კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი)

12 ივლისი, 2019
 
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს
  
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 3 ივნისს დასრულდა. 

სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის განაჩენი იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ ჩაიდინა დავით სარალიძის მხოლოდ მკვლელობის მცდელობა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩადენილია ჯგუფურად გ.ჯ.-ს და ასევე სხვა დაუდგენელი პირის მიერ. 

რაც შეეხება არასრულწლოვან მსჯავრდებულს, გ.ბ.-ს, მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს დაუმძიმა სასჯელები და, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, თითოეულს სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე გადამწყვეტი სიტყვა სწორედ სააპელაციო სასამართლომ თქვა თავის განაჩენით, რასაც მეორე დღეს შედეგად მოჰყვა მიხეილ კალანდიას დაკავება. მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სწორედ კალანდია შეიძლება იყოს გამოძიებით აქამდე დაუდგენელი პირი, რომელსაც სააპელაციო სასამართლო ახსენებს თავის განაჩენში. დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ მისი პასუხისგებაში მიცემა იყო.

გამოძიების დაწყების დღიდან დაზარალებული ოჯახის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. უშუალოდ სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გარდა, ცენტრმა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა, პრესკონფერენცია და აქცია გამართა. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიასთან და სახალხო დამცველის ოფისთან.  

უფლებადამცველის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
 
უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები, გიორგი სოხაძე და ავთანდილ კანდელაკიშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 2019 წლის 27 ივნისს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში, დიუმას ქუჩაზე მოკლეს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობისა და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა ტოლერანტობის და თანასწორობის საკითხებზე. საფაროვის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი - ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე დააკავეს, რომელთა დანაშაული იკვეთებოდა მოწმეთა ჩვენებებით და სხვადასხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი მტკიცებულებებით.

აპრილის თვეში თბილისის პროკურატურამ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიმართვა და ვიტალი საფაროვის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება გადააკვალიფიცირა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობად. 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  მკვლელობის მოტივად მოხსნა 109-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (განზრახ მკველელობა, ჩადენილი ჯგუფურად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობით). ბრალდებულები მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ვიტალი საფაროვის ოჯახის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და მოითხოვს, სასამართლომ დაადგინოს დანაშაულის მოტივად რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განთავისუფლებული თანამშრომლები სამსახურს უბრუნდებიან 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლიდან გათავისუფლებული ათეულობით თანამშრომლიდან 6 მოსარჩელე, მორიგების გზით, აღდგენილია დაკავებულ თანამდებობაზე, რაზეც მიღებულია სასამართლო განჩინება. 2 მოსარჩელე, მხარესთან მორიგების გზით, დაკმაყოფილდა მის მიერ დასახელებული ფულადი კომპენსაციით. ხოლო 7 საქმეზე მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და 1 წლის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის სახით დაკისრების თაობაზე.

გასულ წელს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ათობით თანამშრომელი გათავისუფლდა, რომლებიც მაუწყებელში დასაქმებული იყვნენ განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულებები დასაქმებულთან გრძელვადიანი ურთიერთობის ხედვას აყალიბებს და მისთვის მეტი სოციალური სტაბილურობის შექმნას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, 2018 წლის აგვისტოს თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მიიღო ე.წ „შეთავაზება“ განსხვავებული ხელშეკრულებისა, რითაც დასაქმებულთა საწინააღმდეგოდ სრულად იცვლებოდა სამუშაო პირობები.  

უკანონოდ განთავისუფლებული პირების უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა მიმართეს სასამართლოს დასაქმებულთა შრომითი უფლებების აღდგენის მოთხოვნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განთავისუფლებული 20 დასაქმებულის ინტერესებს წარმოადგენდა, რომელთაგან 15 საქმე წარმატებით დასრულდა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოქალაქის სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდა დაეკისრა

მაისის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი ო.ც.-ს საქმეზე. რომლის თანახმად, სასამართლომ  საქართველოს გენერალურ პროკურატურას 18 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

ო.ც. 2015 წელს პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. როგორც პირველმა ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ, ო.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. 2017 წლის მარტის თვეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ო. ც. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ო.ც.-სთვის უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ო.ც.-ს სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდა დააკისრა.

