კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას მოითხოვს

10 ოქტომბერი, 2019
 
20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებით საპროტესტო აქციის დარბევისას 38 ჟურნალისტი დაშავდა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტებს ურთულეს პირობებში უწევდათ პროფესიული მოვალეობის შესრულება და მიმდინარე მოვლენების გაშუქება.  

 საპროტესტო აქციის დაშლამდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით, უკანონოდ გამოაძევეს აკრედიტებული ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ხოლო აქციის დაშლისას ჟურნალისტებს საპოლიციო ძალები დამიზნებით ესროდნენ მაშინაც კი, როდესაც თვალსაჩინო იყო, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები იყვნენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. 

20 ივნისის ღამეს დაშავებული ჟურნალისტებიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი 4 ჟურნალისტს უწევს სამართლებრივ დახმარებას, მათ შორის - ბესლან კმუზოვი (Кавказский Узел) და მერაბ ცაავა („გურია ნიუსი“) პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მათ აქციის დარბევისას მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, რა დროსაც საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა. ბესლან კმუზოვს 6 ტყვია მოხვდა, აქედან ერთი - თავის არეში, მერაბ ცაავას კი რეზინის ტყვიების შედეგად დაუზიანდა ხელი და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.
აქციის დროს ასევე დაშავდნენ ჟურნალისტები: ვახტანგ ბერიკაშვილი და ზაზა სვანაძე. ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, სპეცრაზმელების ნასროლი ე.წ. პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიებისგან, რის გამოც იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ბერიკაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვია საქმეს ნივთმტკიცების სახით ერთვის. ამ ტყვიის ფოტოსურათი არაერთხელ გავრცელდა სოციალურ მედიაში და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

აქციის ძალისმიერი დაშლის დროს ზაზა სვანაძემ სპეცრაზმელების მიერ ნასროლი ტყვიებისგან არაერთი დაზიანება მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქციის დარბევისას დაზარალებული ჟურნალისტები მოწმის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს. ივლისში ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა  გენერალურ პროკურატურას, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია გატარებული საგამოძიებო მოქმედებების  შესახებ. ორგანიზიციამ ასევე მოითხოვა მათი დაზარალებულად ცნობა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. 

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლას, მაგრამ გენერალური პროკურატურის პასუხის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის  შესაძლო გამოყენების ფაქტზე. 

ბოლო ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილია 67 პოლიციელი და 4 დემონსტრანტი. მათ შორის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე დაზიანება მიიღეს გაურკვეველი წარმოების ტყვიებისაგან. შესაბამისად, საზოგადოებას უჩნდება სამართლიანი განცდა, რომ მიმდინარე გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტურია და არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება პროცესების სამართლებრივ რეჟიმში წარმართვისათვის. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას: 

- სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება წარიმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლას;

- ჩაატაროს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და დანაშაულის ჩამდენ პირებს დააკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, 

- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე 20 ივნისს დაზარალებულ მოქალაქეებს დროულად მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები