07:41, Tuesday, 19.03.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

Web Portal on Human Rights in Georgia

Go
Advanced Search

პლატფორმა 'არა-ფობიას!' შემავალი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივები დისკრიმინაციულია

14.03.2019

 
გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ რამდენიმე ინიციატივას და პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ კომენტარებს კანონპროექტებთან დაკავშირებით. საგანგაშოა არამხოლოდ ამ ინიციატივების დისკრიმინაციული ხასიათი, არამედ ის ფაქტი, რომ ამგვარი კანონპროექტების ავტორებად პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები გვევლინებიან.

საქმე ეხება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, რომელიც ახლებურად აწესრიგებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას. კანონპროექტი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ჩანაწერს, რომლშიც მითითებულია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხოელთა საკუთრებაში შესაძლოა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყოს, რაც ორგანული კანონით უნდა დარეგულირდეს.  აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შეიცავს დისკრიმინაციულ დებულებებს, რომელსაც ქსენოფობიური მოტივები უდევს საფუძვლად. კერძოდ კანონპროექტით გათვალისწინებულია უცხოელების მიერ მიწის ფლობის მხოლოდ ძალიან ვიწრო შემთხვევათა წრე (ფიზიკური პირის შემთხვევაში მხოლოდ მემკვიდრეობით გადაცემა, იურიდიული პირის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, როდესაც უცხოელები არ წარმოადგენენ დომინანტ პარტნიორებს), რომელსაც თან ახლავს კონკრეტული ვალდებულებები მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენებასთან დაკავშირებით. მათი შეუსრულებლობა კი იწვევს სანქციების დაკისრებას და საკუთრების უფლების დაკარგვას. ამგვარი ვალდებულებები და შესაბამისი პასუხისმგებლობა მხოლოდ უცხოელებთან მიმართებით არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მიწის არარაციონალურად გამოყენების საფრთხეები შესაძლოა თანაბრად არსებობდეს დამოუკიდებლად იმისა იგი უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაშია თუ საქართველოს მოქალაქის. აქვე აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები საკუთარ შენიშვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა კანონპროექტის ავტორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, ოთარ დანელიამ. რომელმაც კანონპროექტით გათვალისწინებული გამონაკლისი - უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მიერ მიწის მემკვიდრეობის გზით მიღების შემთხვევები კიდევ უფრო მეტად დაავიწროვა და განაცხადა, რომ აღნიშნული გამონაკლისი მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს ეხებათ. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება ეთნონაციონალური მოტივებით არის ნაკარნახევი და ამავდროულად ეწინააღმდეგება თანამედროვე დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, რომელიც არ ადგენს პრივილიგირებულ, იერარქიულ დამოკიდებულებას უცხო ქვეყნისა და ამავე ქვეყნის მოქალაქეებს შორის. მიუხედავად საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში განხორციელებული ცვლილებისა (საკუთრების უფლების სუბიექტებთან დაკავშირებით) მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სახელმწიფოებს აქვთ ისეთივე ვალდებულება უზრუნველყონ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა მათ ტერიტორიაზე, როგორც საკუთარი მოქალაქეების მიერ (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც მეტწილად პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებთან არის დაკავშირებული). ის, რომ სახელმწიფოს ყველა ადამიანის უფლების აღიარებისა და დაცვის ვალდებულება აქვს (განურჩევლად მოქალაქეობისა) კარგად ჩანს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, რომელშიც მითითებულია: „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.“ „საქართველოს კონსტიტუცია არ შემოიფარგლება მხოლოდ თავისი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების აღიარებით, კონსტიტუციის დაცვის ობიექტს ყოველი ადამიანის წარმოადგენს“- აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეობის ფაქტს აკავშირებს კონკრეტულ ეთნოსს - ქართველობას, რითაც ფაქტობრივად დემონსტრირებას ახდენს საზოგადოებაში ღრმადგამჯდარი იმ სტეროტიპისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში სრულფასოვან მოქალაქეებად მხოლოდ ეთნიკურად ქართველები განიხილებიან. 

შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტში შესული კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის ავტორიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილია. მისი შემოთავაზებით უნდა გაუქმდეს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების შესაძლებლობას აძლევს მღვდელმსახურებს. თუმცა აღნიშნული  არ შეეხებათ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს, რომლებსაც იგივე უფლება კონსტიტუციური შეთანხმებით აქვთ მინიჭებული. 

აღნიშნული ინიციატივა ერთი მხრივ ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას (კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ელემენტს), ამავდროულად კი ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, რომელიც კრძალავს განსხვავებული მოპყრობის დაწესებას არსებითად თანასწორი პირების მიმართ, შესაბამისი გამართლების გარეშე.   ამგვარი ინიციატივა განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს იმ ფონზე, როდესაც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის და რელიგიური საფუძვლით დისკრიმინაციის შემთხვევები (როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში) ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჩვენს საზოგადოებაში. 

ნორმის არსებობის გამო პრაქტიკაში გამოწვეული ხარვეზები, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ დაასახელა ინიციატივის მიზეზად, არ შეიძლება გახდეს უფლების შეზღუდვის საფუძველი და გაამართლოს კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დასადგენია ამგვარი პრობლემების არსებობა/რეალისტურობა და მისი მასშტაბები, ამავდროულად კი ის ნაკლებად მზღუდავი საშუალებები, რომლებიც ამ ხარვეზების გამოსწორებას უზრუნველყოფდა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარეშე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დომინანტი რელიგიური ჯგუფის, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მიერ ამ უფლებით სარგებლობა კონსტიტუციური შეთანხმებითაა განმტკიცებული, აღნიშნული არ წარმოადგენს რაიმე გამამართლებელ საფუძველს იმისა, თუ რატომ უნდა წაერთვათ იგივე უფლება სხვა კონფესიის წარმომადგენლებს და აღმოჩნდნენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. აღნიშნულს ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც სასამართლო მიუთითებს: “ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. [...] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას" - აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო.

მოვუწოდებთ კანონპროექტების ინიციატორებს და საქართველოს პარლამენტს იხელმძღვანელონ კონსტიტუციური პრინციპებით და არ დაუშვან იმგვარ კანონთა მიღება, რომელიც ზღუდავს კონკრეტულ პირთა ჯგუფის უფლებებს, მაშინ როდესაც არ არსებობს აღნიშნული შეზღუდვის გამართლების საფუძვლები. 

ამავდროულად მნიშვნელოვანია დისკრიმინაციული შინაარსის ინიციატივების ნაცვლად, პარლამენტმა იმსჯელოს და დროულად აღმოფხვრას კანონმდებლობაში არსებული უთანასწორობა რელიგიური გაერთიანებების მიმართ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ტოლერნტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
Leave your comment
Your name:
Your comment:

Security code: Code
OTHER NEWS
POLL
Have you ever been victim of domestic violence and have you applied to law enforcement bodies for help?
Yes, I have been victim of domestic violence and have applied to LEB for help Yes, I have been victim of domestic violence but have not applied to LEB for help I have not bee victim of domestic violence

BLOG

City full of death
Put on your best cloths. Look at your kids carefully and embrace them. Call your mom. Call your friends. Look through your house
Detailed...
Vanished people – “Never forget me”
Disbelief based on partiality Reality is different
Archive




EDITORIAL

Forgotten by government veterans
Every year, fewer and fewer veterans of the World War II meet the Victory Day. The society receives information about them only on
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?
Archive
THEMES

CATEGORIES

Copyright © 2004 - 2019 HRIDC