15:31, Tuesday, 25.06.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (2018 წ. ნოემბერი, დეკემბერი და 2019 წ. იანვარი, თებერვალი)

13.03.2019

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

2018 წლის 14 დეკემბერს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2017 წლის 30 მაისს მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი #1229 - ხ.ყ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  სრულად დააკმაყოფილა და სადავო ნორმები, სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვად მიიჩნია, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 

 კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნებოდა შემდეგს: სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, სასამართლოში არ საჩივრდებოდა პროკურორის დადგენილება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმისა და ამავე კატეგორიის დანაშაულით დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ. აღნიშნული წესი ეწინააღმდეგებოდა პირის უფლებას, სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაიცვას თავისი უფლებები. ამასთანავე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს შეეძლოთ პროკურორის დადგენილების პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრება. ამგვარი წესი უთანასწოროდ ეპყრობოდა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებულ პირებს და არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი და, მეორე მხრივ, ამ ურთიერთობაში დისკრიმინაციისაგან დაცვის საჭიროება აღემატებოდა სადავო ნორმით დაცულ სიკეთეს - სასამართლოს გადატვირთვის პრევენციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლომ ბათილად ცნო პირობით ვადამდე გათავისუფლების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილება

2018 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს  ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულ ზ. ჯ.-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება.
 
2018 წლის ივნისის თვეში პირობით ვადამდე განმხილველი აღმოსავლეთ ადგილობრივი საბჭოს სხდომაზე მსჯავრდებული პირის ზ.ჯ.-ს მოსმენის გარეშე განიხილეს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. ასეთი პროცედურული დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ზ.ჯ.-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო მსჯავრდებულის უფლებების დარღვევის საფუძველზე, პროცედურული დარღვევებით მიღებული გადაწყვეტილება და პირობით ვადამდე გათავისუფლების განმხილველ საბჭოს საქმის ხელახალი განხილვა დაავალა. 

შსს-ს, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა 
 
2018 წლის ნოემბრის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მ.გ.-ს სასარგებლოდ   მორალური ზიანის ანაზღაურება  -  5 000 ლარის ოდენობით - დაეკისრა.

2011 წლის  26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლისას, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად, მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანის გამო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მ.გ. 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით დაზარალებულად ცნო. მ.გ.-ს სამართლებრივ ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 

დევნილმა მიუღებელი შემწეობის სახით 1 843 ლარი მიიღო

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად. 2018 წლის დეკემბრის თვეში დევნილის სტატუსის მქონე ბ.ხ.-მ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მიუღებელი შემწეობის სახით  1 843 ლარის ოდენობის თანხა მიიღო. 

საქმეზე 2017 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ   სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გასაჩივრებული სააპელაციო საჩივარი. შედეგად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს  გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  ბათილად იქნა ცნობილი დევნილთა სამინისტროს მიერ მიღებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი და სამინისტროს დაეკისრა ბ.ხ.-სთვის 1 843 ლარის გადახდა,  მიუღებელი შემწეობის სახით. 
 
2018 წლის დეკემბრის თვეში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა  სასამართლომაც. რის შემდეგაც დევნილის სტატუსის მქონე ბ.ხ.-მ, მიუღებელი შემწეობის სახით, 1 843 ლარი მიიღო. 

სასამართლომ სასაზღვრო პოლიციას მოქალაქის სამსახურში აღდგენა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაავალა

2018 წლის ნოემბრის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის აქტები მოსარჩელის, ნ.გ-ს კადრების განკარგულებაში აყვანისა და შემდგომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 

ნ.გ. 2009 წლიდან დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მთავარ სპეციალისტად. 2018 წლის  იანვარის თვეში ნ. გ. უკანონოდ  გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასაზღვრო პოლიციას დაავალა ნ.გ-ს სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის სახით სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.

თბილისის მერია 1000 ლარით დაჯარიმდა

2019 წლის იანვრის თვეში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თბილისის მერია 1000 ლარით დააჯარიმა.
 
2018 წლის 11 ნოემბერს, თბილისის მერიამ შვილმოკლული მამების - ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციისა და პარლამენტთან ნაძვის ხის განთავსების შესახებ განმარტებასთან ერთად ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები გაავრცელა. კერძოდ, სარალიძის საცხოვრებელი მისამართი, მისი ტელეფონის ნომერი და ხელმოწერა.

