კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეცენტრალიზაციის პროექტის განხილვა გორში

29 იანვარი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული    დეცენტრალიზაციის 2019-2025 წლების სტრატეგიული გეგმის განხილვა საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდას, ფინანსური დეცენტრალიზაციისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფას ითვალისწინებს. სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან შენიშვნები აქვთ ექსპერტებს. მათი თქმით, დოკუმენტი რიგ პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში ბუნდოვანია და მათ მკაფიო მესიჯებით და მოთხოვნებით საპასუხო კამპანია დაიწყეს: ,,უთხარი კი დეცენტრალიზაციას", ,,სახელმწიფო ქონება თვითმმართველობებს" და  ,,თვითმმართველობის დროა".

რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიული გეგმის ავტორები და თვითმმართველობის ექსპერტები რეგიონებში ერთობლივ შეხვედრებს ატარებენ. საინფორმაციო შეხვედრა 22 დეკემბერს გორში გაიმართა, რომელსაც რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის პირველადი ვერსიის განხილვა მოხდა.

თუ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის  მერები მეტ უფლებებს მეტი შესაძლებლობისთვის ითხოვდნენ, მათგან განსხვავებით  შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის მერები დეცენტრალიზაციის სტრატეგიული დოკუმენტის განხილვას უსიტყვოდ ისმენდნენ.  შეხვედრაზე, ძირითადად, კამათი თვითმმართველობის ექსპერტებსა და სტრატეგიის ავტორებს შორის მიმდინარეობდა.

,,დღეს ვიხილავთ იმ საკითხებს, რომელიც 2013 წლის კანონით უკვე გადაწყვეტილია: ქონების გადაცემას, საშემოსავლოს გაყოფასა და ბუნებრივი რესურსების გადაცემას, ეს ყველაფერი კანონით არის გაწერილი, რომ 2016 წელს უნდა მომხდარიყო და 2019 წელს ვიხილავთ ისევ თავიდან. ის, რაც 2013 წელს მიღებული კანონით იყო გადაწყვეტილი 2025 წლის სტრატეგიაშიც არ აისახება. ზეპირსიტყვიერად ყველა გვეუბნება, მართლები ხართ, სწორია, უნდა მოხდეს ქონების გადაცემა, როდესაც ვეუბნებით ჩანაწერი მკაფიოდ იყოს გარანტირებული, ეს არ ჩანს", - აცხადებს თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი.  

 ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის თქმით, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდას, ფინანსურ დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტური მექანიზმების დანერგვას. მინისტრის მოადგილე დეცენტრალიზაციის 2019-2025 წლების  სტრატეგიის სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს.

,,დეცენტრალიზაციის 2019-2025 წლების ძირითადი სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ადგილზე არსებული უფლებამოსილების განხორციელებას, ფისკალურ დეცენტრალიზაციას, რომელიც ასევე ქონებასაც მოიცავს და მესამე გახლავთ ის მიმართულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე განვითარებისათვის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უშუალო ჩართულობით დამატებით გადაწყვეტილების და გამჭირვალობის მიღწევის თვალსაზრისით", -განაცხდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერი ერთადერთი იყო შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან, რომელმაც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია მისთვის მისაღებია და ამ ეტაპზე კრიტიკული შენიშვნები არ აქვს.
,,ამ სტრატეგიით უფრო მეტი დელეგირების უფლება გვექნება თვითმმართველობებს და რეალური დეცენტრალიზაცია მოხდება.  უკვე გადმოგვეცა სკოლები, რომელსაც ასევე თანხა მოჰყვა და მუნიციპალიტეტს არ დაგვაწვა მძიმე ტვირთად შენობების მოვლა-პატრონობა. ეს ინიციატივა ცენტრალური ხელისუფლებისგან წამოვიდა, რათა უფრო გაძლიერდეს თვითმმართველობა" , - აღნიშნა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გორის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე ამბობს, რომ სტრატეგია აღნიშნული ფორმით რეალურ თვითმმართველობას ვერ უზრუნველყოფს და კვლავ ცენტრალურ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობა. 

,,ძალიან მეეჭვება, რომ ამ სტრატეგიამ რეალური შედეგი გამოიღოს. რაღაცები შეიძლება, წინ წავიდეს მაგრამ ეს არ იქნება რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი და ვერ უზრუნველყოფს გამართულ თვითმმართველობის სიტემის აწყობას. რეფორმაში ძირითადი კომპონენტები არ არის გათვალისწინებული და არ განიხილავენ, იგივე ტერიტორიული მოწყობა იქნება თუ ინსტიტუციურად პოლიტიკური ზეგავლენის შემცირება თვითმმართველობაზე", - აცხადებს ჩიტაძე.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში არ განიხილება 2017 წელს შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის  აღდგენის საკითხი. 2014 წელს გაყოფილ და 2017 წელს გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებს შორის შვიდიდან  ერთი გორის მუნიციპალიტეტიც იყო. ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია არის ის, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფის რეფორმამ ვერ გაამართლა.

ახალი ამბები