14:26, Saturday, 17.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

განსაკუთრებული მზრუნველობის დროებითი ზონები

31.05.2019

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ქართული ოცნების" წინა მოწვევის პარლამენტის წევრი სოსო ვახტანგაშვილი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განსაკუთრებული მზრუნველობის დროებით ზონებში შეყვანას ითხოვდა, ამბობს, რომ ხელისუფლებამ მისი პროგრამა არ განახორციელა, რის შედეგადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან ერთად არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორი. 

Humanrights.ge საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე, საფრთხეებსა და გამოწვევებზე სოსო ვახტანაგაშვილს ესაუბრა.  

- ბატონო სოსო, რას გულისხმობდა თქვენი პროგრამა, რა პროცედურები გაიარა, რატომ არ დაუჭირა მთავრობამ მხარი, მით უფრო, რომ თქვენც მათი თანაგუნდელი იყავით?

- ეს ინიციატივა შეეხებოდა კონკრეტულად კონფლიქტის ზონებს, არა მხოლოდ შიდა ქართლში, არამედ აფხაზეთისა და სამეგრელოს მიმდებარე ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლსაც. ჩვენ წარმოვადგინეთ წინადადება, რომელიც ძირითადად იყო ორ კომპონენტიანი: პირველი მოიცავდა უსაფრთხოების საკითხებს და მეორე მოიცავდა ეკონომიკურ რეაბილიტაციას. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენ ამ საკითხს ვთავაზობდით საქართველოს მთავრობას და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელების. ამ პროექტით ვითხოვდი ვიდეოთვალთვალი განხორციელებულიყო მთელს პერიმეტრზე, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმართულებით. 

- რატომ იკავებს თავს ხელისუფლება კამერების დამონტაჟებისაგან? 

- მაკონტროლებელი კამერების დაყენება და უამრავი ტექნოლოგიური საშუალება არსებობდა იმისათვის, რომ მოქალაქეების გატაცება აღგვეკვეთა, ან თუნდაც გატაცების მომენტი დაგვეფიქსირებინა. ადამიანები, რომლებიც გატაცებული იყვნენ ცხინვალში, ჩემი დეპუტატობის პერიოდში, მათი 90% მეუბნებოდა, რომ ისინი გატაცებულები იყვნენ არა გამყოფი ზოლის ჩრდილოეთით, არამედ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. სწორედ ეს იყო ჩემი ინიციატივის მთავარი კომპონენტი  - უსაფრთხოების გაძლიერება არაძალისმიერი მეთოდებით. 

- რაც შეეხება ამ პროგრამის ეკონომიკურ მხარეს, ძირითადად რა მიმართულებები იყო ასახული?

- ეკონომიკური ნაწილი მოიცავდა იმას, რომ, პირველ რიგში, უნდა მომხდარიყო: სოფლების გაზიფიცირება, წყლით მომარაგება, სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელება, ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ეს ყველაფერი უნდა მოხმარებოდა ამ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იყო და არის დღესაც ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა მიგრაციის შესაჩერებლად. არ გამოვრიცხავ, რომ  გარდა სხვა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ინტერესებისა, რასაც გატაცებები ხელს უწყობს, ერთ-ერთი მიზანი რუსეთის ფედერაციისა იყოს ამ ტერიტორიების ადგილობრივებისგან დაცლა, რადგან უფრო ადვილი იქნება დაცლილი სოფლების გაკონტროლება და მავთულხლართების გადმოწევა.

- რა განასხვავებდა თქვენს ინიციატივას მაღალმთიანი ზონის სტატუსისა და სოციალური შეღავათებისაგან?

- სამწუხაროდ, დღეს არის სოფლები,  მაგალითად, სოფელი ქერე  და კიდევ რამდენიმე სოფელი, რომლებსაც შეჰპირდნენ რომ მაღალმთიან სტატუსს მიანიჭებდნენ და ისიც არ გაუკეთებიათ. გამყოფ ხაზთან ძალიან ბერი სოფელი დარჩა მაღალმთიანი სტატუსის გარეშე. რაც შეეხება განსხავებას, ჩემი პროექტი უფრო მასშტაბური იქნებოდა.  ეს არ იქნებოდა მხოლოდ ის, რასაც მაღალმთიანი ზონების შეღავათები მოიცავს, სხვა შეღავათებითაც უნდა შესულიყო კონკრეტულ დასახლებებში საჭიროებების შესაბამისად, რომელიც ადგილზე თითოეულ სოფელში მცხოვრებლებს ექნებოდათ. სამწუხაროდ, როგორც ბევრი სხვა ინიციატივა, არც ეს ინიციატივა  იქნა განხილული.

