კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლიბიაში გარდაცვლილ 23 წლის მეზღვაურს კვირის ბოლოს გადმოასვენებენ

28 თებერვალი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ლიბიაში ნაოსნობისას გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის, ცხედრის გადმოსვენების პროცესი დაიწყო. ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ყველა ეტაპი დაასრულა და ქართულ მხარეს გადმოსვენების ნებართვა შესაბამისი აქტით დაუდასტურა. 23 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა, 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს.

დავით რაზმაძის ოჯახი გორში ცხოვრობს, გარდაცვლილი მეზღვაურის ბებიის მედეა ცეცხლაძის თქმით, ექსპერტიზის პასუხებით, რომელიც არაბულ ენაზეა მოსული, ირკვევა, რომ რაზმაძე გემშივეა მოკლული. სავარაუდო ეჭვმიტანილი  გამოძიებას უკვე ჰყავს, თუმცა რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მედეა ცეცხლაძის განმარტებით, ამის შესახებ ლიბიის პროკურატურიდან მოსულ წერილში არაფერია ნათქვამი.

,,ექპერტიზის დასკვნის შესახებ არაბულ ენაზე მოვიდა შეტყობინება, რომ ნამდვილად მოკლულია. ეჭვმიტანილი ჰყავს გამოძიებას, თუმცა ვინ არის, ამის შესახებ ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია", - ამბობს დავით რაზმაძის ბებია, მედეა ცეცხლაძე.  

გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას, გადმოსვენების შემდეგ, საქართველოშიც გეგმავს.

შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ლიბიაში, გარდაცვლილი გორელი ახალგაზრდის ცხედრის გადმოსვენება, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მოხდება.

,,მომხდარზე ინფორმაციის მიღების დღიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს. აღნიშნულ საკითხზე მუდმივ კომუნიკაციაში ვარ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გადმოსვენება დღეს იწყება და კვირის ბოლომდე ცხედარი საქართველოში იქნება. ლიბიის პროკურატურამ ცხედრის გადმოცემაზე თანხმობა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუმცა, საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების შესაბამისი აქტით დადასტურება, რომელიც უკვე გამოიცა“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 დავით რაზმაძე კონტრაქტით უკვე მეოთხედ იმყოფებოდა  გემზე. ამჯერად იგი ორი თვის წასული იყო. მეზღვაურის ოჯახის წევრების განცხადებით, გემის მარშრუტი  სტამბულის გავლით ოდესაში უნდა შესრულებულიყო, თუმცა როგორ აღმოჩნდა  გემი ლიბიაში, ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

ახალი ამბები