კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ არის ჩეჩენი პატიმარი, რომელიც საქართველომ რუსეთს გადასცა

24 სექტემბერი, 2019
 
Jam-news.net

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა რამზან ახიადოვი, რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი, რომელსაც მოსკოვი ტერორისტულ დანაშაულში – ისლამური სახელმწიფოს სასარგებლოდ ხალხის გადაბირებაში და ასევე 2013-2015 წლებში ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბრძოლაში სდებს ბრალს.

საქართველოში ამ ექსტრადიციას დიდი ხმაური მოჰყვა – ქართველი პოლიტიკოსები და უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლებას ევროპული კონვენციების დარღვევასა და კრემლის სურვილების უპირობო შესრულებაში ადანაშაულებენ.

საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთის პროკურატურისგან მიიღო გარანტიები, რომ ახიადოვს ადამიანურად მოექცევიან. 

_________________

1979 წელს დაბადებულ რამზან ახიადოვს მოსკოვი ინტერპოლით ეძებდა.

ახიადოვი მოსკოვს 19 სექტემბერს, დილით გადასცეს.

განცხადებაში, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამ თემაზე გააკეთა ახიადოვის შესახებ ძალიან მწირ ინფორმაციას ვიგებთ.

წულუკიანმა თქვა, რომ ახიადოვი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა “სადაც ასევე უწყობდა ხელს ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას”.

“ამაზე მეტს ამ საქმეზე ვერ ვიტყვი,” – აღნიშნა მინისტრმა.

• მოსაზრება: ორი სამშობლო. რა განსხვავებაა რუსეთსა და უკრაინას შორის

• მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“

JAMnews-ი ახიადოვის ადვოკატს ალექსანდრე თეთიაშვილს ესაუბრა.

მან გვითხრა, რომ რამზან ახიადოვი საქართველოში 2016 წლიდან ქუთაისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მას ჰქონდა მცირე ბიზნესი, აპირებდა საქართველოში დარჩენას და მოქალაქეობის მიღებას.

როგორც ალექსანდრე თათელიშვილი ჰყვება, ქართველმა სამართალდამცავებმა იგი სრულიად შემთხვევით დააკავეს: ცხრა თვის წინ, ის ქუთაისში, პოლიციამ მანქანის არასწორი პარკირებისას გააჩერა და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ის ინტერპოლით ძებნილი იყო.

ბოლო ცხრა თვე ახიადოვმა რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში გაატარა.

რუსეთში ექსტრადირების საკითხი ახიადოვის დაკავებისთანავე დადგა.

ახიადოვი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა, უარი ეთქვა მის გადაცემაზე რუსეთისთვის. ის მიუთითებდა, რომ რუსეთში სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა, ციხეში კი, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდებოდა.

საქართველოს მიგრაციის სამსახურმა დაკავებულს უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ახიადოვმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა, თუმცა წააგო.

ადვოკატის თქმით, ახიადოვის საქმეში უმარავი კითხვის ნიშანია. ის აღნიშნავს, რომ საქმეში მხოლოდ რუსეთის პროკურატურის დადგენილებები დევს და სხვა მტკიცებულებები არ არის.

“პრობლემა იმაშია, რომ ექსტრადირება მოხდა მხოლოდ რუსეთის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე. არაფერი არ იყო საქმეში. არც მოწმეების ჩვენებები, არც რაიმე ფოტო-ვიდეო მასალა, არც რაიმე მტკიცებულებები, მაგალითად საზღვრის კვეთის სირიაში. არანაირი საბუთი არ იყო რუსეთის პროკურატურის დადგენილების მეტი და არც არავის მოუთხოვია რაიმე დამატებითი მტკიცებულებები რუსეთის მხარისგან. ასე, შეიძლება ვინმეზე გავაგზავნო დადგენილება, რომ იძებნება და გადმომეცით-თქო. დასაბუთებული ვარაუდის მინიმალური სტანდარტი ხომ უნდა იყოს დაცული?! რუსეთია, ბოლობოლო. ასე ბრმად ნდობა, შეიძლება? საერთაშორისო კონვენციები მეტ სიფრთხილეს გვავალდებულებს, როდესაც ისეთ ქვეყანას გადასცემ, როგორიც რუსეთია“.

გარანტია რუსეთის პროკურატურისგან
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ვიდრე ახიადოვს რუსეთს გადასცემდნენ, “ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციისგან მიიღო წერილობითი გარანტია, რომ ძალინ მძიმე მუხლების მიუხედავად, რამზან ახიადოვს ადამიანურ პირობებში ამყოფებენ”.

მინისტრი დასძენს, რომ რუსეთის პროკურატურიდან მიღებული ამ არგუმენტირებული წერილობითი გარანტიის შემდეგ მას არავითარი ეჭვი არა აქვს, რომ რუსეთში ახიადოვს რამე დაემუქრება:

“როგორც ამას ამბობს დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტი, არ არსებობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი” – ამბობს წულუკიანი.

ეს არის მისი სრული ციტატა:

“ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის, თითოეული ჩეჩენი, თითოეული ქისტი, ჩვენი მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის, იყო და არის პრიორიტეტი. ამიტომაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა, თუ ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით. ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლების დაცვა და ა.შ.”

“კაცი წამებისთვის გაწირეს”
იუსტიციის მინისტრისგან განსხვავებით, რუსეთის პროკურატურის გარანტიების არ სჯერა არც ქართულ ოპოზიციას და არც ქართველ უფლებადამცველებს.

ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემას მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების აქტიური ნაწილში.

“გუშინ კაცი აქ იყო, ძალიან ახლოს ჩვენთან ყველასთან და ახლა რუსეთში აწამებენ! ვერ დავიცავით. შანსი არაა ეს შეგარჩინოთ!” – წერს თავის ფეისბუკ-გვერდზე ოპოზიციური პარტიის,”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. 

ხოშტარიას თქმით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების “კიდევ ერთი ღიად პრორუსული და არაადამიანური გადაწყვეტილება”.

 ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი JAMnews-თან საუბარში ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია წევრ ქვეყანას ავალდებულებს, მსგავს საქმეებში ის რისკები შეისწავლოს, რაც შესაძლოა მოჰყვეს პირის ექსტრადიციას, რაც, მისი თქმით, არ მომხდარა.

“ასე უპირობოდ, მტკიცებულებების შესწავლის გარეშე, მხოლოდ რუსეთის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გადაცემა სწორედ უფლებების დარღვევას წარმოადგენს,” -ამბობს ნანუაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მოტივაცია იმდენად გაუგებარია, რომ რჩება ვარაუდი “ხელისუფლება ღიად ასრულებს კრემლის მოთხოვნებს და ცდილობს ის არ გააღიზიანოს”.

“იქ, სადაც წამების რისკი არსებობს, ადამიანებს ასე არ გადასცემენ” – ამბობს ნანუაშვილი. 

რა ხდება რუსეთის ციხეებში?

რუსეთის ციხეებში წამების ფაქტები თითქმის ყოველდღიურობაა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიც მოწმობს.

ევროპის საბჭოს ანგარიშის თანახმად, რუსეთი ევროპაში პირველ ადგილზეა პატიმართა სიკვდილიანობის მიხედვით – ყოველ 1000 პატიმარზე 6 გარდაცვლილი.

ბოლო რამდენიმე ფაქტი: 20 ივლისს დამოუკიდებელმა გაზეთმა “ნოვაია გაზეტა” გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ აწამებენ პატიმარ ევგენი მაკაროვს იაროსლავის #1 კოლონიის თანამშრომლები. მას შეკრული აქვს ხელები და სცემენ ხელკეტებითა ქუსლებზე. დრო და დრო მაკაროვს ასხამენ წყალს. შემდეგ აიძულებენ გაიხადოს შარვალი და საცვლები.

22 ივლისს ბრიანსკში, #6-ე კოლონიაში წამების შედეგად პატიმარი გარდაიცვალა. ციხის თანამშრომელმა მას სახეზე შემოახვია ნაჭერი ისე, რომ პატიმარი დაიხრჩო.

რუსი უფლებადამცველი, ფონდ “Русь сидящая”-ს ხელმძღვანელი ოლგა რომანოვა ამბობს, რომ წამება რუსეთის ციხეებში იმდენად ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენაა, რომ მის გაშუქებას სახელმწიფო ტელევიზიებიც კი არ ერიდებიან.

“თუ თქვენ უბრალოდ ჩაწერთ YouTube–ის  საძიებო ზოლში „წამება, ზონა, კოლონია, რუსეთი, დამცირება“, გამოჩნდება ასობით ბმული. სხვათა შორის, ამის შესახებ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებიც საუბრობენ.  მაგალითად, ჩელიაბინსკის ციხეში წამების შესახებ ამბავი ახლახან აჩვენეს ადგილობრივ რეგიონალურ ტელევიზიაში,” – ამბობს ის.

 მისი თქმით, რუსეთის პენიტენციალური სისტემა დღეს არის დახურული როგორც არასდროს:

“ამ ყველაფრის გამო არავინ ისჯება რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ეს არის უკიდურესად დახურული სისტემა. ამ სისტემაში დღეს დამოუკიდებელი დამკვირვებლები საერთოდ აღარ დაიშვებიან. აღარ დარჩა საერთოდ არანაირი კონტროლი. ძალიან რთულია კოლონიაში მოხვდე, რათა შეამოწმო, რამდენად დაცულია იქ ადამიანის უფლებები. და ეს სისტემა სულ უფრო და უფრო მეტად იხურება ტოტალური კორუფციის გამო,” – ამბობს უფლებადამცველი.

 მისი თქმით, ციხიდან საშინელ ცნობებს თითქოს მოსახლეობაც შეეჩვია:

“ამას აქ უკვე ყველა შეეჩვია. ეს არის ცხოვრების ჩვეულებრივი წესი წინასწარი დაკავების ცენტრებში, კოლონიებში, პოლიციის განყოფილებებში და ФСБ-ს განყოფილებებში. შეხედეთ თუნდაც უახლეს ამბებს: ე.წ. “Сети”-ს საქმე პენზაში, ბიზნესმენი ფშენიჩნის საშინელი სიკვდილი სანქტ-პეტერბურგში წინასწარი დაკავების საკანში –  მას  ხერხემალი ჰქონდა გატეხილი და ე.წ. “კიპიატილნიკი” ჰქონდა პირში,” – ამბობს რომანოვა. 

ახალი ამბები