- კონკრეტულად ვის წარუდგინეთ ეს ინიციატივა და რა პასუხი მიიღეთ?

- წარდგენილი იყო დროებითი კომისიაში, რომელიც კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით შეიქმნა და მას ხელმძღვანელობდნენ  შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, იმ პერიოდში ერთი პაატა ზაქარეიშვილი იყო და მეორე ნოდარ ჯავახიშვილი.  ამ კომისიის ფარგლებშიც ყოფილა განხილვა. მერე რომ შეიცვალა გარკვეული თანამდებობის პირები, მათაც შევთავაზე და განიხილეს. ჩემი თხოვნით პრემიერ-მინისტრმა  ერთი რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც ერთ-ერთი საკითხი ნადარბაზევის წყალსაცავის გამოყენება იყო, რადგან ცხინვალიდან წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას, ამიტომ დადგა საკითხი ნადარბაზევის წყალსაცავის რეაბილიტაციის. ძალიან მწვავედ გამოვედი და პირობა მომცეს,  რომ  ამ მიმართულებით იმუშავებდნენ.

უნდა შექმნილიყო შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც შეისწავლიდნენ პრობლემატიკას და ბუნებრივად მოხდებოდა შემდეგ ამ შესწავლილი პრობლემების გადაჭრის საკითხი, მაგრამ, სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყოლია ჩემს ინიციატივას.

ზოგი რამ გააკეთეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და კიდევ ბევრი პრობლემა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში.

- თუმცა, თქვენ დღესაც სთავაზობთ ამ იდეის განხორციელებას მთავრობას...

- თავისთავად, ცხადია! ასევე იყო კარგი პროექტი საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის ლიახვის" სახით. შევძელით და გუნდში ეთნიკურად ოსები გამოვიყვანეთ ცხინვალიდან და ქართველებთან ერთად ვათამაშებდით ფეხბურთს. პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და საბოლოოდ წარუმატებლად დაამთავრა ხელისუფლების გულგრილობისა და გულუბრყვილობის გამო, როდესაც გუნდის დაფინანსება შეწყდა და წყალში ჩაიყარა ყველაფერი. ასევე გვქონდა სხვა მიმართულება კიდევ ცხინვალთან მიმართებაში, ეს იყო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულება. სამწუხაროდ, გარდა რამდენიმე საკითხისა, რომელიც მართლა დაიძრა და მოგვარდა,  მთლიანობაში ინიციატივის ძირითადი ნაწილი ყურადღების მიღმა დარჩა. ეკონომიკურ კომპონენტში გარკვეული ძვრები იყო, მაგრამ უსაფრთხოების ნაწილი რეაგირების გარეშეა დარჩენილი. 

დახურულ შეხვედრებზე სამთავრობო უწყებების წარმომადგენელები ამბობენ, რომ ჩვენ თუ კამერებს დავაყენებთ ამას სახელმწიფოს მხრიდან  ე .წ. „საზღვრის“ აღიარების დატვირთვა ექნება. ამაზე დიდი სისულელე არ მომისმენია.  ვიდეოკამერა არ არის სასაზღვრო ატრიბუტიკა და ვიდეოკამერები გვჭირდება იმისათვის, რომ ის ძალადობა შეაჩერონ,  რომელიც მოდის და შენს მოქალაქეს ემუქრება. იტაცებენ და გადაჰყავთ ცხინვალის ციხეში და იზოლატორებში. მე ვიქნები  ერთ-ერთი პირველი მოწინააღმდეგე იმ ადამიანების სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის, რომლებმაც ეს ინფორმაცია გააჟღერეს. 

თუ ჩვენ გვინდა, დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აღარ  გაიტაცონ ადამიანები, პირველ რიგში,  უნდა ვაკონტროლებდეთ არსებულ ტერიტორიებს და ეს უნდა ხდებოდეს ვიდეოკამერების მეშვეობით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC