კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია 'დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის' გაეროს მიმართავს

13 დეკემბერი, 2019
 
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გაეროს მიმართავს

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში 
გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ბატონ 
კლემენტ ნიალეტსოს ვულუს

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სახელით, გვსურს კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობაზე, რომლის გამოყენებითაც გრძელდება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა. საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კოალიციამ პირველად 2018 წლის მაისში მოგმართათ, თუმცა, 2019 წლის განმავლობაში უფლების დარღვევის პრაქტიკამ კიდევ უფრო მასშტაბური და კრიტიკული სახე მიიღო, რამაც დამატებითი ინფორმაციის მოწოდება გადაგვაწყვეტინა.  აქვე აღვნიშნავთ, რომ წერილი ასახავს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის პრაქტიკას და არ ეხება ზოგადად მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირითადი გამოწვევები

საქართველოში სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ სახდელებს და განსაზღვრავს სახდელთა დადების პროცედურებს შედარებით მსუბუქი დარღვევებისთვის. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები არანაირ გავლენას არ ახდენს ყველაზე უფრო გავრცელებულ სამართალდარღვევებზე, რომლებიც, მათი ბუნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის სფეროს განეკუთვნება.   

დღეისათვის საქართველოში მოქმედებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მიღებულია 1984 წელს), რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და გამოიყენება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების არამართლზომიერად შესაზღუდად. 

მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ პატიმრობას, რაც თავისი ბუნებით მოითხოვს სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული პროცედურული გარანტიების გამოყენებას. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აწესებს გაცილებით ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს გააჩნია; არ ითვალისწინებს უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნებს; მოსამართლეს არ ავალდებულებს, იხელმძღვანელოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქმის განხილვის და სანქციის გამოყენების შემჭიდროებული პროცედურები ვერ უზრუნველყოფს ეფექტური წარმომადგენლობის განხორციელებას (საქმის განხილვა შესაძლოა გაგრძელდეს 10-15 წუთს). შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. 

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის პრაქტიკა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის გამოყენებით
პოლიცია შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების საწინააღმდეგოდ აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ მექანიზმებს.  მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავების საფუძველი ფორმალურად ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობა), 150-ე (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება) მუხლები ხდება. ამ მუხლების გამოყენებით შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვის შემთხვევები წლების განმავლობაში დოკუმენტირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ანგარიშებში.  

ადმინისტრაციული დაკავება და ადმინისტრაციული პატიმრობა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ დაკავებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას. ადმინისტრაციული დაკავება უზრუნველყოფის ღონისძიებაა, ხოლო პატიმრობა ადმინისტრაციული გადაცდომისათვის დადგენილი ყველაზე მკაცრი სახდელი. როგორც ადმინისტრაციული დაკავება, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობა არსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებში საფრთხეს უქმნის პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაკავების მაქსიმალურ ვადად 12 საათს ადგენს, თუმცა, თუ პირის დაკავება არასამუშაო ვადას ემთხვევა, დაკავება შესაძლებელია 48 საათის განმავლობაში გაგრძელდეს. მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ისიც, რომ სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას; ასევე, როგორც წესი, პოლიცია დაკავების ოქმში არ ახდენს დაკავების კონკრეტული საფუძვლის მითითებას, რაც ართულებს პოლიციის მოქმედების კანონიერების შემოწმებას. ზოგ შემთხვევაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გამოიყენება დაკავების მაქსიმალური ვადა. პოლიცია დაკავებას იყენებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს დაკავების შესაძლებლობას. მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს ისიც, რომ დაკავებულ პირს არ განემარტება დაკავების გასაჩივრების უფლება და ვადები. 

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობას, დღეისათვის, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღეა. ადმინისტრაციული პატიმრობის საქმის განხილვისას, პროცესის თითოეულ ეტაპზე სახეზეა პირის ფუნდამენტური უფლებების შელახვა და მისი ადეკვატური სამართლებრივი გარანტიების გარეშე დატოვება. ადმინისტრაციული პატიმრობა არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისათვის დამახასიათებელი სანქცია. მისი სისხლისსამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები არ შეიძლება ითვალისწინებდეს სანქციებს, რომლებიც ითხოვს პირის თავისუფლებაში მსგავსი ინტენსივობით ჩარევას. 
20-21 ივნისის მოვლენები

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია გაიმართა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე ხელმძღვანელობდა. რუსი დეპუტატის პარლამენტის შენობაში გამოჩენას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი ნაწილი მალევე სპონტანურად შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან. აქციამ დღის განმავლობაში თანდათან შედარებით ორგანიზებული სახე მიიღო და სახელწოდებით „სირცხვილია“ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა. მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. 

რამდენიმე საათის განმავლობაში, სხვადასხვა აქტიური სპეციალური საშუალებების (ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი) გამოყენების პარალელურად, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის საფუძველზე მასობრივად დააკავა როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი პირები. დადასტურებულია, რომ დაკავებული იყო ერთი ჟურნალისტიც. ოფიციალური მონაცემებით, ჯამში ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 342 პირი დააკავა. შსს-მ დაკავებულ პირებს სტანდარტულად შეუდგინა ოქმები, რომლებიც არ შეიცავდა ინდივიდუალურ გარემოებებს, ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად იყო ასახული დაკავების ადგილი და დრო, რაც, საერთო ჯამში, გავლენას ახდენდა საქმის ობიექტურ და სრულყოფილ შესწავლაზე. ასევე, როგორც წესი, სამართალდამცავები დაკავებულებს არ განუმარტავდნენ დაკავების საფუძველს და უფლებებს. 

სასამართლოში დაკავებული პირების საქმეების განხილვა ფორმალურად წარიმართა. ინდივიდუალური გარემოებების გამოკვლევის და შეფასების ნაცვლად, მოსამართლეები უპირატესობას საქმის სწრაფად განხილვას ანიჭებდნენ. ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენდა ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც, როგორც წესი, შედგენილი იყო ერთი და იმავე პირის მიერ. ორივე ოქმში შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის თაობაზე იდენტური შინაარსის ინფორმაცია იყო ასახული. ხშირ შემთხვევებში პროცესზე წარმოდგენილი პოლიციელები არ იყვნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ფაქტობრივი დამკავებლები, თუმცა, მათ ახსნა-განმარტებებს მოსამართლეები მაინც სარწმუნოდ მიიჩნევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევის ოქმები არ შეიცავდა ინდივიდუალური პირების მიერ განხორციელებული ქმედებების ზუსტ აღწერას, სასამართლო სამართალდარღვევას მაინც ჩადენილად მიიჩნევდა და მიღებულ დადგენილებებში არ მსჯელობდა, კონკრეტულად რომელი ქმედება ჩაითვალა სამართალდარღვევად. დაუსაბუთებელი იყო სანქციების გამოყენების პრაქტიკაც. ყველაზე მკაცრი სანქცია - ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 121 პირს ისე, რომ პასუხისგებაში მიცემულმა პირებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი განხილვის უფლებით. 

18 ნოემბრის აქცია
2019 წლის 18 ნოემბერს ქ. თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ 37 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამ დროისათვის ყველა მათგანის სასამართლო პროცესი არ გამართულა, თუმცა, 19-20 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 პირის საქმის განხილვა დაასრულა, რომელთაგან 10-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. არასამთავრონო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს.   18 ნოემბერს დაკავებული პირების საქმეებს საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის აუცილებლობას და განაცხადა, რომ დაკავებულთა საქმეებში არ იყო წარმოდგენილი ნეიტრალური და სანდო მტკიცებულებები და დაცვის მხარეს არ მიეცა საკმარისი დრო და საშუალება დაცვის უფლებით რეალურად სარგებლობისთვის.  ადმინისტრაციული წესით დაკავება გაგრძელდა შემდგომ დღეებში მიდინარე აქციების დროსაც. 

შეჯამება
კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფრაგმენტული გადახედვა ვერ უზრუნველყოფს მის გარდაქმნას იმგვარად, რომ სრულად აღმოიფხვრას კანონმდებლობაში არსებული პრობლემები. აშკარაა, რომ ხელისუფლება არ ჩქარობს რეფორმის გატარებას და მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს საპოლიციო რეჟიმის, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში დაუსაბუთებლად ჩარევის ინსტრუმენტს ინარჩუნებს. 

სწორედ ამიტომ, გვსურს მოგმართოთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმები, შეისწავლოთ და შეაფასოთ საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმას. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ წარმოგიდგინოთ დამატებითი ინფორმაცია. 

ახალი ამბები