ხვალ, 10 აგვისტოს, 09:00-დან 11:00 საათამდე CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკის მონაწილე მოსწავლეები კიდევ ერთ აქციას გამართავენ თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან, სადაც მდ. არაგვი უერთდება თბილისის წყალსაცავს.
თბილისის ზღვაზე საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა 30 ივნისსაც გამართეს აქცია-პერფორმანსი - ადგილზე არსებულ დაზიანებულ კონსტრუქციაზე მოაწყვეს ბანერი გამაფრთხილებელი წარწერით, რომელიც მოქალაქეებს მიუთითებს ამ ადგილაზე არსებული სასიკვდილო საფრთხის შესახებ. CENN-ის მხარდაჭერით, აქცია-პერფორმანსის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც გავრცელდა
სოციალურ ქსელში.
თბილისის ზღვაზე, სადაც მოსწავლეთა აქცია იმართება, წლების განმავლობაში რამდენიმე ადამიანია დამხრჩვალი, მათ შორის - ბავშვები. ამის მიუხედავად, თბილისის მერია ჯიუტად არ ამონტაჟებს გამაფრთხილებელ ბანერებს. დღემდე არ აღსრულებულა 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც დაკმაყოფილდა ორი დაზარალებული ოჯახის ადმინისტრაციული სარჩელის მოთხოვნები და მერიას თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება დაევალა. მერიას ასევე ევალება არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვეღარ შეძლონ.
ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე მოსწავლეთა ხვალიდელი აქციის ადრესატები კვლავ არიან ერთი მხრივ, მოქალაქეები, რომლებიც ამ ადგილის საშიშროების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და მეორემხრივ, თბილისის მერია, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქის ტერიტორიაზე წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე.
CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკი ხორციელდება „ავსტრიის თანამშრომლობა - განვითარებისთვის" (Austrian Development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიას „იცურე მშვიდად" მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი.