კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, არ შეუზღუდოს ზაზა სარალიძის ადვოკატს სასამართლო პროცესებზე დასწრება

14 სექტემბერი, 2019
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს  ხორავას ქუჩაზე სასტიკად  მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დაცვას. 12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაახლა ხორავას ქუჩაზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა. სხდომაზე, დაზარალებულის სტატუსით, დაიკითხა მოკლული დავით სარალიძის მამა - ზაზა სარალიძე. დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში  ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე იცავს. 

12 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც ზაზა სარალიძე დაკითხვაზე იმყოფებოდა მოწმის სტატუსით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის თხოვნა და სხდომაზე არ დაუშვა მისი ადვოკატი. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის - ზაზა სარალიძის დაკითხვას, რომელიც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე წარმოადგენს მას როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, ასევე სასამართლოში. 

 საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს დაცვის უფლებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული წარმოდგენილია მოწმის სახით და სარგებლობს მისი ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა ვალდებულება. მოწმისაგან დაზარალებულის სამართლებრივი სტატუსი მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ამ უკანასკნელს, დაზარალებულდ ცნობის შემდგომ, კანონმდებელი განსაკუთრებულ უფლებას ანიჭებს, საქმესთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაციის მიღებაზე.  რა თქმა უნდა, მოწმეებსა და დაზარალებულებს გააჩნიათ გარკვეული განსხვავებული როლი, უფლებები და ვალდებულებები სისხლის სამართლის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მათ ერთნაირ სტატუსს ანიჭებს და პირდაპირ ადგენს, რომ მოწმის უფლებები და მოვალეობები ასევე ეხება  საქმეში არსებულ დაზარალებულებს. ამასთანავე, დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა გულისხმობს სამართლებრივი დაცვის ეფექტური ღონისძიების წვდომას, სასამართლო პროცესებში მონაწილეობას, პატვისიცემითა და ღირსებით მოპყრობას, დაცვას, კომპენსაციას, დახმარებასა და მხარდაჭერას, მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იურიდიულ მხარდაჭერას.

ეუთოს მონაწილე ქვეყნებმა აიღეს ვალდებულებები დაზარალებულთა მიმართ სამართლიანი მოპყრობისა და მათი მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაზარალებულის უფლებების დაცვას წარმომადგენლის მეშვეობით, რათა არ შეფერხდეს დაზარალებულის დამოუკიდებელი, ეფექტური და კომპეტენტური დაცვის წარმომადგენლობის უფლების განხორციელება.  ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალური და პრივილეგირებული კომუნიკაციის უფლება სამართლიანი სასამართლოს ბირთვს წარმოადგენს.  

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 12 სექტემბერს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაცვის მხარის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ დასმული შეკითხვები მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებებსა და თავად ზაზა სარალიძის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებების შინაარსს ეხებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით,  სასამართლო პროცესზე განვითარებული მოვლენები წარმოადგენს რიგი სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობას. დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია კი, მოახდინოს დაზარალებულის პოლიტიკურ ინტერესებზე ხაზგასმა - არის ყოველგვარ დამაჯერებელ არგუმენტაციას მოკლებული და, ამასთან, სრულებით არარელევანტურია მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში კონკრეტული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი აქტიურად იყო ჩართული ამ  საქმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. აქამდე დაზარალებულის წარმომადგენელს არ შექმნია დამატებითი ბარიერები საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესების დაცვისას.  ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლემ დაზარალებულის წარმოამდეგენელს შეუზღუდა მისი მოწმის სახით დაკითხვაზე დასწრება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს, უზრუნველყოს დაზარალებულის უფლებების დაცვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ შეუზღუდოს დაზარალებულის ადვოკატს მომდევნო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები