კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხურვალეთის მოვლენებზე ერგნეთის შეხვედრეზეც იმსჯელეს

27 მარტი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

22 მარტს, ერგნეთში, ინციდენტების და პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში 92-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა 15 მარტს ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ხურვალეთში ქართველმა და ოსმა სამართალდამცავებმა და რუსეთის ძალებმა ორგანიზებულად და შეთანხმებულად იმოქმედეს და პროვოკაცია აიცილეს თავიდან. კოჩიევის განცხადებით, დავით ქაცარავა აპირებდა ხურვალეთში სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო და იქ მოეწყო პროვოკაცია. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიიდან სამხედრო ფორმირებების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, კოჩიევი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

,,როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხურვალეთში ინციდენტამდე საქმე არ მისულა. ახლაც სხდომაზე ამაზე ვლაპარაკობდით, რომ ზუსტად იმოქმედეს საქართველოს სამართალდამცავებმა, ზუსტად იმოქმედეს სამართალდამცავებმა სამხრეთ ოსეთის მხრიდან და ევროკავშირის მეთვალყურეების შუამავლობით, სერიოზულ ინციდენტამდე ხურვალეთში საქმე არ მისულა. საქართველოში გყავთ აქტივისტი, დავით ქაცარავა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რუსეთის ძალები იკავებენ ხურვალეთს. სინამდვილეში, არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არც შერიგების მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს არ დაუდასტურებიათ, რომ რუსეთის სამხედროები ან რომელიმე სხვა სამხედროები, ან სამხრეთ ოსეთის სამხედროები იმყოფებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსეთის ყველა ძალა იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ინციდენტამდე საქმე არ მისულა. ეს იყო პროვოკაცია, რომლის მოწყობასაც ცდილობდნენ „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გაყრიან ძალებს, რომლებმაც დაიკავეს საქართველოს ტერიტორია. სინამდვილეში კი ეს არ მომხდარა. ეს აქტივისტები დროულად რომ არ შეეჩერებინათ ქართველ პოლიციელებს, შეიძლებოდა ეს ინციდენტით დასრულებულიყო", - განაცხდა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეგორ კოჩიევმა.

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა არის ინციდენტების თავიდან აცილება, სწორედ ამას უკავშირებს ანთაძე ხურვალეთში დაწესებულ შეზღუდვებს. 15 მარტის შემდეგ სოფლის შესასვლელში პოლიციის ბლოკ-საგუშაგოსთან ხურვალეთში მხოლოდ ადგილობრივებს უშვებენ.

,,ეს გახლავთ პრევენციული ღონისძიება, ოკუპირებული რეგიონიდან და საოკუპაციო ხაზიდან ყოველთვის არსებობს პოტენციური საფრთხის რისკი. ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვა", - განაცხადა ანთაძემ. ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, იყვნენ თუ არა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები.

,,ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულია განცხადებები და ახალს ვერაფერს გეტყვით. გააკეთა განცხადება ევროკავშირის სადამკვირებლო მისიამაც. მე, სამწუხაროდ, არ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა ბატონი კოჩიევის კომენტარი, მაგრამ მინდა, ყველა დაგარწმუნოთ, რომ ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი საფრთხე, თუნდაც არა ინციდენტი არამედ ინციდენტის ინდიკატორი", -განაცხდა ირაკლი ანთაძემ.

ხურვალეთის მოვლენების გარდა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურდღება გაამახვილეს უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილებისას შექმნილ პრობლემებზე. რიგით 93-ე შეხვედრა ერგნეთში 16 მაისს გაიმართება.

ახალი ამბები