კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა გაგრძელება მოჰყვება სახელმწიფო აუდიტის სკანდალურ დასკვნას?

26 ნოემბერი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პასუხისმგებლობას არ იღებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, რომელიც 2017-2018 წლებში ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურული პროექტების ხარვეზებსა და ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. 

თავზარაშვილი აცხადებს, რომ იგი 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს აირჩიეს გორის მერად, უშუალოდ მერის უფლებამოსილების შესრულებას კი ნოემბრის თვიდან შეუდგა, ამის გათვალისწინებით კი, იგი ვერ იქნება პასუხისმგებელი 2017 წელზე. რაც შეეხება 2018 წელს, თავზარაშვილი ამბობს, რომ წინამორბედისგან მძიმე მემკვიდრეობა მიიღო და ერთი წელი საკმარისი არ იყო ხარვეზების აღმოსაფხვრელად. 

,,ჩემა წინამორბედებმა ვერ დაასრულეს გარკვეული პროექტები და მე გადმომეცა და  მომიხდა მისი დასრულება“,  - ეს კომენტარი თავზარაშვილმა ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის შენობის დაუსრულებელ მშენებლობაზე გააკეთა, რომლისთვის გორის მერიამ 91 000 ლარი დახარჯა, მაგრამ, 2 წლის განმავლობაში, საბავშვო ბაღი მაინც ვერ აშენდა. სადგურის საბავშვო ბაღი, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებისა და ბიუჯეტის არაეფექტურად ხარჯვის ერთ-ერთ ნათელი მაგალითია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2017-2018 წლებს ეხება.

"მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვის პროცესში, სავარაუდოდ, არ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების სასარგებლოდ. შედეგად, მუნიციპალიტეტმა 2 წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტის განხორციელება და მოსახლეობა ვერ სარგებლობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ხოლო თანხა - 91.0 ათასი ლარი, დახარჯულია არაეფექტიანად",- ვკითხულობთ გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, საიდანაც ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტმა არ შეისწავლა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები ზარალის ასანაზღაურებლად.  კერძოდ, აუდიტის ანგარიშის თანახმად, საბავშვო ბაღის შენობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია უხარისხოდ და გრაფიკის დარღვევით აშენებდა, სამუშაოების დასრულების ვადა ორჯერ, ჯამში 102 დღით გადაეწია, თუმცა მაინც ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება. კომპანიას გორის მერიამ ხელშეკრულება 2018 წელს შეუწყვიტა და საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ხელახალი ტენდერი გამოაცხადა და სამშენებლო სამუშაოები დღემდე გრძელდება.

აუდიტის დასკვნაში პოლონეთის მიერ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის გრანტის სახით 68 354 ევროს ღირებულების პროექტის ჩავარდნაც მოხვდა, აღნიშნული თანხა სოფელ ტინისხიდში შშმ პირების შენობის რეაბილიტაციიას უნდა მოხმარებოდა თუმცა, პროექტი არ განხორციელდა, რადგან გორის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო აღებული ვალდებულებების შესრულება და გრანტის სახით მიღებული დაფინანსების გამოყენება.  აღნიშნული კი გამოწვეული იყო მუნიციპალიტეტის მიერ დაშვებული სხვადასხვა ხარვეზით. კერძოდ, როგორც აუდიტის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, საგრანტო შეთანხმების გაფორმების დროს დაირღვა საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები -  ვინაიდან მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეთანხმებას ხელი მოაწერა 2017 წლის 31 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არ ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრული საკრებულოს წინასწარი თანხმობა და მთავრობის ნებართვა გრანტის აღებაზე. აღნიშნული პროცედურების განხორციელება დაიწყო დაგვიანებით - საგრანტო დაფინანსების მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ.

,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ალექსანდრე ვალიაური იხსენებს, რომ პოლიტიკურ კინკლაობას შეეწირა პოლონური გრანატი, რადგან სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში აღმოჩენილი მუნიციპალიტეტის პირველი პირები ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და საბოლოოდ მუნიციპალიტეტი დაზარალდა.

,,დავით ონიაშვილი მაქსიმალურად ცდილობდა პროექტის ათვისებას და საკრებულოს წევრები ხელს უშლიდნენ კონკრეტული დოკუმენტაციისა თუ პროცედურების განხორციელებაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ მუნიციპალიტეტი დაზრალდა და არათუ ავითვისეთ საგრანტო თანხა, არამედ ზიანი მიადგა ბიუჯეტს და დამატებით დასაბრუნებელი გახდა 10 000 ლარი, რომელიც არის პირდაპირ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და სამსახურეობრივი გულგრილობა“, - აცხადებს ვალიაური.

აუდიტის სამსახურის დასკვნის შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და ადგილობრივ მოსახლეობას მიეღო 200 ათასი ლარის სარგებელი, პროექტი არ განხორციელდა, დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაეფექტიანად დაიხარჯა 10.2 ათასი ლარი გრანტის დასაბრუნებლად.

სახელმწიფო აუდიტმა, 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგად, ტენდერების ერთ კომპანიაზე მორგების რისკ-ფაქტორებზეც მიუთითა. სახელწიფო აუდიტის ანგარიშში მართველი პარტიის გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძისა და მის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები: ,,იბოლია“ და ,,შარა" მოხვდნენ. უფრო კონკრეტულად კი, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტმა 33, ჯამში 18,785.2 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისთვის. ანგარიშის მიხედვით, სატენდერო პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამოც ტენდერები ტარდებოდა ერთი და იმავე მიმწოდებლების მონაწილეობით, ხოლო კონკურენციის შემთხვევაში ხდებოდა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.

"არსებობს რისკი იმისა, რომ მერიამ სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ შესაძლოა, სატენდერო პირობები მორგებული ყოფილიყო კონკრეტული მიმწოდებლების ინტერესებს. შედეგად, მერიამ დაკარგა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა", - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

აღნიშნულ წლებში გორის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას გელა კაპანაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა: „სამწუხაროდ, იქ რეგულაციები ისეა შედგენილი, რომ სხვა ვეღარ იმარჯვებდა.“ 

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ტენდერების მორგება მმართველი პარტიის გორის მაჟორიტართან დაკავშირებულ კომპანიებთან არ ხდება, თუმცა აღნიშნავს, რომ მაკრახიძის კომპანია ძლიერი სამშენებლო კომპანიაა და კეთილსინდისიერად ასრულებს სატენდერო პირობებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასახულ კონკრეტულ ფაქტებს პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა მოჰყვეს.  

,,აუდიტის დასკვნაში ასახულია ყველა ის შენიშვნა და პრობლემა, რაზეც არაერთგზის მივუთითებდით არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები. იკვეთება აშკარა კორუფციული ნიშნები. პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად აუცილებელია სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი, და განსაკუთრებით კი, ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისათვის. საქმით უნდა დაინტერესდეს როგორც პროკურატურის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - აცხადებს ალექსი მერებაშვილი.

არასმთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნას სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს. მათი თქმით, პროკურატურამ და ანტიკორუფციულმა სააგენტომ  კონკრეტულ დარღვევებზე მოკვლევა უნდა დაიწყონ.

ახალი ამბები