კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორს ოფიციალურად მიმართა

14 იანვარი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს მურად წურწუმიას ოჯახის სამართლებრივი ინტერესების დაცვას. სამედიცინო ექსპერტიზისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ორგანიზაცია ბრალდებულებისთვის ბრალის კიდევ უფრო დამძიმებას არ გამორიცხავს.

2020 წლის 2 იანვარს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, ავტომობილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ და მისმა თანმხლებმა პირმა, ვახტანგ ბურძენიძემ, 24 წლის მურად წურწუმია სიკვდილამდე სცემეს. ბრალდებულებმა, ასევე, სცემეს მოკლულის ძმა, მუხრან ჩხვირკია, რომელმაც ადგილიდან გაქცევა შეძლო. 

მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკია, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად,  არაერთი მძიმე დაზიანებით  გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. 

მძიმე დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში მყოფი მურმან წურწუმია ბრალდებულებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში არ გამოუძახებიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და არ გაუწევიათ სამედიცინო დახმარება. 3 იანვარს, დილით,  ზურაბ ფოფხაძემ საცხოვრებელი სახლი დატოვა, ბურძენაძემ კი სასწრაფო მას შემდეგ გამოიძახახა, რაც მურად წურწუმიას მდგომარეობა დამძიმდა.

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს II განყოფილების უფროსი ზურაბ ფოფხაძე, რომელიც სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

6 იანვარს მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ გარდაცვლილის დედა ცნო და ასევე დაზარალებულად ცნო მუხრან ჩხვირკია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ექსპერტთან ერთად, ოჯახთან შეთანხმებით, 8 იანვარს ესწრებოდა  გარდაცვლილი მურად წურწუმიას გარეგნულ დათვალიერებას, რის შედეგადაც  არ დადასტურდა თვალის დაკარგვის ფაქტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ვახტანგ ბურძენაძე ორჯერ გამოკითხეს, მას არ აკავებდნენ და ხელწერილით იყო გათავისუფლებული. 8 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნის შედეგად, ვახტანგ ბურძენიძეც დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

8 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაწილეობით გამოკითხეს დაზარალებული მუხრან ჩხვირკია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ სასაფლაოზე განვითარებულ მოვლენებში ჯგუფურად ორი პირი მონაწილეობდა. 

დაკავებულებს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (სხეულის  განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სსკ-ის 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალდობა), რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯგუფურად, ასევე 143-ე მუხლის I ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღეს ოფიციალურად, წერილობით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და მოითხოვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიძიოს მურად წურწუმიას მკვლელობის საქმე, რათა  დამოუკიდებლად შეაფასოს გარდაცვლილის სავარაუდო წამების, არაადამიანური მოპყრობის გარემოებები, ასევე - გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ანალოგიური მოთხოვნით, საჯარო მიმართვის სახით, სახელმწიფო ინსპექტორს უკვე მიმართეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ცენტრმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები