კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა

30 სექტემბერი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

რა იცის ადგილობრივმა მოსახლეობა მუნიციპალიტეტის სერვისებზე, რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის და როგორ აფასებენ თვითმმართველობის ორგანოების მუშაობას -  ამ საკითხზე გორის საინფორმაციო ცენტრმა კვლევა ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია 27 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალური სერვისების პრიორიტეტების განსაზღვრაში საკმაოდ დაბალია. კვლევაში ასევე ცალკეა გამოყოფილი ის სერვისები, რომლითაც გამოკითხულ მოსახლეობას არასდროს უსარგებლია: მშენებლობის ნებართვის გაცემა, ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამა, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა. კითხვაზე, რამდენად ხართ ინფორმირებული თვითმმართველობის გადაწყვეტილებების შესახებ -49% პასუხობს, რომ არ არის ინფორმირებული, 22% მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, მხოლოდ 2,7%-ი ამბობს, რომ ინფორმირებულია. კვლევის ავტორების თქმით, ქალაქ გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში 1057 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის შედეგები კი მიუთითებს იმ ხარვეზებზე, რაც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გააჩნიათ.

,,კვლევამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა არის ძალიან დაბალი და ის არ აღემატება 10 %-ს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობას თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია აქვთ ძალიან დაბალი, მოსახლეობის 70%-მა საერთოდ არ იცის რა გადაწყვეტილებები მიიღება თვითმმართველობის დონეზე და კიდევ რაც ამ კვლევამ აჩვენა არის ის, რომ მოსახლეობას აქვს ნაკლები ინტერესი რომ მომავალში მაინც შეძლოს ჩართვა ამ პროცესში", - აცხადებს კვლევის ავტორი ლიკა სანიკიძე, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობის ნიჰილიზმი გამოწვეულია შეუსრულებელი დაპირებებით, თუმცა კვლევის ავტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოკითხული მოქალაქეების 7,9 %-ს აქვს, 59% კი საკითხით არ არის დაინტერესებული.

მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული სერვისებით, რომლითაც მოსახლეობა ყველაზე მეტად არის კმაყოფილი ესენია: ნარჩენების მართვა, ადგილობრივი გზები, გარე განათება და ტრანსპორტი. მუნიციპალური სერვისები, რომლითაც მოსახლეობა უკმაყოფილოა მათ ჩამონათვალში გვხდება: კანალიზაციის, სანიაღვრე და სარწყავი არხების სისტემის გაუმართაობა, სოციალური დახმარება, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, გარე ვაჭრობის რეგულირება.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც კვლევის შედეგებს გაეცნო აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის იმ სერვისების მიწოდების გაუმჯობესება მოხდა, რომლითაც მოსახლეობა უკმაყოფილოა.

,,ჩვენ დავინახეთ, რაც გვაქვს გამორჩენილი და ამ მხრივ უფრო მეტად გავამახვილებთ ყურადღებას. კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას, რათა მუნიციპალური სერვისები მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული",  - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

კვლევაში ასევე აღნიშნულია იმ სერვისების შესახებ, რომლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ქალაქ გორში გამოკითხული მოსახლეობა კმაყოფილია, თუმცა მუნიციპალიტეტის სოფლებში უკმაყოფილობას გამოთქვამენ. 

გორის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარის მიხეილ ჩიტაძის თქმით, ერთი და იმავე სერვისებთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება სოფელსა და ქალაქში მცხოვრებლების მათი განსხვავებული საჭიროებებით არის გამოწვეული.

,,კვლევამ დაგვანახა, რომ საკმაოდ განსხვავებულია სერვისების მიწოდების ხარისხი ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პრობლემების დიდი ნაწილი სისტემურია და საჭიროებს რეფორმას, რადგან დეცენტრალიზაცია საკმაოდ დაბალი ხარისხით არის საქართველოში და სწორედ  ამით არის გამოწვეული სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემაც ", - აღნიშნა ჩიტაძემ.

მუნიციპალური სერვისების პრობლემა ასევე მწვავედ დგას გორის მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლებებში.

,,დევნილ მოსახეობას თითქმის იგივე საჭიროებები და პრობლემები აქვს, რაც გორის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობას. მათ ხელი შეზღუდულად ან არ მიუწვდებათ იმ საბაზისო მუნიციპალურ სერვისებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ყოველდღიური ცხოვრებისთვის: წყლის მიწოდება და ტრანსპორტი. დევნილები მიუთითებენ, რომ გაუმართავია სასმელი  წყლის მიწოდების სიტემა. მოუწერიგებელია დასახლების შიდა გზები, რასაც ტრასპორტიც გაუმართავობაც ემატება.  დევნილების თქმით ტრასპორტი დღეში ორჯერ დადის და თუ დღის სხვა მონაკვეთში მგზარობა დასჭირდათ, ავტობანამდე მისასავლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უხდებათ“ , - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევა მიუთითებს გორის მუნიციპალური სერვისების მიწოდებაში არსებულ ხარვეზებსა და მიღწევებს.  კვლევის ავტორების განცხადებით, გორის მერიამ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდასთან ერთად უნდა უზრუნველყოს პრიორიტეტების განსაზღვრაში  მოსახლეობის ჩართულობა.

ახალი ამბები