ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება, თუ როგორ აღმოჩნდა 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.
კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დაგვიანებული რეაქცია მისი ბიუროს კარის ატოციდან წამოღებული მავთულხლართებით აჭედვამ გამოიწვია.
მეზურნიშვილს კარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ ნონიაშვილმა აუჭედა. მიზეზად კი ვიდეომასალა დაასახელა, რომელიც 20 ივნისს სასტუმრო „რედისონშია“ გადაღებული. ნონიაშვილის თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ სერგეი გავრილოვს წაეყვანა კონფერენცია და ამის ორგანიზებაში ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილიც იყო ჩართული.
„ამ შენობაში ძალიან ბევრი ადამიანი მჯდარა, შეიძლება, ისინი დიდი საქმით ვერ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მეზურნიშვილისგან განსხვავებით, მოღალატეები მაინც არ ყოფილან. მეზურნიშვილმა ქუცნაშვილთან ერთად ორკესტრირებულად დაგეგმა გავრილოვის მიყვანა პარლამენტში და ამას რაც მოჰყვა მათი პასუხისმგებლობაა", -აცახადებს ნუგზარ ნონიაშვილი.
კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ოპოზიციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ის რეალურად არა რუს დეპუტატებს, არამედ საბერძნეთის დელეგატებს ხვდება.
,,გავრილოვთან შეხვედრა მე არასდროს არ მქონია და ეს არის სიცრუე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი გუნდი პოლიტიკურ პასუხიმგებლობას ვიღებთ იმ შეცდომაზე, რაც პარლამენტში მოხდა, პირადად მე არ ვყოფილვარ ამ ასამბლეის ორგანიზებაში ჩართული. მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი არის ჩვენი ბერძენი კოლეგა. ვიდეოკადრებში, რეალურად, ვხვდები ბერძენ დეპუტატებს და მათ გავაცანი ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება, რომ ასამბლეა ვეღარ გაგრძელდებოდა და ჩაიშალა", - აცახადებს პარლამენტში კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში ვიზიტსა და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლური ასამბლეას რუსულ ენაზე წაყვანას, პასუხად თბილისში საპროტესტო აქცია და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა.