კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვან დედას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

27 სექტემბერი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

26 სექტემბერს, გორის რაიონულმა სასამართლომ 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ლევან დარბაიძე იხილავდა. 

,,სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშთა კონვენციის პირველი და მესამე მუხლებით, 37-ე მუხლის პირველი ბ ქვეპუნქტით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ ე.წ. „პეკინური წესდების“ მე-5 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3, მე-4, მე-7, მე-14, მე-17, 29-ე, მე-4, 76-ე მუხლებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით, 73-ე, 81-ე, 258-ე, 277-ე და 279 მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და დაადგინა, მ.შ. ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ და ვ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით", - აღნიშნა მოსამართლე ლევან დარბაიძემ, რომელმაც ბრალდებულ არასრულწლოვან დედას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ.შ.-ს, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მსჯავრდებულ მ.შ.-ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა ჩაეთვალოს დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 22 მაისი. მ.შ-ს მიმართ შეფარდებული აღმკვეთი პატიმრობა გაუქმდეს არასრულწლოვნის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, შესაბამის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას დაევალოს მ.შ-ს მიერ ინდივიდუალური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გავლა, ინდივიდუალურ შეფასების ანგარიშში ჩამოყალიბებული შეფასების შესაბამისად. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით", - განაცხადა მოსამართლე დარბაიძემ და მხარეებს განუმარტა, თუ რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება. მიუხედავად მოსამართლის აღნიშნული განმარტებისა, სასამართლო დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა გარდაცვლილი 7 თვის ბავშვის მამისა და მისი ნათესავების მხრიდან.

“აღიარა, რომ შვილი განზრახ მოკლა, სასამართლომ კი 6 წელი განუსაზღვრა სასჯელის ზომად, გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება ეს.  პატარა, უმწეო ბავშვს დაცვა არ უნდოდა? ველოდით, რომ 10-დან 12 წლამდე მიუსჯიდნენ, ალბათ, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, - აცხადებდნენ მოკლული ბავშვის მამის ნათესავები. 

ჩვილი ბავშვის მკვლობაში მსჯავრდებული არასრუწლოვანი დედის ადვოკატიც უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით და გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

,,სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში, რასაც არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით. აღნიშნული საქმის გამოძიების ეტაპიდან უამრავ დარღვევებთან გვაქვს საქმე, თუმცა დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწოდებთ, დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც დამატებით კომენტარს გავაკეთებ", - აღნიშნა მსჯავრდებულის ადვოკატმა, ერმილე ჭეიშვილმა.

ერთადერთი, ვინც სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი იყო, ეს საქმის პროკურორია. ნანა გუგუტიშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ არასრულწლოვანი დედა დამნაშავედ ცნო 7 თვის შვილის მკვლობაში.

,,სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და არასრულწლოვანი მ.შ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას განუსაზღვრა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით,   არასრულწლოვნის მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე შეუმცირა ორი წელი და საბოლოოდ განსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ სრულად ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილში, ვინაიდან მტკიცებულებებით ნამდვილად დადასტურდა მ.შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება", - განაცხდა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ  მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა 21 მაისს დააკავეს, შსს ინფორმაციით: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა”, პოლიციამ 16 წლის გოგო რამდენიმე საათში თბილისში იპოვა და დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დედა შვილის მკვლელობას აღიარებდა.

 არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას კიდევ ერთ გარემოებაზე ითხოვდნენ, რომელიც არასრულწლოვან დედას შეეხებოდა, რადგან მის მიმართაც  ჩადენილი იყო სისხლის სამართლის დანაშაული, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სრულწლოვანი პირის მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანის მეუღლე, რომელიც სრულწლოვანია, გამოკითხვაზე რამდენჯერმე იმყოფებოდა პოლიციაში, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა.

ახალი ამბები