კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი

28 ივნისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრატების დაშლის შედეგად, 280-მდე აქციის მონაწილე, 80 პოლიციელი და 38 მედიის წარმომადგენელი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა, მათ შორის ერთ-ერთი 18 წლის გოგოა.

დაშავებულებს შორის შვიდი გორში მცხოვრებია, მათგან ერთ-ერთს, ლუკა პეტრიაშვილს, ყბის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული. ლუკა პეტრიაშვილის დედის, ლია წიკლაურის განცხადებით, მის შვილს რეზინის ტყვიამ ყბა ჩაუმსხვრია და ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

,,ჩემს შვილს ყბა აქვს დამსხვრეული. ყბაში ჰქონდა გაჭედილი რეზინის ტყვია. განა რა დააშავა ამ ბავშვმა, რომ ტყვიები ესროლეს", - აცახდებს ლია წიკლაური.
აქციის დარბევის დროს კიდევ ერთი დაშავებული გორში მცხოვრები ზაზა გორგაძეა, მას ექვსი რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის არეში, რომელიც საავდმყოფოში ქირურგიული ჩარევის შედეგად ამოუღეს. გორგაძის განცხადებით, მან საავადმყოფო დატოვა თუმცა, პერიოდულად, მაინც უწევს ექიმებთან მისვლა ნატყვიარების დასამუშავებლად.

დღემდე აქციები მიმდინარეობს პარლამენტის წინ, რომლის ერთ-ერთი მთავრი მოთხოვნა 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი პირის, შს მინისტრის გიორგი გახარიას, გადადგომაა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენა არაპროპორციული ძალა. მათ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს აქციის დაშლა  ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით. რეზინის ტყვიებს დამიზნებით სახის არეში ესროდნენ აქციის მონაწილეებს.
   
შს მინისტრი თანამდებობაზე რჩება, თუმცა 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის შემდეგ შსს 10 თანამშრომელს შეუჩერდა უფლებამოსილება, მათგან ორის მიმართ კი  უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შსს მინისტრი აქციის დაშლიდან მე-8 დღეს შეხვდა ჟურნალიტებს, სადაც გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არცერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით, ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა. 

„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა -  მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ", - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება აქციის დაშლის დროს პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას, რეზინის ტყვიების დამიზნებით სახის არეში სროლასა და უფლებამოსილების გადამეტებას, მინისტრის თქმით, ამ კითხვებს გამოძიება გასცემს სამართლებრივ პასუხს. 

„მიმაჩნია, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი. მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია“, - განაცხადა შს მინისტრმა.

მინისტრს კითხვა აქციაზე ერთ-ერთმა დაშავებულმა, ,,რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა დაუსვა, აქციის დაშლის დროს რატომ ესროდნენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენელებს, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ აღნიშნული ფაქტი სამწუხაროა.  

აქციები შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით კვლავ გრძელდება, გახარია კი გადადგომას არ აპირებს.  

20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში ვიზიტსა და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლური ასამბლეას რუსულ ენაზე წაყვანას, პასუხად თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა. საქართველოს მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის, რომელიც ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს,  პარლამეტში მიწვევისთვის და იმ ტრიბუნის დათმობისთვის, საიდანაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. 

მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ პროტოკოლით გათვალისწინებულ დღისწესრიგში ცვლილება მოხდა, პროტოკოლით მართლმადიდებლური ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის წევრს უნდა წაეყვანა. ხელისუფლების ეს განმარტება არგუმენტირებული არ აღმოჩნდა აქციის მონაწილეებისთვის და ისინი დაუყონებლივ ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, უსაფრთხოების სამსახურის და შს მინისტრის გადადგომას. მართლმადიდებლური კონგრესი პარლამენტში ჩაიშალა, თუმცა აქცია გაგრძელდა. ღამის საათებში აქციის რამდენიმე ათეულ რადიკალურ მონაწილესა და სპეცდანიშნულების რაზმის შორის  ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სპეცდანიშნელების რაზმმა აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

აქციის დაშლის მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, ასევე სადეპუტატო მანდატი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლური ასამბლეას წევრია და კონგრესის საქართველოში ჩატარებაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი იყო.

20 ივნისის მოვლენებზე პროკურატურამ ოპოზიციიდან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და პარლამენტის წევრს ნიკა მელიას ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, წაუყენა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობასა და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. პროკურორის განცხადებით, მელია ძალადობრივი გზით პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს. პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს. სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, ნიკა მელიას 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თავად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, ხელისუფლება მას არა სამართლებრივად, არამედ როგორც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ისე დევნის.

ახალი ამბები