18:47, Thursday, 18.07.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კოალიცია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შემდგომი ეტაპებიდან, საბჭოს ორი წევრის ჩამოცილებას მოითხოვს

21.06.2019

 
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის დაწყებას და მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (საბჭო) ორ წევრს ჩამოსცილდნენ კანდიდატების განხილვის შემდგომ ეტაპებს.

2019 წლის 7 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების განხილვის პროცესი. კანდიდატების რეგისტრირების თაობაზე მსჯელობის დაწყებამდე,  საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა  საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანისა და  ერთ-ერთი კანდიდატის, ზურაბ აზნაურაშვილის ნათესაური კავშირის შესახებ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ცალსახად ავალდებულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში, წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. პირადი ინტერესების არსებობისას, კოლეგიური ორგანოს ინფორმირების ვალდებულებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს ასევე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონიც.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრისა და ერთ-ერთი კანდიდატის ნათესაური კავშირის შესახებ გაჟღერებული ინფორმაციის სიზუსტე საბჭოს სხდომაზევე დადასტურდა, თამარ ონიანმა უგულებელყო კანონმდებლის მოთხოვნა, კერძოდ, წინასწარ არ აცნობა საბჭოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და რაც უფრო პრობლემურია, რამდენიმე არამოსამართლე წევრის მოწოდების მიუხედავად, არ ჩამოსცილდა კანდიდატების განხილვის პროცესს. 

რაც შეეხება საბჭოს კიდევ ერთ წევრს, 2019 წლის 14 მაისს, კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მიმართა მოთხოვნით, შეისწავლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის - ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზაზა ხარებავას არჩევისას, მისი კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა, რაც  პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის არსებითი დარღვევა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის აშკარა წინაპირობაა. თუმცა, დღემდე, საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, პარლამენტს ამ საკითხზე არ უმსჯელია, და ზაზა ხარებავა აგრძელებს საბჭოში საქმიანობას, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არაერთი ეტაპისაგან შედგება, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თითოეულ ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გადაწყვეტილების მიღებაში საბჭოს იმ წევრების მონაწილეობა, რომელთა ჩართულობის კანონიერების მიმართ საზოგადოებას ლეგიტიმური კითხვები უჩნდება, კიდევ უფრო ართულებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად წარმართვის შესაძლებლობას და ამცირებს საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ.

შესაბამისად, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს:

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრს, თამარ ონიანს, ჩამოსცილდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისა და კენჭისყრის შემდგომ ეტაპებს;
- საქართველოს პარლამენტს, უმოკლეს ვადებში გადაწყვიტოს ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ზაზა ხარებავას, საკუთარი ნებით ჩამოსცილდეს საბჭოში ნებისმიერი საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას, პარლამენტის მიერ მისი არჩევის კანონიერების საკითხის შესწავლამდე. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC