კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს

14 ივნისი, 2019
 
 
Ombudsman.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირი.

დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდზე ამ დრომდე სასჯელს იხდის მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი - გ.ჯ., რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობა (სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). მას თავიდან წარდგენილი ჰქონდა ბრალდება დასრულებული მკვლელობისთვის, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გ.ჯ-ს მიერ და იგი მხოლოდ მკვლელობის მცდელობისთვის გამტყუნდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 3 ივნისს გ.ჯ.-ს მიმართ განაჩენი შეცვალა და იგი დასრულებული, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისთვის გამტყუნდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, სახალხო დამცველის აპარატმა სრულად შეისწავლა ხსენებული საქმის მასალები და დაადგინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტი არ იყო სრულყოფილად და ეფექტიანად გამოძიებული. გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რამაც არსებითი ნეგატიური გავლენა იქონია ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის პროცესზე. საქმის მასალების ანალიზით დასტურდება, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდნენ სხვა პირიც/პირებიც.

შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით, პარლამენტის დადგენილების შემუშავების პროცესში, გაეთვალისწინებინა ერთ-ერთი რეკომენდაცია - დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირის მიმართ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალის წარდგენის მიზნით. საქართველოს პარლამენტმა, სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაცია არ გაიზიარა. ასევე, დღემდე არ მომხდარა დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობისთვის სხვა პირის პასუხისგებაში მიცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დავით სარალიძე მოკლულ იქნა ჯგუფურად, მინიმუმ ორი პირის მიერ. გამოძიების მიერ კი გამოვლენილია მხოლოდ ერთი პირი - გ.ჯ.

ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტს და გენერალურ პროკურატურას, რათა დაწყებულიყო გამოძიება ე.წ. ხორავას საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ, რომელთა ქმედებებმა დააზიანა დავით სარალიძის მკვლელობის ეფექტიანი გამოძიების ინტერესები.
 სამწუხაროდ, დღემდე არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული ამ მიმართულებითაც. ხოლო საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველისთვის უცნობია თუ რა ღონისძიებებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ერთი მხრივ - დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯის მიზნით, მეორე მხრივ კი - გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან სამოხელეო დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ფაქტის გამოვლენის მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას:
  • გამოავლინოს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი;
  • დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე, კერძოდ, კი საგამოძიებო უწყებების იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა განზრახ თუ გაუფრთხილებლობით ჩადენილმა სავარაუდო დანაშაულმა განაპირობა მტკიცებულებების განადგურება და გამოძიების გაჭიანურება;
  • გააცნონ სახალხო დამცველის აპარატს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მასალები და პროკურატურაში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალები დაუყოვნებლივ და სრულად.

ახალი ამბები