კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები ბარიერის გარეშე

28 ივნისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ ხელისუფლების მიმართ ორი ძირითადი მოთხოვნით განახლდა აქციები, ესენია: შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა და 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

,,ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა აქციის მონაწილეების ორი მთავარი მოთხოვნიდან ერთი დათმო, მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდება არჩევნები და არ იქნება ბარიერი. ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ ამ გზით ყველა პოლიტიკურ ძალას ვინმესთან "მიკედლების" გარეშე შეეძლება პარლამენტში მოხვედრა.
ივანიშვილის ამ ინიციატივას გორშიც ეხმაურებიან. სამოქალაქო აქტივისტ არინა თავაქარაშვილის თქმით, ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის დათმობის სანაცვლოდ ნულოვანი ბარიერით აპირებს პარლამენტში მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიების შეყვანას.

 ,,ახალგაზრდების პროტესტმა შედეგი ერთ ნაწილში გამოიღო, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით გაიმართება, მაგრამ ივანიშვილმა ეს მომენტი მოირგო და გაიმეორა შევარდნაძის პოლიტიკური სვლა, როდესაც 1992-1995 წლის მოწვევის პარლამენტში 42 პარტია მაინც იყო პარლამენტში. მაშინაც და ახლაც, ეს პროტესტის ქუჩიდან პარლამენტში გადატანას ემსახურება. ნულოვანი ბარიერით პარლამენტისკენ გზა ეხსნებათ კრემლზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რადგან მათთვის, პარლამეტში მოსახვედრად, მცირე რაოდენობის მხარდამჭერებიც იქნება საკმარისი“, - აცხადებს არინა თავაქარაშვილი. მისი აზრით, 2020 წელს მივიღებთ ისეთ საპარლამენტო შემადგენლობას, რომელიც  1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის მსგავსი იქნება, სადაც საკანონმდებლო ორგანოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნაცვლად პოლიტიკური კრიზისი იყო.  
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას მოწინააღმდეგეები მმართველ გუნდშიც გამოუჩნდნენ, მათ  შორის არის კახა ოქრიაშვილი.

„მე ვეწინააღმდეგები ამ სისტემაზე გადასვლას და მაქვს არგუმენტები, ჩემს მოწინააღმდეგეებს არგუმენტები არ აქვთ. მარტო სურვილი აქვთ, რომ როგორმე ამ შენობაში პოლიტიკურმა იდიოტებმა დაიბუდონ. მოლდოვაში ათი წლის წინ გადავიდნენ პროპორციულ სისტემაზე, გაიარეს უბედურება და წელს გადმოვიდნენ შერეულ სისტემაზე. იტალია შარშან გადმოვიდა შერეულ სისტემაზე", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა.

მმართველ გუნდში საკითხისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ოპოზიციის ნაწილს აფიქრებინებს, რომ ბიძინა ივანიშვილს დრო გაჰყავს და პარლამენტში საკითხის განხილვის დროს ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მოაგროვებს, რადგან დღევანდელ პარლამენტში 75 მაჟორიტარი და 75 პროპორციული სიით გასული დეპუტატია. 

,,ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა უნდა დავინახოთ სხვადასხვა მხრიდან, მას ორი მხარე გააჩნია: პირველი, ეს შეიძლება იყოს მორიგი სატყუარა, რადგან დღევანდელ პარლამენტში არის 75 მაჟორიტარი დეპუტატი, რომელთა მხრიდანაც არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ინიციატივა ჩააგდონ და ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ დრო გაიყვანოს, და მეორე -  ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, გაიყვანოს  პარტიები, რომელთანაც ერთად შექმნის საპარლამენტო უმრავლესობას და დააკომპლექტებს მთავრობას", - აცხადებს ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრი ალექსანდრე ვალიაური.

ოპოზიციის პრეტენზიები გაუგებარია მმართველი პარტიიდან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ლია ჩლაჩიძისთვის.
,,ნულოვან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ძალიან დროულია. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ. რამდენად ეფექტური იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ შევა საკანონმდებლო ორგანოში", - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

პროპორციული სისტემით არჩევნების ჩასატარებლად  ცვლილებები უნდა შევიდეს როგორც კონსტიტუციაში, სადაც ბარიერად მითითებულია 5%, ასევე საარჩევნო კოდექსში, სადაც მითითებულია, რომ პროპორციული არჩევნები 2024 წლისთვის უნდა ჩატარდეს. 

ახალი ამბები