კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი)

8 ნოემბერი, 2019
 
საზოგადოებრივი მაუწყებლის განთავისუფლებული თანამშრომლები ფულად კომპენსაციას მიიღებენ

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლიდან გათავისუფლებული ათეულობით თანამშრომლიდან ერთი მოსარჩელე 1 აგვისტოდან აღდგენილია გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე,  ხოლო 2 მოსარჩელე, მოპასუხე მხარესთან მორიგების გზით, დაკმაყოფილდება მის მიერ დასახელებული ფულადი კომპენსაციით - 9 000 ლარისა და 4 000 ლარის ოდენობით.

გასულ წელს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ათობით თანამშრომელი განთავისუფლდა, რომლებიც მაუწყებელში დასაქმებული იყვნენ განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულებები დასაქმებულთან გრძელვადიანი ურთიერთობის ხედვას აყალიბებს და მისთვის მეტი სოციალური სტაბილურობის შექმნას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, 2018 წლის აგვისტოს თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მიიღო ე.წ. „შეთავაზება“ განსხვავებული ხელშეკრულებისა, რითაც დასაქმებულთა საწინააღმდეგოდ სრულად იცვლებოდა სამუშაო პირობები.  

უკანონოდ გათავისუფლებული პირების უფლებების დასაცავად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა მიმართეს სასამართლოს დასაქმებულთა შრომითი უფლებების აღდგენის მოთხოვნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული 20 დასაქმებულის ინტერესებს წარმოადგენდა, რომელთაგან 18 საქმე წარმატებით დასრულდა.

სასამართლომ თბილისის მერიას თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერებისა და კედლის მოწყობა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი და ქალაქ თბილისის მერიას თბილისის ზღვაზე ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება დაავალა. მერიას ასევე დაევალა არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მოქალაქეებმა მისი გადალახვა ვეღარ შეძლონ. 

ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის ადგილი, სადაც ცურვა განსაკუთრებით საშიშია. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ განიხილა სარჩელის მოთხოვნა, რომლის თანახმად წყლის გამანაწილებელმა კომპანიამ - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ასევე, ამ ტერიტორიაზე უნდა დაამონტაჟოს სათვალთვალო ვიდეოკამერები და გააკეთოს საგუშაგო კოშკურა, რათა საფრთხის შემთხვევაში დროულად მოხდეს რეაგირება,. ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ მოთხოვნას სამოქალაქო სარჩელის წესით დააყენებს. ასევე, ორგანიზაცია დაზარალებულთა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

აქციის დროს დაკავებულ პირთა საქმეებზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, სამართალდამცავებმა, ადმინისტრაციული წესით, დააკავეს რ.დ, ნ.კ. და ი.ს.  დაკავებულებს ედავებოდნენ საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინაღმდეგობის გაწევას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად საქალაქო სასამართლომ რ.დ.-ს, ნ.კ.-სა და ი.ს.-ს საქმეებზე  შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესი.

საჯარო რეესტრს საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთის მოქალაქისთვის საკუთრებაში დარეგისტრირება დაევალა

სოფელ დიცის მკვიდრმა ი.ბ.-მ იმის დასამტკიცებლად, რომ ნაკვეთი ოკუპირებულ ზონაში არ იყო მოქცეული, სასამართლო დავა 2018 წელს დაიწყო. რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა ფაქტი დაადასტურეს. ორი ინსტანციის  გადაწყვეტილება საჯარო რეესტრს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია, რაც ნიშნავს, რომ ი.ბ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას შეძლებს.

2019 წლის ივნისის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩივარი და ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გორის რაიონულმა სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელის საფუძველზე, სააგენტოს დაავალა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთის ი.ბ.-ს საკუთრებაში დარეგისტრირება. 
 
მოქალაქესა და სახელმწიფო უწყებას შორის დავა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხს ეხებოდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრაციაზე უარის მიზეზად ი.ბ.-ს ნაკვეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობას ასახელებდა. ი.ბ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რამდენიმე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც უხსნიდა, რომ მისი მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირებას ითხოვდა, არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გაითვალისწინა მოქალაქის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა, შემდგომ კი დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. ი.ბ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

შსს-ს მოქალაქის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 5 000 ლარის გადახდა დაევალა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის ივლისის თვეში გამოიტანა განჩინება, რომლითაც  უცვლელად დატოვა თბილისისი საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000  ლარის ოდენობით.

2017 წლის 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, ჟ.გ.-ს სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

ჟ.გ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. იგი მთავარი პროკურატურის, 2013 წლის 22 ივლისის, დადგენილებით, დაზარალებულად არის ცნობილი 2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანის გამო.

სააპელაციო სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე უცვლელად დატოვა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი 

2019 წლის 6 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად, ი.კ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არასრულწლოვანი მ.გ.-ს გარდაცვალების საქმეში. ი.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. ადამიანის უფლებათა ცენტრი დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ნ.გ.-ს ინტერესებს იცავს. 

სასამართლომ ბათილად ცნო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული აქტი 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა თურქეთის მოქალაქის ს.ა.-ს ადმინისტრაციული სარჩელი.

ს.ა. სამეწარმეო საქმიანობას ეწევა საქართველოში და დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რის საფუძველზე მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი. 2018 წლის 29 მაისს  მასზე გაიცა დროებითი ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 2 მაისამდე. 2019 წლის 13 მაისს მიმართა სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია. თუმცა, 12 ივნისს სააგენტომ მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავოდ გამხდარი აქტი ს.ა.-სთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და სააგენტოს დაევალა გარემოებათა ხელახალი კვლევის საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის მფლობელი გ.ხ. დარიცხულ ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის

2019 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი, რის საფუძველზეც გაუქმდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და დაევალა მას ხელახლა განიხილოს საქმე იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთი ოკუპირებულია 2012 წლიდან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის თანახმად ითხოვდა გ.ხ.-სთვის საკუთრებაში არსებულ, მაგრამ ოკუპირებულ მიწის ნაკვეთზე დარიცხული ქონების გადასახადის ჩამოწერას. 

სხვადასხვა:

- 2019 წლის ოქტომბერში გორის რაიონულ სასამართლოში ყოფილ მეუღლეებს შორის შედგა მორიგება, რომლის თანახმად ქალბატონს გადაეცემა სადავო ქონების, კერძოდ - კოტეჯის ½ წილი, რომლის განკარგვას შვილთან ერთად შეძლებს. შესაბამისად, ყოფილ მეუღლეს საფუძველი არ აქვს გამოასახლოს ქალბატონი და მისი შვილი კოტეჯიდან. 

- 2019 წლის 30 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული სარჩელი და ბათილად ცნო ე.ბ.-ს მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, რადგან მას მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის, დედამთილის ახსნა-განმარტება ედო საფუძვლად. სავარაუდო მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით, არ გამოკითხულან. ადამიანის უფლებათა ცენტრი ე.ბ.-ს სამართლებრივ ინტერესებს იცავდა. 

- ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი ალიმენტის მოთხოვნის შესახებ დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, რომლის თანახმად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა დაეკისრა თითოეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების მიღებიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი იცავდა. 

- ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის დახმარებით, სამ შშმ პირს დაენიშნა მხარდამჭერი, რომლის საფუძველზე შშმ პირები დაუბრკოლებლად შეძლებენ პენსიის მიღებას.

- გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის აღიარების კომისიამ არ დააკმაყოფილა მ.კ.-ს განცხადება ზედმეტობაში არსებული მიწის რეგისტრაციის შესახებ. ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის დახმარების შედეგად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიწის აღიარების კომისიის გადაწყვეტილება და გურჯაანის მერიას დაავალა საქმის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. 

- ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის სამართლებრივ ინტერესებს, რომელიც მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოძალადეს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და 6 თვით, ასევე, 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის სახით დაენიშნა 2 წელი თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა ორი წელი. 


ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები