კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები

30 აპრილი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

25 აპრილს, გორში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით დისკუსია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო სექტორთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დისკუსია ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა გახსნა, მან ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე. ცქიტიშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები სისტემატურად ექვემდებარებიან უკანონო დაკავებას და გატაცებას, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ნაკლები და უშედეგოა.

,,შეხვედრა მიეძღვნა გამყოფ ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მძიმე ​უფლებრივ მდგომარეობას. ძირითადად ეს ეხება მათ უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, რაც შიდა ქართლის რეგიონისთვის ნაცნობი პრობლემა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, გამოვნახოთ პრობლემის აღმოფხვრის გზები. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახლახანს გამოსცა სპეციალური ანგარიში ,,მავთულხლართების ზონა", სადაც საუბარია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე და გამყოფი ხაზის სიახლოვეს საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებებზე, რაც გამოწვეულია საოკუპაციო ხაზის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაწევის ფაქტებით, რასაც ეწირება ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრება, უსაფრთხოება და სოციალურ-ეკონომიკური უფლებები. მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობას ეზღუდება წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, საძოვრებზე და სარწყავ წყალზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლის მიღების ძირითადი წყაროა. არსებობს შემთხვევები, როდესაც მავთულხლართების დამონტაჟების შედეგად საცხოვრებელი სახლები რუსეთის ფედერაცის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩნდა", - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქტიშვილმა. 

,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებლებს ცხოვრება გაუადვილოთ, ყველა ოჯახს უფასოდ გავუყვანეთ ბუნებრივი აირი", - ამ სიტყვებით დაიწყო მოხსენება გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, ​გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარებაზე საუბრისას. გორის მერმა, ძირითადად, განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

,,რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, თითქმის, ყველა სოფელში მოგვარებული გვაქვს პრობლემები: გაკეთდა გზები, გარე განათებები, მნიშვნელოვნად მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემა და სადაც არის რამე გასაკეთებელი, იმასაც ვაკეთებთ. რაც შეეხება ადგილობრივების უსაფრთხოებას, საქართველოს ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მომხსენებელი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე იყო, მან აქცენტი გააკეთა სახელმწიფო პოლიტიკაზე, როგორც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ისე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებზე და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე.

,,საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ძირითად პრობლემებს ქმნის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოქმედებები - როგორც მავთულხლართების გავლებით, ისე ადგილობრივების უკანონო დაკავებების და გატაცებების მოქმედებით, რაზეც სახელმწიფოს აქვს რეაგირება. რაც შეეხება სოფლებში არსებულ სხვა პრობლემებს, მის მოსაგვარებლად სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე წლებია მუშაობს სახელმწიფო კომისია, ბევრი რამე უკვე გაკეთებულია ამ მხრივ: გაზიფიცირება, სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდება, ზამთარში გათბობის ვაუჩერები, სტუდენტების დაფინანსება, თუმცა კიდევ ბევრი პრობლემაა რომლის მოგვარებაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამ შეხვედრაზე ბევრი საყურადღებო საკითხი იქნა დასმული, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული როგორც უწყებათაშორისი კომისიის მუშაობისას, ასევე ინდივიდუალურად - ჩვენი სამინისტროს მხრიდან", - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების მდგომარეობასა და გამოწვევებზე შეხვედრა პროექტის „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“ ფარგლებში გამართა, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ მიერ.

ახალი ამბები