კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიზნესმენ დავით ადეიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა

22 მაისი, 2019
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბიზნესმენ დავით ადეიშვილის ქონების იძულებით დათმობის საქმეზე, დარღვეული უფლებების აღსადგენად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ დავით ადეიშვილის საქმეში დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6, მე-8, მე-13 და კონვენციის I დამატებითი ოქმის, I მუხლის შესაძლო დარღვევა. სახელმწიფომ ეფექტიანად ვერ უზრუნველყო, გამოეძიებინა წინა ხელისუფლების პერიოდში, 2009 წელს, დავით ადეიშვილის მიმართ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ჯანმრთელობაზე. სახელმწიფომ დღემდე ვერ უზრუნველყო პირის დაზარალებულად ცნობა. 

ადეიშვილის საქმეში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. მომჩივნის პირადი და ოჯახის ხელშეუხებლობის უფლება დღემდე საფრთხის ქვეშაა. მნიშვნელოვანი ზიანი ადგება მისი საკუთრების უფლებას, რაც წარმოადგენს არაეფექტიანი გამოძიების შედეგს.

სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ობიექტური გამოძიებისა და დაცვის მექანიზმი, რომელიც მიმართული იქნებოდა მიუკერძოებელი გამოძიებისა და სამართლიანი შედეგის დადგომისაკენ.

დავით ადეიშვილის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 

ისტორია: 
დავით ადეიშვილი იყო შპს „ლეონის“ 50% წილის მფლობელი და ამავე კომპანიის დირექტორი. კომპანია ეწეოდა საყოფაცხოვრებო  ტექნიკის მწარმოებელი რამდენიმე მოწინავე სავაჭრო კომპანიის (SONY, YAMAHA) საქონლის იმპორტისა და დისტრიბუციის ორგანიზებას. კომპანიის წლიური ბრუნვა შეადგენდა  დაახლოებით  3 მილიონ აშშ დოლარს.

2009 წლის 20 აგვისტოს გვიან ღამით დავით ადეიშვილის საცხოვრებელ სახლში გამოცხადდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსხურის ფინანსური პოლიციის  თანამშრომლები, რომლებმაც მას სთხოვეს, გაყოლოდა ფინანსურ პოლიციაში.  მისვლისთანავე ადეიშვილი დაკითხეს და წაუყენეს ბრალად თაღლითობა, ხოლო შემდგომ - კრედიტის მოტყუებით  მიღება (სსკ-ის 208-ე მუხლი). 

ფინანსურმა პოლიციამ, თაღლითურად, მოტყუების გზით, დავით ადეიშვილის ბიზნესპარტნიორის - ე.ე.-ს დახმარებით, რომელიც აღმოჩნდა ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ნათესავი, მოტყუებით გადაიფორმა შპს „ლეონის“ 100% წილი.

დავით ადეიშვილი, რომელსაც ბრალი დასდეს თაღლითობაში, თავად აღმოჩნდა  ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან თაღლითობის მსხვერპლი. წაყენებული   ბრალდებები აბსურდული იყო თავიდანვე, საქმეში არ მოიპოვებოდა არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი. მთელი 9 თვის განმავლობაში დავით ადეიშვილი არ აღიარებდა წაყენებულ ბრალს. ამის გამო, მასთან №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა ორი პირი, რომლებიც დაემუქრენ მას, რომ თუ არ მოაწერდა ხელს საპროცესო შეთანხმებას, მის ორ ვაჟს შეუქმნიდნენ პრობლემებს. 

საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დავით ადეიშვილის მიმართ წარმართულ უკანონო საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა საქმის გამომძიებელი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, რომელიც შემდგომში დაინიშნა საქართველოს მთავარ პროკურორად. 

მუქარა დავით ადეიშვილმა აღიქვა რეალურად, რის შემდეგაც მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას  და გადაიხადა  ჯარიმა 30  000 ლარის ოდენობით.

2013  წლის 5 თებერვალს, დავით ადეიშვილის განცხადების საფუძველზე, ქ.თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №010050413803 საქმეზე - საქმის გამოძიებისას საგამოძიებო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად  გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით. პროკურატურაში 5 წელია, მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ დღემდე არავინ მიუციათ პასუხისგებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ არაეფექტიანი გამოძიება უკავშირდება ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გავლენას საგამოძიებო პროცესზე, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა დავით ადეიშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებში.

ვინაიდან 2019 წლის იანვარში დავით ადეიშვილს, სასამართლოს განჩინებით, საბოლოოდ ეთქვა უარი დაზარალებულად ცნობაზე და გამოძიება დღემდე არაეფექტიანად გრძელდება, ადამიანის  უფლებათა ცენტრმა დარღვეული უფლებების აღსადგენად საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

                                                                                                      ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები