21:24, Wednesday, 22.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი

21.11.2019

 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ჩორჩანა-წნელისის კრიზისი საქართველოს ხელისუფლებისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა სამი თვის განმავლობაში ვერ დაძლიეს. 12 ნოემბერს, ერგნეთში რიგით მე-7 ტექნიკური შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა. მხარეები ერთადერთი საკითხზი, რაზეც თანხმდებიან, ეს შეხვედრების ფორმატის გაგრძელებაა. შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შექმნილ მდგომარებაზე ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან კონსტრუქციულ პოზიციებს ელოდებოდა, თუმცა მათ კვლავ ულტიმატუმის ენით გააგრძელეს საუბარი და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ხაშურის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება კიდევ ერთხელ მოსთხოვეს, რაზეც საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც უცვლელია, რომ საგუშაგო არ გაუქმდება. საპასუხოდ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ამ დრომდე არ განიხილავს ახალგორსა და პერევში ჩაკეტილი გამშვები პუნქტების გახსნას.

,,დღევანდელ შეხვედრაზეც პოზიციები იყო უცვლელი. ჩვენ ცხინვალელი მონაწილეებისგან ველოდებოდით უფრო მეტად კონსტრუქციულ პოზიციას, კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ის შეთავაზებები, რომელიც ხელს შეუწყობს სიტუაციის ნორმალიზებას, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი პოზიციები არ დაემთხვა ერთმანეთს. ასევე, ვისაუბრეთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ პროცესებზე. მოგეხსენებათ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ე.წ. „გადასასვლელების“ ჩაკეტვის საკითხი პირდაპირ დაუკავშირეს ამ თემას და კვლავ დავაყენეთ საკითხი გადასასვლელების ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, პასუხი კვლავ არის უარი“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებასთან ულტიმატუმების წაყენებას თან ახლავს უკანონო ქმედებებიც, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში მიმოსვლის აკრძალვასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტების გახშირებით გამოიხატება. ნოემბრის პირველ-ნახევარში საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა, მათგან ოთხი უკვე გათავისუფლებულია, თუმცა კვლავ პატიმრობაში რჩება 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. „საზღვრის” მიზანმიმართულად გადაკვეთას ედავება და მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, 19 ნოემბერს, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს.

„9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქემ, თბილისის მკვიდრმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა დაარღვია სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან ახლოს. არსებული მონაცემებით, იგი წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმმა”, - ნათქვამია ცხინვალის დე ფაქტო КГБ-ს განცხადებაში.

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, სადაც დაკავებული ექიმი მუშაობს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.  ცხინვალის დე ფაქტო ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს დაკავებული ექიმის ოჯახიც. როგორც დაკავებული ექიმის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი აცხადებს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილს, ერთი კვირის განმავლობაში, არ დაუტოვებია ღუდუშაურის კლინიკა და ამას ადასტურებენ როგორც სხვა ექიმები, ასევე, საავადმყოფოს აღრიცხვის ბაზის მონაცემები. თამილა ლაფანაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ღუდუშაურის კლინიკაც საგანგებო რეჟიმით მუშაობდა.

ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით მედიკოსებმა ,,თეთრი ხალათების აქცია" გამართეს. აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ განცხადება გააკეთა. „ვაჟა გაფრინდაშვილს განვიხილავთ როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული სიტუაციის მსხვერპლს", - აღნიშნა ელჩმა.  

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში დააანონსა.

„ჩვენი ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ჩვენ რამდენიმე წყაროს საშუალებით გვაქვს ეს ინფორმაცია მიღებული”, - ეს განცხადება ქეთევან ციხელაშვილმა 17 ნოემბერს გააკეთა.

19 ნოემბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს ჩორჩანა-წნელისის კრიზისზე ისაუბრა. მან ახალგორის და პერევის გამშვები პუნქტების ჩაკეტვა პირდაპირ დაუკავშირა ​ჩორჩანას მიმდებარედ გახსნილ ქართულ საპოლიციო საგუშაგოს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ,,sputnik-ossetia" ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე განთავსებული ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტი “ფეხში შერჭობილ ხიჭვს“ შეადარა. 

"როდესაც ადამიანს ფეხში ხიჭვი შეერჭობა მთელი სხეული სტკივა. ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა ხიჭვის ამოღება. წარმოვიდგინოთ, რომ სხეული - ეს სახელმწიფოა, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ ხიჭვი მოიშოროს. ეს პოსტი - სწორედ ის ხიჭვია, რომელიც ჩვენი სხეულის, ჩვენი სახელმწიფოს ტკივილს იწვევს. პრობლემა ეხება ყველა ნაწილს. ზოგჯერ ტკივილისგან თავის დასაღწევად საჭიროა ქირურგიული ჩარევა და ექიმის დახმარება. ეს ექიმები, მე მივიჩნევ, რომ ხართ თქვენ და თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემის გადაწყვეტა. ეს თქვენი კომპეტენციაა, შეიძლება ითქვას, თქვენი პირდაპირი მოვალეობა, რომ გადაწყვიტოთ ეს ამოცანა ან დაეხმაროთ მის შესრულებაში ქართულ მხარეს",  - განაცხადა ბიბილოვმა. 

ისმის კითხვა, ვაჭრობს თუ არა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ჩაკეტილი გამშვები პუნქტების გახსნასთან ერთად ექიმის გათავისუფლების საკითხით, ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ უკვე პირდაპირი მინიშნებაა ბიბილოვის კომენტარი ,,ხიჭვისა და ექმის" შესახებ? ეს ის საკითხია, რომელზეც ღიად და პირდაპირ არც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა საუბრობს და არც საქართველოს ხელისუფლება, თუმცა კიდევ ერთი მინიშნება  შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა დაკავებული ექიმის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ, 21 ნოემბერს  გააკეთა: ,,მთავარი პრიორიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლებაა და ამისთვის სახელმწიფო უწყებები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ", - აღნიშნა ციხელაშვილმა და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, კერძოდ, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ  რა პირობის შესრულებას ითხოვს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან.

,,შენების მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი humanrights.ge-სთან საუბარში ვარაუდობს, რომ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა, ისევე როგორც ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნის, ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხსაც საქართველოს ხელისუფლებასთან სავაჭროდ იყენებს, ვაჭრობის თემა კი ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ გახსნილი ქართული საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებაა.

,,ის, რომ სავაჭროდ შეიძლება, იქნას გამოყენებული ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხი, ამაზე ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმაც გააკეთა გარკვეული განცხადება, სადაც პირდაპირ არ თქვეს, მაგრამ მიანიშნეს, რომ ეს უკავშირდება ჩორჩანა-ნწნელისის მიმდებარედ ქართულ საპოლიციო საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნას, კონკრეტულად არ ამბობენ, რომ ეს ექიმი მაგიტომ დავიჭირეთ, რომ მისი გათავისუფლება სავაჭროდ გამოვიყენოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, თუმცა ხაზგასმით მიუთითებენ, რომ ვითარების ესკალაცია სწორედ ჩორჩანა-წნელისის მოვლენებს უკავშირდება”, - აცახადებს ვახტანგაშვილი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC