კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

5 თვიანი ტყვეობის შემდეგ ახალგორელებს დროებით გზა გაუხსნეს

28 იანვარი, 2020
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

5 თვიანი იზოლაციის შემდეგ ოკუპირებულ ახალგორში მაცხოვრებლების ნაწილისთვის 30 აგვისტოს ჩაკეტილი გამშვები პუნქტი, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს დროებით გაიხსნა. დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება პენსიონერებსა და იმ ადამიანებს მისცა, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. მათ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში პირველად ეძლევათ საქართველოს სახელმწიფო პენსიის აღებისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა.

„ამ ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ ვერ ვიღებდით პენსიას, რის გამოც მაღაზიიდან ვალზე ვყიდულობდით სურსათს, ახლა ავიღებთ პენსიას, გავისტუმრებთ ვალს, თუ გვეყო ისიც. ოჯახის წევრებს, რომლებიც წეროვანში ცხოვრობენ, ბოლო 5 თვის განმავლობაში არ გვინახავს, ამიტომ 10 დღეს შვილებთან და შვილიშვილებთან გავატარებთ, შემდეგ კვლავ მოგვიწევს დაბრუნება და ვინ იცის, კიდევ როდის მოგვცემენ აქეთ გადმოსვლის უფლებას", - განაცხდა ოკუპირებულ ახალგორში  მცხოვრებმა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, თვე-ნახევრის წინ ოკუპირებულ ახალგორის საავადმყოფოში ექიმებმა შექმნეს კომისია, რომელიც ავადმყოფების თბილისში გადმოყვანის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. 

„დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გარკვეული სიებით ხელმძღვანელობენ და იმ ადამიანებს აძლევენ ოკუპირებული დაბის დატოვების საშუალებას, რომლებიც პენსიას იღებენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები პენსიონერებს 10-დღიან ვადას აძლევენ, რათა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღონ კუთვნილი პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით და შემდეგ, როგორც მათ განუცხადეს, 10 დღის ვადაში კვლავ მიეცემათ ახალგორში საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. ალბათ მომავალშიც მიეცემათ ახალგორელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. ასევე, თვე-ნახევრის წინ ახალგორის საავადმყოფოში შეიქმნა კომისია, მათი გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისში უკვე უშვებენ პაციენტებს“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება 2019 წლის 30 აგვისტოს შემდეგ აუკრძალეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული გამშვები პუნქტი ჩაკეტეს. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის ბლოკპოსტის მოწყობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ პოსტის ოსურ სოფელ წნელისთან მდებარეობა საფრთხეს უქმნიდა მათი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ აღნიშნული განცხადება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  ერგნეთში გამართულ არაერთ შეხვედრაზე გააკეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პასუხი იყო, რომ სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგო საფრთხეს არ უქმნიდა არც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლებს და - არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.  ​ჩორჩანასთან მდებარე საპოლიციო საგუშაგოს ყოფნა - არ ყოფნაზე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას შორის  შეთანხმება ვერ შედგა,  რის საპასუხოდაც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ახალგორელებისთვის მძიმე აღმოჩნდა. ხუთი თვის განმავლობაში ახალგორში 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახებს არ მისცეს თბილისში ტრანსპორტირების უფლება და ვერც ადგილზე გაუწიეს სათანადო მკურნალობა. მიმოსვლის აკრძალვის გამო მძიმე ავადმყოფები ვერ აგრძელებდნენ ქიმიოთერაპიის კურსს, ხოლო საპენსიო ასაკის ადამიანები ვერ ახერხებდნენ პენსიის აღებას. ახალგორელები შველას ითხოვდნენ როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან, ისე ცხინვალის დე ფაქტო მთავრობისგან. 2019 წლის 26 დეკემბერს, წინასაახალწლოდ, ახალგორში ჩასულ ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს პროტესტით დახვდნენ და ჩაკეტილი გზის გახსნა მოითხოვეს. ახალგორელების პროტესტმა შედეგი გამოიღო, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ 5 თვიან იზოლაციაში მყოფ ახალგორელებს 10 დღით მისცა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება.   

ახალი ამბები