კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები და მათი უსაფრთხოება - კვლევის შედეგები

11 მაისი, 2019
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„მსოფლიო ომების ისტორიაში ყველაზე მეტად ქალები ზარალდებიან, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალის თვალით დანახული უსაფრთხოების ხარისხი", - აცხადებს ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების და მათი უსაფრთხოების საკითხზე კვლევა  ჩაატარა. კვლევაში დეტალურად არის საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებობს. მათგან უმთავრესი არის მიგრაციის პრობლემა, რაც რიგ საკითხებთან არის დაკავშირებული. კვლევის მიხედვით, მიგრაციამ თავის გავლენა მოახდინა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რაც აისახა ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების რიცხვზეც.  სკოლაში 70 მოსწავლეა, აქედან მეოთხე კლასში არცერთი, ხოლო  მესამე კლასში ორი ბავშვი სწავლობს. 

,,განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ ომის შედეგები ქალებს, რომლებიც დღესაც აგრძელებენ რისკის მაღალ ზონაში ცხოვრებას, სადაც დღესაც გრძელდება სროლები, იტაცებენ და აპატიმრებენ ადამიანებს ე.წ. „გამყოფი ხაზის“ უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ბორდერიზაციის შედეგად მიტაცებულია ხეხილის ბაღები, საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები. ადამიანური უსაფრთხოების შვიდი ძირითადი კომპონენტიდან, რომელიც აღიარებულია გაეროს განვითარების პროგრამის კონცეფციაში, ყველა დაირღვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ჩემი სოფლის მაგალითზე რომ გადმოვიტანოთ, გაიზარდა მოწყვლადი ადამიანების რაოდენობა, დაიკარგა შემოსავლები და სამუშაო ადგილები, გაიზარდა ძალადობის საფრთხე, გაუარესდა ჯანმრთელობის უსაფრთხოებან - არასრულყოფილი კვებით, საბაზისო დახმარების მიღების არარსებობით, დაინგრა ოჯახები, დაირღვა ადამიანის უფლებები, გაუარესდა სოციალური ფონი, რომელმაც შეზღუდა ადამიანის არჩევანის თავისუფლება. ანალოგიური ვითარებაა თითქმის ყველა ომგადატანილ და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში.

 არ ჩატარებულა კვლევა, რა გავლენა მოახდინა აგვისტოს ომმა ქალთა და გოგონათა ფსიქოლოგიაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე. შემცირდა შობადობა, გაუარესდა დემოგრაფიული სიტუაცია. მაგალითად, ერგნეთში. ომის დროს მიღებული სტრესით გამოწვეული დაავადებებით გარდაიცვალა 40-მდე ადამიანი, დაიბადა 8-10 ბავშვი, რაც ძალიან მძიმე დემოგრაფიულ სურათზე მეტყველებს", - აცხადებს ლია ჩლაჩიძე და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევ მიზეზად კვლევაში რამდენიმე გარემოებას ასახელებს: გაიზარდა ქალების და ახალგაზრდების მიგრაცია. სოფლები რჩება საშუალო ასაკის და ხანდაზმული ადამიანების ამარა;
საქსტატის მონაცემებით,  უკანასკნელი წლების მიხედვით, მზარდი ტენდენციით ხასიათდება 20-45 წლის ასაკის ქალებში აბორტი, მინიაბორტი, რაც იმაზე მეტყველებს,რომ ახალგაზრდა ქალებს აქვთ არასტაბილურობის განცდა, მომავლის შიში და ვერ რისკავენ შვილის გაჩენას; 
გაიზარდა ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის რეგისტრირებული შემთხვევები სოფლად. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გახშირდა ოჯახში ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის ფაქტები, სუიციდის შემთხვევები, ფემიციდი; საგულისხმოა, რომ ქალთა დიდი ნაწილისთვის ოჯახში ძირითადი შემოსავალია სოციალური უზრუნველყოფა (პენსია, შემწეობა, სოციალური დახმარება), რაც ნეგატიურად აისახება მათ აქტიურობაზე და მისწრაფებაზე დამოუკიდებლად გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა, ამიტომ უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს სახელმწიფო დახმარების ალტერნატიული ვარიანტები.

კვლევის ავტორი ამბობს, რომ გრძელვადიანი სტრატეგია უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებმა თავი უსაფრთხოდ და სტაბილურად იგრძნონ.

,,ზოგადად, უსაფრთხოება ომგამოვლილი მოსახლეობის დიდ ნაწილში საომარი მოქმედებებისა და მისგან გამომდინარე საფრთხეების პრიზმაში განიხილება და განზე ტოვებს უსაფრთხოების ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორიცაა პიროვნული უსაფრთხოება. ომის დამანგრეველი შედეგები ძირითადად მნიშვნელოვანი და მსუყე მასალაა ანალიზისთვის, კვლევებისთვის და მე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალიდან რამდენიმე ათეულ მეტრში სოფელ ერგნეთში ვცხოვრობ და რომელიც მრავალი წელია ჩართული ვარ კონფლიქტის ანატომიაში, არსად შემხვედრია კვლევა, რამდენად მიიჩნევენ ქალები საომარ მოქმედებებს საფრთხედ, რა აშფოთებთ, რა აყალიბებს მათ პირად უსაფრთხოებას, რა არის რისკების ის ფართო სპექტრი, რომელიც ეკონომიკური სიდუხჭირის, საკუთარი სახლიდან განდევნის, შვილებისა და ახლობელი ადამიანების დაკარგვის, საცხოვრებელი სახლის ნგრევის და ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ჩამოთვლილი საკითხებით უფრო მეტად ფართოვდება ,,უსაფრთხოების“ ტრადიციული შინაარსი და დღის წესრიგში დგება ადამიანებისთვის სტაბილური გარემოსა და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა", - ამბობს ლია ჩლაჩიძე და იმედი აქვს, რომ ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება კვლევაში ასახულ პრობლემებს და მის დასაძლევად ერთიან პოლიტიკას და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

ახალი ამბები