჩევლების ხმების 38.01 % (25 288 ხმა) მიიღო, ხოლო ,,ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 61.99% (41 244 ხმა) მიიღო. გორის №32 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურის შედეგებით კი  გრიგოლ ვაშაძე 4 000 ხმით წინ იყო სალომე ზურაბიშვილზე. აღნიშნული მაჩვენებლის შეცვლა ამომრჩეველთა განსაკუთრებულმა აქტივობამ განაპირობა, რომელიც მეორე ტურში 61% იყო. 

საარჩევნო პროცესი საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს კოორდინატორების დერეფანში გავლა უწევდათ. კოორდინატორები მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მათი ერთი ნაწილი ამომრჩევლების მობილიზებას ახდენდა, ხოლო მეორე ნაწილი სპეციალურ სიებში, სადაც ამომრჩევლების ფოტოსურათი და პირადი მონაცემები იყო, ინიშნავდნენ ამომრჩევლების მისვლას. ოპოზიციის შეფასებით ამ სიებით ხდებოდა ხმების ფარულობის დარღვევა, რადგან კოორდინატორებმა წინასწარ იცოდნენ უბანზე მისული ამომრჩეველი თუ ვის აძლევდა ხმას და  სიების ერთ-ერთ გრაფაში მინაწერს აწარმოებდნენ. 

,,თუ ქართული ოცნების ამომრჩეველი მივიდოდა საარჩევნო უბანზე, მობილიზებული კოორდინატორები სიაში მის პირადი მონცემების გვერდით მიაწერდნენ 48, ხოლო თუ ოპოზიციის 5-ით აღნიშნავდნენ, ეს არჩევნების ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველზე ზემოქმედების არჩევნები იყო", -აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მედეა აბაშიძე.

ქართული ოცნების კოორდინატორების სიები ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააცნეს. მათი თქმით სიები ,,ქართული ოცნების" კოორდინატორებისგან ჩაუვარდათ ხელში, სადაც თანხებიც იყო მითითებული.
„საარჩევნო უბანთან იყვნენ ქართული ოცნების კოორდინატორები მობილიზებულები აღნიშნული სიებით, ჩვენი გამოჩენისთანავე დაიშლანენ და სიები დატოვეს, ამ სიებში იყო ამომრჩევლების ფოტოსურათები პირადი ინფორმაციით, გრაფაში იყო პირადობის მოწმობის   და მობილური ტელეფონის ნომრები მითითებული, ასევე, ერთ-ერთ გრაფაში იყო თანხებიც მონიშნული, რაც ამომრჩევლებს გადაუხადეს", - აცხადებს ოთარ კვირიკაშვილი.

არჩევნების დღეს სალომე ზურაბიშვილის გორის შტაბში იმყოფებოდა ,,ქართული ოცნებიდან" პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი. მისი განცხადებით კოორდინატორები კანონს არ არღვევენ, რადგან ისინი საარჩევნო უბნის გარეთ დგანან, რაც შეეხება სიებს და მასზე გაკეთებულ მინაწერებს, ოხანაშვილი ამბობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გააკეთეს აღნიშნული მინაწერები.
,,ნაციონალური მოძრაობის წევრები ახდენდნენ პროვოცირებას, მათ ჩვენს აგიტატორებს გამოსტაცეს სიები, რაც თითქოს მათ მოიპოვეს. ეს არის სიცრუე და ფაქტების დამახინჯება, რადგან მათ გააკეთეს ის მინაწერი, სადაც თანხები იყო აღნიშნული", -განაცხადა ოხანაშვილმა. 

გრიგოლ ვაშაძის შტაბში აღნიშნავდნენ, რომ ,,ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის მობილიზებაში კრიმინალური ავტორიტეტები ჰყავდა ჩართული, რომლებიც საარჩევნო უბნებთან იდგნენ და ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებას ახდენდნენ.   

გორის 32-ე ოლქში, 1948  ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა, რამაც არჩევნებში მისული ამომრჩევლების რაოდენობის 2.84%  შეადგინა. №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ორი საჩივარი შევიდა, რომელიც საარჩევნო უბნებზე კომისიის წარმომადგენლების მხრიდან პროცედურების დარღვევას ეხებოდა. 

ახალი ამბები