კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლომ გორის მერიას 14 000 ლარის გადახდა დააკისრა

18 თებერვალი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

13 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუჯაბიძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე ვალიაურის  საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელიც 2015 წელს მის კულტურის ცენტრის დირექტორობიდან უკანონოდ გათავისუფლებას  ეხებოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გორის მერიას ვალიაურისთვის 12 თვის კომპენსაცია დაეკისრა, რომელიც 14 000 ლარს შეადგენს. მოსამართლემ ვალიაურს დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა, ამის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელა, რომ რეორგანიზაციის შედეგად მუნიციპალური ა(ა)იპ-ების გამსხვილება მოხდა და დღევანდელი კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობა არ არის ტოლფასი 2015 წლის მდგომარეობის, რომელიც ვალიაურს ეკავა. 

მოსამართლე გუჯაბიძემ გორის მერიის მიერ პროკურატურაში ალექსანდრე ვალიაურის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზეც გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ საქმე ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტებს არის მოკლებული და წარდგენილი საქმის მასალებით ვალიაურს რაიმე სახის დანაშაული არ უმტკიცდება.

მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ორივე მხარისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ  სრულად არ გაიზიარა ალექსანდრე ვალიაურის და მისი ინტერესების დამცველი ,,საია"-ს იურისტების მოთხოვნები, ვალიაური ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება  პრეცედენტული იქნება ქართული მართლმსაჯულებისთვის. 

,,ეს არის ერთ-ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ვხედავთ, რომ მოსამართლემ იზრუნა ადამიანის უფლებებზე, რათა მომავალში აღარ მოხდეს სახელმწიფო უწყებებიდან უფლებების დარღვევა. ასევე მნიშვნელოვანია მოსამართლის გადაწყვეტილება გორის მერიის მიერ ჩემ წინააღმდეგ პროკურატურისთვის გადაცემულ საქმეზე, სადაც არანაირი მტკიცებულება არ იყო და ის მხოლოდ ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის იყო გამიზნული, რაც არ გამოუვიდათ“,- აცხადებს ალექსანდრე ვალიაური humanrights.ge-თან საუბარში. 
გორის მერიის იურისტის, გიორგი ბატონისაშვილის განცხადებით, საქმის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას  მერია მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო  ნაწილის ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტს.

ალექსანდრე ვალიაური გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა,  2015 წლის 19 ოქტომბერს, იმ დროს გაათავისუფლა, როდესაც ქალაქში კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი მიმდინარეობდა. ალექსანდრე ვალიაური მის გათავისუფლებაში მაშინდელ მხარის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის ინტერესზე საუბრობდა და აცხადებდა რომ გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა, გუბერნატორის ზეწოლის შედეგად მოაწერა ხელის მის გათავისუფლების ბრძანებას.
ამ ბრალდებების საპასუხოდ მერიამ  შიდა აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა და ალექსანდრე ვალიაურის მხრიდან დარღვევებზე ისაუბრა. შიდა აუდიტის დასკვნით, მოგვიანებით, მერიამ პროკურატურას მიმართა, პროკურატურამ კი -ფინანსურ პოლიციას.  ფინანსური პოლიციის საგამოძიებო განყოფილებაში ვალიაური რამდენჯერმე დაიბარეს,  გამოძიების შედეგი ამ დროისთვის უცნობია, ასევე უცნობია, დაიხურა თუ არა საქმე.
მერიის საპასუხოდ ალექსანდრე ვალიაურმა გორის რაიონულ სასამართლოს გორის მერის წინააღმდეგ მიმართა, სადაც ვალიაური გორის მერის უკანონო ბრძანების გაუქმებას და მის სამსახურში აღდგენას ითხოვდა. გორის რაიონულ სასამართლოში ვალიაურის საქმეზე 16 სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის განხილვა დაიწყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა, გააგრძელა - მოსამართლე შორენა წიქარიძემ დაბოლოს, საქმე მოსამართლე მაია კუთხაშვილს გადეცა, რომელმაც გადაწყვეტილება გამოაცხადა და მხოლოდ ორთვიანი კომპენსაცია დააკისრა გორის მერიას. 

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვალიაურმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შესაგებებელ სარჩელში მერია გორის რაიონული სასამართლოს მიერ დაკისრებული ორთვიანი კომპენსაციის გაუქმებასაც ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუჯაბიძემ მერიას არც ორთვიანი კომპენსაციის მოთხოვნის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა, ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გორის მუნიციპალიტეტის მერიას,  ალექსანდრე ვალიაურის სასრგებლოდ, დამატებით კიდევ 12 თვიანი კომპენსაცია დააკისრა,  ჯამში 14 000 ლარის ოდენობით.

ახალი ამბები