კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

30 ნოემბერი, 2018
ლანა გიორგიძე 

28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა -    40.46%, (779 614 ხმა) ხოლო ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა  ხმათა   59.54%  (1 147 106  ხმა) მოიპოვა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი და ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ხმათა 10 %-ზე მეტი დააგროვეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარს მიიღებენ.

აღნიშნული დაფინანსება „საარჩევნო კოდექსის“ 56-ე მუხლითაა გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც, მილიონ ლარს იღებს ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 10 %-იან ბარიერს გადალახავს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს, ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რეგისტრირებულმა გრიგოლ ვაშაძემ 37,74 %, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 10,97 % მიიღო.

„აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად.  საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს“, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე  გააცნო ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით, 29 ნოემბრის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით  307 საჩივარია შესული. 

„საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. საჩივრების  უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა. არის ერთეული საჩივრები, რომლებიც უკავშირდება უბნის შედეგებს. ყველა საჩივარზე საარჩევნო კომისიებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა მიქელაძემ.

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, „საარჩევნო უბნების მიმდებარედ მასობრივი სახე ჰქონდა „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა.

საარჩევნო უბნების დახურვის მოახლოებასთან ერთად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაფიქსირა ცალკეული სერიოზული ინციდენტები, როგორიცაა ამომრჩეველთა სამაგიდო სიის დაკარგვა, საარჩევნო უბანზე უცხო პირთა შეჭრა და ყუთის გატაცების მცდელობა.სხვა დარღვევები უკავშირდებოდა საარჩევნო პროცედურების ხარვეზებით წარმართვას. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო კომისიებში წარადგინა 46 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 54 საჩივარი“,- ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს აფასებს და აცხადებს,  რომ კენჭისყრის დღე, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, დაფიქსირდა არსებითი დარღვევები და მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და მუქარის ფაქტები, ასევე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ამომრჩევლის ნების კონტროლის შემთხვევები.

საია-ს განცხადებით, მათ დამკვირვებლებს ცალკეულ უბნებზე დამკვირვებლის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა შეეზღუდათ, დაფიქსირდა მათ მიმართ აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარის ფაქტები, როგორც ხმის მიცემის პროცესში, ასევე შედეგების შეჯამებისას.

საპრეზიდენტო არჩევნებს უნდობლობას უცხადებს ერთ-ერთი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმათა 37,74 % დააგროვა.

„საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს. არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს", - ამის შესახებ გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა 29 ნოემბერს განაცხადა, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, თბილისის ფილარმონიაში.

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათ არ ჰყავთ პრეზიდენტი და მათთან მორალური და პოლიტიკური ვალდებულება არ აქვთ. „რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანონ პრეზიდენტის სასახლეში, ის პრეზიდენტი არ იქნება და ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

საქართველოში არჩევნები ამ სტანდარტით მეტი აღარ უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 29 ნოემბერს, ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქარველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა საქმის გადაბარების საკითხზე.
„ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.

ახალი ამბები