სასაზღვრო პოლიციას მოქალაქის სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაევალა 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის თვეში დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შესაგებელი სარჩელი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც ბათილად ცნო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის აქტები მოსარჩელე ნ.გ.-ს კადრების განკარგულებაში აყვანისა და შემდგომ სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. ასევე, სასამართლომ სასაზღვრო პოლიციას დაავალა ნ.გ.-ს სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით განაცდურის სახით სახელფასო დავალიანების სრული ანაზღაურება.

ნ. გ. 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მთავარ სპეციალისტად. 2018 წლის  იანვრის თვეში ნ. გ. უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 

ნ.გ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 

თავდაცვის სამინისტრომ მფრინავი ქალის წინააღმდეგ სარჩელი უკან გაიხმო 

თავდაცვის სამინისტრომ მფრინავი ქალის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გაიხმო და მფრინავს სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის შესაძლებლობა მისცა.

სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე იძულებული გახდა, შეეწყვიტა სამსახურებრივი კონტრაქტი და დაეტოვებინა თავდაცვის სამინისტრო. კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზად მფრინავი ქალი თავდაცვის სამინისტროში შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობას ასახელებდა და აცხადებდა, რომ ხელმძღვანელები მას ავიწროებდნენ, არ აძლევდნენ შესაძლებლობას, სრულყოფილად განეხორციელებინა  საქმიანობა, ასევე - არ ეძლეოდა საშუალება, განეხორციელებინა სამხედრო ფრენები, რა დროსაც უპირატესობა ენიჭებოდა კაცს მფრინავებს.

ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ყოფილი თანამშრომლისთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.  

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქმესთან დაკავშირებით მიმართა თავდაცვის სამინისტროსა და სასამართლოს. 

2019 წლის აპრილის თვეში, ეკატერინე ქვლივიძის საქმესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელსა და ეკატერინე ქვლივიძეს შეხვდა. მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ უკან გაიხმო საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და ეკატერინე ქვლივიძეს მისცა საშუალება, იმუშაოს სამოქალაქო ავიაციაში. 

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტობანზე მშენებლობა დროებით შეჩერდა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის ერთ-ერთი მონაკვეთზე, რომელსაც ფონიჭალაში, მდინარე მტკვრის გასწვრივ უნდა გაევლო, დროებით მშენებლობა შეჩერდა.

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა სასამართლოს, რადგან აღნიშნული გზის მშენებლობა საფრთხეს უქმნიდა ავტომაგისტრალის მიმდებარედ მცხოვრებ 374 ადამიანს. 

მაგისტრალის მშენებლობა ამორტიზებული კორპუსების მიმდებარედ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე დაიწყო. რუსთავის გზატკეცილის №16-ში ცხოვრობს ოთხმოცდაათამდე ოჯახი, მათ შორის - 24 ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობის - უსინათლო. სწორედ ამ შენობის უკანა მხარეს, 12 მეტრის მოშორებით იგეგმებოდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა, სავალალო შედეგების გამოწვევა შეეძლო. კერძოდ, კორპუსი აშენებულია 1968 წელს, გასული აქვს ყოველგვარი ექსპულატაციის ვადა, დაბზარულია და კანონის თანახმად, ექვემდებარება დემონტაჟს. შენობის სიახლოვეს მძიმე ტექნიკის მოძრაობას და, ვიბრაციას, შესაძლოა, მოჰყვეს ნგრევა. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავტომაგისტრალის მშენებლობის შეჩერების მიზეზად მოსახლეობის მიერ დიდი ოდენობით მოთხოვნილ კომპენსაციას ასახელებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს - სამინისტროს არც კი უწარმოებია მოლაპარაკებები მოსახლეობასთან, არ შეუთავაზებია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, რაზეც მოსახლეობა დათანახმდებოდა.

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საქმეზე 2019 წლის მაისში დაკმაყოფილდა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა. კერძოდ, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებით, გზის მშენებლობიდან ამოღებულია იმ მონაკვეთზე მშენებლობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს.

ქვემო ქართლის პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა დააკმაყოფილა 

რუსთავში ბიძის მიერ მოკლული 13 წლის მოზარდის, გ.ი.-ის საქმეზე, ივნისის თვეში, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა ექიმი-ფსიქიატრი, რომლის სამსახურეობრივი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამოც ფსიქიატრულ საავადმყოფოში არ მოთავსდა 13 წლის ბავშვის ბიძა, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა. 

ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვის ბიძას დაუდგინდა შეურაცხადობა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა. მას ორწლიანი არანებაყოფლობითი მკურნალობა მიესაჯა და, ამ ეტაპზე, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფება. 

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთი მოთხოვნა ექიმ-ფსიქიატრის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ორგანიზაცია ასევე მოითხოვს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების დასჯას, რომლებმაც არ მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რის შედეგადაც, 13 წლის მოზარდი, მიყენებული 25 ჭრილობის შედეგად, გარდაიცვალა.

მოკლული მოზარდის ოჯახის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 

სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრს საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება დაავალა

2019 წლის ივნისის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩივარი და ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც,  ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთის ი.ბ.-ს საკუთრებაში დარეგისტრირება.

მოქალაქესა და სახელმწიფო უწყებას შორის დავა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხს ეხება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრაციაზე უარის მიზეზად ი.ბ.-ს ნაკვეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობას ასახელებდა. ი.ბ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რამდენიმე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც უხსნიდა, რომ მისი მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირებას ითხოვდა, არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გაითვალისწინა მოქალაქის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა, შემდგომ კი დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. 

ი.ბ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

 შშმ პატიმარს სასჯელის მოხდა გადაუვადდა

ივნისის თვეში, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, შშმ მსჯავრდებულ ა.თ.-ს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის მოხდა გადაუვადდა. 

ა. თ. 2012 წელს დააკავეს, რა დროსაც სრულიად ჯანმრთელი იყო. №8 დაწესებულებაში იგი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტზე ა.თ. საგამოძიებო ორგანოებმა ციხეში მხოლოდ ერთხელ გამოკითხეს მოწმის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ცემისა და წამების შედეგად, მსჯავრდებული დღეისათვის პირველი ჯგუფის შშმ პირია, დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი.

ა.თ.-ს სასჯელი 2013 წლიდან გადავადებული ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ 2019 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს. დაკავების საფუძველი იყო ის, რომ 2018 წელს საკუთარი ხარჯით ვერ შეძლო ექსპერტიზის ჩატარება, რაც ყოველ წელს ევალებოდა, რადგან სასჯელი გადავადებული ჰქონდა.

2019 წელს ა.თ.-ს განმეორებით ჩაუტარდა ექსპეტიზა, რომლის თანახმად, იგი კვალავ პირველი ჯგუფის შშმ პირია, არ გაუმჯობესებულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიუხედავად ამ დასკვნისა, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს განმეორებით მიმართა სასჯელის გადავადების შუამდგომლობით და არა მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

2019 წლის ივნისის თვიდან ა. თ.-ს კვლავ გადაუვადდა სასჯელის მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ მსჯავრდებული ამ ეტაპზე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოვიდა, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, მოქალაქე სრულად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და სახალხო დამცველს, დაინტერესებულიყვნენ საკითხით, თუ რატომ გადაუვადეს პირველი ჯგუფის შშმ მსჯავრდებულს სასჯელი და რატომ არ გაათავისუფლეს იგი სასჯელისგან სრულად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც პატიმრის მიმართ გამოყენებულია სასჯელის მოხდის გადავადება, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და მსჯავრდებული საკუთარი ხარჯით ვერ ახერხებს ექსპერტიზის ჩატარებას, რაც ყოველ წელს მისი ვალდებულებაა და ამის გამო ხდება განმეორებით პატიმრობის შეფარდება, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს განმეორებით უნდა მიმართოს მისი გათავისუფლების მოთხოვნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა. თ. სრულად უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან, რადგან კვლავ არსებობს საფრთხე, რომ იგი საკუთარი ხარჯებით ვერ შეძლებს ექსპეტიზის ჩატარებას, რის გამოც მას კიდევ ერთხელ მოუწევს პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება.

 „არემჯი გოლდსა“ და „არემჯი კოპერს“ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

2019 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უცვლელად დატოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და შპს „არემჯი გოლდ“-სა და სს „არემჯი კოპერს“ მ.მ.-ისა და გ.ნ.-ის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 

მ.მ. და გ.ნ. შპს „არემჯი გოლდსა“ და სს არემჯი კუპერში“ იყვნენ დასაქმებულები. ისინი უკანონოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მათ დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, შპს „არემჯი გოლდ“-სა და სს „არემჯი კოპერს“  მ.მ.-სა და გ.ნ.-სთვის, კომპენსაციის სახით, შესაბამისად, 24 109 ლარისა და 20 109 ლარის გადახდა დაეკისრა.
 
გორის რაიონულმა სასამართლომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დადგენილება გააუქმა

2019 წლის ივნისის თვეში გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარდგენილი არგუმენტები და დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნები მ.კ.-ს საქმეზე. მ.კ.-ს გაუუქმდა მის სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი და დაკისრებული სახდელი. ასევე გაუქმდა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დადგენილება მ.კ.-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

მ.კ. 2019 წლის 5 ივნისს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ალკოჰოლური სიმთვრალის გამო დააჯარიმა. ამის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მ.კ.-მ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თრობის ფაქტის დადგენის მიზნით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლში საერთოდ არ აღმოჩნდა ალკოჰოლის შემცველობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, გაუქმდა გამოწერილი საჯარიმო ქვითარი და მის საფუძველზე დაკისრებული სახდელი - 6 თვის ვადით მართვის უფლების შეჩერების შესახებ.

შსს-ს 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულის მიმართ 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა

2019 წლის აპრილში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მორალური ზიანის სახით, გ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა მოქალაქე გ.გ.-ს სამართლებრივ ინტერესებს, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილებით, 2013 წლის 22 ივლისს დაზარალებულად არის ცნობილი. 

2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას გ.გ. გახდა ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლი. ძალადობა განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად. 

2018 წლის 11 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა გ.გ.-ს საქმე. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება და შსს დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა გ.გ.-ს სასარგებლოდ.  საკასაციო სასამართლომაც უცვლელად დატოვა  საქალაქო და სააპელაციო სასამარტლოების გადაწყვეტილება გადაწყვეტილება და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზარალებულ გ.გ.-ს სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა. 

პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მოქალაქის სამსახურში აღდგენა და სახელფასო დავალიანების გადახდა დაევალა

2019 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა და ასევე ბათილად ცნო არასაპატიმრო სასჯელთაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება ე.მ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 

ე.მ. 2014 წლიდან დასაქმებული იყო არასაპატიმრო სასჯელთაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ფსიქოლოგის პოზიციაზე. 2015 წლის დეკემბრის თვეში ის  უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დაავალა ე.მ.-ს სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის სახით სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.

ე.მ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

ა.გ.-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა

2019 წლის აპრილის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ა.გ.-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.

2019 წლის 19 მარტს ა.გ. ლოტკინის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებოდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, ა.გ.-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.

იუსტიციის სამინისტრომ საჯარო  ინფორმაცია სასამართლოზე შესაგებლის სახით წარმოადგინა

მაისის თვეში, იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ადამიანის უფლებათა ცენტრს მის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაგებლის სახით თანდართულ მასალებთან ერთად მიაწოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევის გამო ედავებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ორჯერ მიმართა, მაგრამ სამინისტრომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა. იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საჯარო ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართვიდან 6 თვის შემდეგ მიაწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლის თანდართულ მასალებთან ერთად. 

სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლი, რომელიც საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს, დაინტერესებულ პირზე, 10 დღის ვადაში გასცეს საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2019 წლის 30 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რათა სასამართლოს დაევალებინა იუსტიციის სამინისტროსთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა.

საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სასამართლომ მოპასუხედ ასევე ჩართო სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელმაც ადამიანის უფლებათა ცენტრს სასამართლოში მიაწოდა გამოთხოვილი ინფორმაცია. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ ვ.ნ.-ს სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა

2019 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულ ვ.ნ.-ს სასარგებლოდ, დაეკისრა მორალური ზიანის ანაზრაურება 5000 ლარის ოდენობით.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში იყო მსჯავრდებულ ვ.ნ.-ის საქმე, რომელიც ქვემო ქართლის საოლქო პორკურატურამ 2013 წლის 8 მაისის დადგენილებით ცნო დაზარალებულად სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "დ","ე "და "ზ" ქვეპუნქტების შესაბამისად, რაც გულისხმობს პირის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რამაც ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

დაზარალებული ითხოვდა 270 000 ლარით დაკმაყოფილებას კომპენსაციის სახით. 2017 წლის 14 ივლისს საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი და საქართველოს სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მსჯავრდებულ ვ.ნ.-ს სასარგებლოდ, დააკისრა მორალური ზიანის ანაზრაურება 5000 ლარის ოდენობით.  

შსს-ს 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულის სასარგებლოდ 2 500 ლარის გადახდა დაეკისრა

2019 წლის მარტის თვეში საქართველოს უზენაესმა  სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2 500  ლარის გადახდა.

მთავარი პროკურატურის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით, ლ.გ. დაზარალებულად იქნა ცნობილი 2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 5 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მორალური ზიანის სახით, დაზარალებულის სასარგებლოდ, 2500 ლარის გადახდა დააკისრა. 2018 წლის 7 ივნისს სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ასევე, უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება.  

ქალს მეუღლის მიერ მოტყუებით გასხვისებული ბინა დაუბრუნდა

მაისის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. რომლის თანახმად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი ნ.ბ.-ს საქმეზე.

ნ.ბ.-ს მეუღლემ, დაძაბული ურთიერთობის გამო, ქონების მართვის სააგენტოს მიერ სიმბოლურ თანხად გადაცემული ბინა გადააფორმა დის სახელზე. ადამიანის უფლებათა ცენტრმა სარჩელის საფუძველზე მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინაში ნ.ბ.-სა და მისი შვილების თანამესაკუთრედ ცნობა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 6 ნოემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა ორგანიზაციის სარჩელი, რომლის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი დ.ჯ.-სა და ა.ჯ.-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ნ.ბ. ცნობილ იქნა ბინის  ¼-ის თანამესაკუთრედ, თუმცა ბავშების თანამესაკუთრედ ცნობაზე ორგანიზაციას უარი ეთქვა.

20 ივნისს დაკავებული მანიფესტანტი სააპელაციო სასამართლოდან გათავისუფლდა 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლოში იცავდა ლ.კ.-ს, რომელიც დააკავეს ადმინისტრაციული წესით  2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტექსტო აქციის დროს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.კ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეუფარდა 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 

სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ლ.კ. სცნო სამართალდამრღვევად და შეუფარდა უფრო მსუბუქი სახდელი - 3-დღიანი პატიმრობა. ვინაიდან 3 დღე უკვე გასული იყო, ლ.კ. სასამართლოს  დარბაზიდან გათავისუფლდა. 

ლ.კ.-ს ედავებოდნენ საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173- მუხლებით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინაღმდეგობის გაწევას.

სხვადასხვა:

- 2019 წლის მარტის თვეში უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა რაიონული და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება დ.გ.-ს საქმეზე, რომლის თანახმად გაუქმდა ქონების მართვის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის შესახებ.

- 2019 წლის მარტის თვეში სააპელაციო სასამართლომ ვ.გ.-ს საქმეზე უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად გაუქმდა ქონების მართვის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის შესახებ.

- ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იცავდა მარტოხელა მოხუცის, აფხაზეთიდან დევნილი ნ.ჩ.-ს სამართლებრივ ინტერესებს. ნ.ჩ-ს წაგებული ჰქონდა სამოქალაქო დავა, რომლითაც მოსარჩელე გერი ედავებოდა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას და მამის ქონებაზე მემკვიდრედ აღიარებას. შესაბამისად, საცხოვრებელი ბინა, რომელშიც ნ.ჩ. 1993 წლიდან ცხოვრობდა, აღირიცხა გერის საკუთრებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, საქმე დასრულდა მორიგებით. მორიგების თანახმად, ნ.ჩ, სიცოცხლის ბოლომდე ან/და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან ბინის მიღებამდე, შეუზღუდავად იცხოვრებს ბინაში. ამ ხნის განმავლობაში, ბინას ექნება შეზღუდვა საჯარო რეესტრში - მას მესაკუთრე არ გაყიდის და არ დატვირთავს იპოთეკით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები