კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო დავა მოუგო

13 ივნისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში, ბერულას უბანში მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა უკვე მეორე ინსტანციაში მოუგო სასამართლო დავა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მოქალაქესა და სახელმწიფო უწყებას შორის დავა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხს ეხება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრაციაზე უარის მიზეზად ილია ბერუაშვილის ნაკვეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობას ასახელებდა. ილია ბერუაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რამდენიმე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც უხსნიდა, რომ მისი მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირებას ითხოვდა, არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

,,საჯარო რეესტრი ამბობს, რომ ჩემი ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს,  ამის საფუძვლად უთითებენ „გუგლის“ საძიებო რუკებს, რომლის მიხედვით ჩემი ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ფაქტია, რომ საოკუპაციო გამყოფი ხაზის აქეთ არის ნაკვეთი", - ამბობს ბერუაშვილი. მან ადგილზე ჩასვლა და მდგომარების საკუთარი თვალით ნახვა შესთავაზა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მოქალაქესა და სახელმწიფო უწყებას შორის დავა სასამართლოში გააგრძელდა. 

გორის რაიონულმა სასამართლომ  2018 წლის 16 მაისს მოქალაქის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრს ილია ბერუაშვილისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება დაავალა.  გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, აღსრულების ნაცვლად, საჯარო რეესტრმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.  მათმა წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე  გასაჩივრების ერთ-ერთ მოტივად მსგავსს საკითხებზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება დაასახელა. 

სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 6 ივნისს განაჩენით ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოქალაქისთვის მოთხოვნილი მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია ახალა უკვე სააპელაციო სასამართლომ დაავალა. ილია ბერუაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 

,,თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ილია ბერუაშვილის საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც სააგენტო ოკუპირებულად მიიჩნევდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სააგენტო აპირებს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში და დაამტკიცოს თითქოს სადავო ტერიტორია ოკუპირებულია. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებებს და დამკვიდრებული პრეცედენტი ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების საკუთრების უფლების აღიარებას ჰექტრობით მიწის ნაკვეთებზე", -  აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი.

ილია ბერუაშვილისთვისაც გაუგებარია სახელმწიფო უწყების პოზიცია. მას  იმედი აქვს, რომ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ შეცვლის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამართლებრივი საფუძველი აღარ ექნება, რომ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებაზე უარი უთხრას.

ახალი ამბები