კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კრემლის ძლიერი და რბილი ძალა

29 ოქტომბერი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

რუსეთი საქართველოში ძლიერ ძალასთან, ოკუპაციასთან, ერთად ე.წ. „რბილ ძალასაც“ ააქტიურებს. რუსულ-ქართული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ახალციხეში ორგანიზაცია ,,სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე'' დაარსდა. ორგანიზაციის პრეზენტაცია 20 ოქტომბერს გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, ვლადიმერ ხომერიკი ესწრებოდა.  21 ოქტომბერს ვლადიმერ ხომერიკი სამცხე-ჯავახეთიდან შიდა ქართლში ჩავიდა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მიმდინარე ოკუპაციას გამოეხმაურა. ხომერიკმა, რომელიც გამოირჩევა პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებით, ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია.

„რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს დიალოგი. რუსეთს თავის გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, რომელიც საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს. რუსეთს არ უნდა ნატოსა და მტრის ჯარი დაუდგეს საზღვარზე და მგონია,  საქართველოსაც არ უნდა ნატოს ჯარი. მოლაპარაკებები თუ დაიწყება, მალე მივაღწევთ შედეგს”, - განაცხდა ვლადიმერ ხომერიკმა.

ვლადიმერ ხომერიკი 20 აპრილს,  გორში, ორგანიზაციის ,,მეგობრობა და სამართლიანობა"-ს პრეზენტაციასაც ესწრებოდა, რა დროსაც მას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ახალციხესა და გორში გახსნილ ორგანიზაციებს, სხვადასხვა სახელწოდების მიუხედავად, ერთი მიზანი აქვთ - ქვეყნის არჩეული დასავლური გზიდან ჩრილოეთით გადახვევა. 

,,ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა ქართული ინტერესების გათვალისწინებით, პირველ რიგში იმისათვის, რომ მეზობელ ქვეყნებთან დავალაგოთ ურთიერთობა. ნუ ვიქნებით პრორუსულები და ვიყოთ პროამერიკელები მაგრამ ამით რას მივაღწიეთ? ჩვენ არ ვართ მომხრე ნატოში შესვლის, რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობები”, - აცხადებს ,,მეგობრობა და სამართლიანობა"-ს გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ მეზვრშვილი.

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკა წიქარიძის განცხადებით, კრემლი საქართველოში ოკუპაციასთან ერთად ე.წ. „რბილ ძალას“ ააქტიურებს და სწორედ ამას უკავშირებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პრორუსული ორგანიზაციების დაფუძნებას.

,,ეს ორგანიზაციები მუშაობენ ორი მიმართულებით: პირველი ეს არის პრორუსული განწყობები, რომ რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე მეზობელია და მასთან პრინციპული პოლიტიკით ვერაფერს გავხდებით, მეორე - ეს ორგანიზაციები აქტიურად ეწევიან ანტიდასავლურ პროპაგანდას რუსეთის კონტექსტში, რომ ნატოში თუ გავწევრიანდებით რუსეთთან კიდევ უფრო მეტად დაგვეძაბება ურთიერთობა და შეიძლება, ომის დაწყების საფრთხემდე მივიდეთ. სამწუხაროდ, არის მოწყვლადი ჯგუფები, სადაც ასეთი ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია, განსაკუთრებით რაიონებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, სადაც არის შედარებით სუსტი შემხებლობა რეალურ ინფორმაციებთან. ასეთ შემთხვევაში სამუშაო ნამდვილად არის, რომ ამ ორგანიზაციებს რაც შეიძლება, ნაკლები შესაძლებლობები დავუტოვოთ იმისთვის, რომ  მსგავსი ინფორმაციების მსხვერპლი არ გახდეს საქართველოს მოქალაქეები", - აცხადებს ნიკა წიქარიძე

გორის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის, ნათია ნადირაძის განცხადებით, პრორუსული და ანტიდასავლური განწყობები საქართველოში საგრძნობია, თუმცა არა საგანგაშო. ნადირაძე მიიჩნევს, რომ  ქვეყანაში უნდა ჩატარდეს კვალიფიციური კვლევა, რომელიც პრორუსული განწყობების საფუძვლებს გამოიკვლევს.  

 ,,რუსეთის გავლენა რომ იზრდება ეს არის ცალსახა, მაგრამ არ იზრდება მარტო ჩვენთან. რუსეთი ცდილობს არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში მხარდამჭერთა ქსელებით გავლენების გაზრდას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის, რა ძირეული მიზეზები არსებობს იმის, რის გამოც რუსული პროპაგანდა იკიდებს ფეხს ამ ქვეყანაში და პოულობს მხარდამჭერებს. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს მძიმე სოციალური ფონია, ან წინა ცხოვრების, საბჭოთა კავშირის, მეხსიერება, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ამაზე ჩატარდება  საფუძვლიანი, კვალიფიციური კვლევა. იმიტომ, რომ სტრატეგიების შემუშავებისას აუცილებელია რომ ჩვენ მითებზე არ ვიყოთ დამოკიდებული, გვქონდეს სტატისტიკა, რომელიც უფრო დაგვეხმარება ამ პრობლემების აღმოფხვრაში", - აცხადებს ნათია ნადირაძე.

2019 წლის მაისში გამოქვეყნებული NDI-ის კვლევით, მოსახლეობის 39 პროცენტი ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი იყო. 4 თვეში, 2019 წლის 17 სექტებერს, ამავე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უკვე 41 პროცენტი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. გამოკითხულთა 49 პროცენტის თქმით, კი კარგი მოვლენა იყო. ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 10 %-მა უპასუხა -  "არ ვიცი". საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდ მოვლენად ძირითადად 55 წელს ზემოთ ადამიანებს (56%) მიაჩნიათ, რომელთა უმეტესობა სოფლებსა (47) და პატარა ქალაქებში (42) ცხოვრობს.

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით,  გაზრდილია იმ ადამინების რიცხვიც, რომლებიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს. რესპონდენტთა 78% საქართველოს ევროკავშირში, ხოლო 71% ნატოში გაწევრიანების მომხრეა. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას რესპონდენტთა 14%-მა უარყოფითად უპასუხა,  8%-მა კი კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.

ახალი ამბები