ამ დარღვევასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. საკითხის შესწავლის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებულმა ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიაციის განვითარების სააგენტომ“ დაარღვია „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ საართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი და 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურს  უბრუნდებიან

2019 წლის თებერვლის თვეში, ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლიდან გათავისუფლებული ათეულობით თანამშრომლიდან 4 მოსარჩელე, მორიგების გზით, აღდგენილია დაკავებულ თანამდებობაზე, რაზეც მიღებულია სასამართლო განჩინება. 1 მოსარჩელე, მხარესთან მორიგების გზით, დაკმაყოფილდა მის მიერ დასახელებული ფულადი კომპენსაციით. ხოლო 5 საქმეზე მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და 1 წლის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის სახით დაკისრების თაობაზე.

გასულ წელს, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ათობით თანამშრომელი განთავისუფლდა, რომლებიც მაუწყებელში დასაქმებული იყვნენ განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.უკანონოდ განთავისუფლებული პირების უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა მიმართეს სასამართლოს დასაქმებულთა შრომითი უფლებების აღდგენის მოთხოვნით. ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული 20 მუშაკის ინტერესებს წარმოადგენს.

შსს-ს 5000 ლარის გადახდა დაეკისრა

2018 წლის დეკემბრის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო  სასამართლოს მიერ 2018 წლის 18 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს   ბ. რ.-ს,  არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის, სასარგებლოდ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით  5 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

პენიტენციურ დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის,  ბ.რ.-ს სამართლებრივ ინტერესებს სასამართლოს ორივე ინსტანციაში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 

სასამართლომ ბათილად ცნო პოლიციის მიერ გ.ა.-სთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითარი

2019 წლის 20 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გ.ა.-ს ადმინისტრაციული საჩივარი საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა 2018 წლის 27 სექტემბერს ავტომობილით გადაადგილებისას გააჩერეს გ.ა. და შუქნიშნის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის გამოუწერეს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. მიუხედავად იმისა, რომ პირს არ დაურღვევია მოძრაობის წესები, ის მაინც ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რამაც მისი პროტესტი გამოიწვია და პატრულის ეკიპაჟთან შელაპარაკების შემდეგ იგი დააკავეს.

 გ.ა.-მ აღნიშნული გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში, მაგრამ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გ.ა.-მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა როგორც საჯარიმო ქვითრის, ისე საჩივარზე უარის თქმის თაობაზე ზემდგომი ორგანოს გადაწყევტილების გაუქმება. სხდომაზე დაკითხულმა პოლიციელებმა განმარტეს, რომ მათ უშუალოდ არ დაუნახავთ რა ფერზე გაიარა მძღოლმა, მაგრამ ივარაუდეს, რომ იგი წითელზე გაივლიდა. 

27 თბერვალს, გ.ა. ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში, თუმცა მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა სასამართლომ ბათილად ცნო და შეაფასა არაპროპორციულად და დაუშვებლად. სასამართლომ ასევე ბათილად ცნო საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. სასამართლოში გ.ა.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისი იცავდა.

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლებით აღკვეთა მიესაჯა

2018 წლის 22 ნოემბერს სასამართლოში დასრულდა მ.კ.-ის საქმის განხილვა ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით. დაზარალებულის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი იცავდა. 
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ხოლო ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. სასჯელის სახედ და ზომად მ.ხ.-ს მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

2018 წლის 17 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მომართა კასპში მცხოვრებმა მ.კ.-მ. მისი მეუღლე დაკავებულია ოჯახში ძალადობის ბრალდებით. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის ადვოკატი და დედა ცდილობდნენ, ჩვენება შეეცვალა დაზარალებულს და ამ მიზნით მიმართავდნენ სხვადასხვა საშუალებას: ჰპირდებოდნენ ბინის გადაფორმებას, ზემოქმედებდნენ არასრულწლოვან ბავშვებზე და ა.შ. 

ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი ბავშვის საქმეში პირი დამნაშავედ ცნეს

2018 წლის 21 დეკემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის საქმეში დამნაშავედ ცნო ი.კ. და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. 

2018 წლის 6 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მომართა კასპში მცხოვრებმა ნ.გ.-მ. მისი განმარტებით, 2018 წლის იანვრის თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი დაეჯახა ქვეითად მიმავალ  მის არასრულწლოვან შვილს. შემთხვევის შედეგად ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნ.გ.-ს ინფორმაციით, გამოძიება არ წარიმართა სრულად და ობიექტურად. გასული წლის დეკემბრის თვეში კი, გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ი.კ. დამნაშავედ იქნა ცნობილი.  
                      
სხვადასხვა

ანგარიშის ამ ნაწილში წარმოადგენილია მსგავსი სამართლებრივი კატეგორიის საქმეების სტატისტიკა და მოკლე აღწერა.

 ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ადამიანის უფლებათა ცენტრის ჩართულობის შედეგად, მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვისა და მოკლული გ.ს.-ს საქმეებზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ.

 ნოემბრის თვეში ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, მიხეილ ჩოხელს ბრალი წაუყენა და აღკვეთი ღონისძიება შეუფარდა, ხოლო ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 

 2019 წლის 27 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა თ.ა.-ს სარჩელი მესამე პირის ვალდებულების გამო მისი დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე. 

 2018 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ  ძალაში დატოვა თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა ეკომიგრანტ მ.მ.-ის საჩივარი და დაევალა სამინისტროს, ახლადაღმოჩენილი გარემოების საფუძველზე, ხელახლა განიხილოს მისი, როგორც ეკომიგრანტის, განცხადება საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე. 

 2019 წლის 1 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც გაუქმდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ც.ტ.-სთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. მინისტრს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ბრძანება.
 
 2019 წლის 24 იანვარს დაკმაყოფილდა ტ.მ.-ს განცხადება და საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა მისი საკუთრების უფლება განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე. ტ.მ.-ს უარს ეუბნებოდნენ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, იმ მოტივით, რომ უძრავი ქონება, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვდა უკვე იყო სხვა პირის მიერ რეგისტრირებული. ბანკთან და მეზობლებთან თანამშრომლობითა და შეთანხმებით აღნიშნული დავა გადაწყდა. კერძოდ, მხარეებმა შეიტანეს ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში და  ტ.მ.-ს ქონებაზე არსებული არასწორი რეგისტრაცია გაუქმდა.

 გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დააკმაყოფილა ლ.ტ. და მისი არასრულწლოვანი შვილები სოციალური საცხოვრებლით. გორის მერიაში ლ.ტ.-ს, სხვადასხვა საფუძვლით, უარს უცხადებდნენ აღნიშნულ მოთხოვნაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩაერთო საქმეში, ლ.ტ.-ს მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა.

 2019 წლის 11 იანვარს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე თ.ნ.-ს სარჩელი მოპასუხე მ.ნ.-ს მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. შესაბამისად, მ.ნ.-ს აეკრძალა ხელშეშლა და დაევალა უკანონოდ დაკავებული ქონების თ.ნ.-სთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. 

 თბილისის სააპელაციო სასამრთლომ,  2019 წლის იანვრის თვეში, განიხილა დ.გ.-ს საქმე, რომელსაც ქონების მართვის სააგენტო და სერვისების განვითარების სააგენტო უარს ეუბნებოდა ქონების რეგისტრაციაზე.  სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ქონების მართვის სააგენტოსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ბრძანებები.

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე ლ.ტ-ს ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის ა.ჩ.-ს მიმართ. სასამართლომ ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ. სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ლ.ტ.-ს განცხადება.
 გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მორიგებით დასრულდა ე.ს.-სა და მის მეუღლეს შორის დავა, ქორწინების შეწყვეტის, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მამის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში. მხარეებს შორის გაფორმდა მორიგება, რომლითაც პირველ რიგში გათვალისწინებული იქნა ბავშვების საუკეთესო ინტერესები.

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ნ.ბ.-ს სარჩელი დ.ჯ.-ს მიმართ ორ შვილისთვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე. 

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 6 ნოემბერს ნ.ბ.-ს  სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მისი მეუღლის, დ.ჯ.-სა და მეუღლის დის, ა.ჯ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ნ. ბ. ცნობილი იქნა ბინის ¼-ის თანამესაკუთრედ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 




Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC