კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი გიორგი კოხრეიძის არჩევის ფაქტს კრიტიკულად აფასებენ

23 ნოემბერი, 2019
 
22 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მრჩეველთა საბჭომ, გიორგი კოხრეიძე აირჩია. კოხრეიძემ პირველ კენჭისყრაზე საბჭოს ოთხი წევრიდან ორის ხმა მიიღო, რამდენიმე წუთში გამართულ განმეორებით კენჭისყრაზე კი სამი ხმა და გამარჯვებული გახდა და მაუწყებლის დირექტორად 3 წლის ვადით დაინიშნა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი კრიტიკულად არიან განწყობილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვაკანტურ ადგილზე გიორგი კოხრეიძის არჩევის გამო.  

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესების გაუმჭვირვალედ ჩატარება, ხელისუფლების ინტერესია, რათა, წინასაარჩევნოდ, გავლენა გააძლიეროს ტელემაუწყებელთა სარედაქციო პოლიტიკაზე.  ასევე მიგვაჩნია, რომ გიორგი კოხრეიძის აქმდე გაკეთებული განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მედია პლურალიზმს და მიანიშნებს ხელისუფლების უხეშ ჩარევაზე სახოგადოებრივი მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში. ამაზე ცალსახად მიუთითებს ისიც, რომ გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად მიღებულ კონკურსში ოთხივეჯერ მონაწილეობდა. პირველ ორ მცდელობაზე მას საბჭოს არცერთი წევრის ხმა არ მიუღია, მესამე კონკურსზე კი (რომლის კენჭისყრა 22 აგვისტოს გაიმართა) 2 ხმა მიიღო. მესამე კონკურსს საბჭოს 5 წევრიდან 4 ესწრებოდა და ამათგან ერთმა, ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო, რომ ძველი შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს აერჩია მაუწყებლის დირექტორი, რადგან ოთხ მრჩეველს უფლებამოსილება უმთავრდებოდა. აღსანიშნავია, რომ კოხრეიძე მანამდე ჩატარებულ სამივე კონკურსში მონაწილეობდა.

მაუწყებლის ახლადარჩეულმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ რომელიც მმართველი პარტიის დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ აირჩია, არხს კრიტიკულ ტონს უწუნებს. არხის გადაცემა 'მთავარში'' სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლების წევრი სტუმრების მხრიდან ბოლო დროს მაუწყებლის მიმართ აშკარა აგრესიაზე, აცხადებს რომ არხმა ისეთი კომფორტული სიტუაცია უნდა შეუქმნას სახელისუფლებო პარტიის წევრ სტუმარს, რომ მას ეთერში მოსვლა სურდეს, ხოლო მაუწყებელი მისი აზრით ამ კომფორტს არ უზრუნველყოფს.

მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ გაკეთებული განცხადება და მისი შეხედულებები საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეს მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილიც ხედავს და ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადებაც გააკეთეს სხვადასხვა მაუწყებლის საშუალებით.

ვიზიარებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლს საზოგადოების ინფორმირებაში, რაც გარანტირებულია კანონმდებლობით. კერძოდ, საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის.

მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მხარს უჭერენ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობას, რითაც აქამდე გამოირჩეოდა აჭარის ტელევიზია. ვიმედოვნებთ, რომ ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე არ ჩაერევა სარედაქციო პოლიტიკაში, აგრეთვე, არ დაიწყებს თანამშრომლების დევნასა და შეზღუდვას.

მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგს გაუწევენ მაუწყებელს და დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით დავაკვირდებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მაუწყებლის ეთერში გასულ პოლიტიკურ ტოქშოუებსა და საინფორმაციო გამოშვებებს, როდესაც მაუწყებელი მკვეთრად კრიტიკული და ობიექტური უნდა იყოს ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ, რათა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მაყურებელს და შეასრულოს საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულება - საზოგადოების ინფორმირება, რაც გარანტირებულია კანონმდებლობით.

ახალი ამბები