კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებულის მთავარი მოთხოვნა უცვლელია - პროკურატურამ გამოავლინოს და დასაჯოს დამნაშავე პირები

18 თებერვალი, 2020
 
18 თებერვალს, 11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი,  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, „საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (პროცედურული ნაწილი) საქმეზე -„საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ". მოპასუხე სახელმწიფოს მოსარჩელისათვის არამატერიალური ზიანის გამო, 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 6 თებერვალს გამოქვეყნდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, დაზარალებულმა მარიამ საყვარელიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2010 წელს მიმართა. დაზარალებულის მთავარი მოთხოვნა ეხებოდა სახელმწიფოს მიერ 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორისა და „ბმვ“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის საქმის გამოძიებას.

დაზარალებული აცხადებს, რომ კვლავ ძალაში რჩება მისი მთავარი მოთხოვნა - სახელმწიფომ გამოავლინოს და დასაჯოს დანაშაულის ჩამდენი პირი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, დაზარალებულის ინტერესების შესაბამისად, შეისწავლის საქმეზე გამოძიების განახლების შესაძლებლობას. ამ დროისათვის სახელმწიფოს მხრიდან საქმის გამოძიება ხანდაზმულობის მოტივით შეწყვეტილია.

საქმის მოკლე ისტორია:

2003 წლის 22 ნოემბერს, ქ. რუსთავიდან ქ. თბილისის მიმართულებით მოძრაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის სწრაფი რეაგირების სამმართველოს „დ“ დანაყოფის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება - ე. წ. ბეტეერი #004, რომელსაც მართავდა აღნიშნული დანაყოფის ჯავშანტექნიკის ჯგუფის მძღოლ-მექანიკოსი ავთანდილ მამალაძე. დაახლოებით 18 საათსა და 25 წუთზე, გორგასლის ქუჩაზე ჯავშანტრანსპორტიორი საწინააღმდეგო მხრიდან მოძრავ, დავით საყვარელიძის მართვის ქვეშ მყოფ „ბმვ“-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანას შეეჯახა.

ავტომანქანაში მჯდომი ეთერ წულიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დავით საყვარელიძე კი მოთავსდა ქ. თბილისის # 1 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა 2003 წლის 24 ნოემბერს. მანქანაში მყოფმა ორმა ბავშვმა კი მიიღო სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.

2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს შშს ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოში აღიძრა # 1003544 სისხლის სამართლის საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით.

მიუხედავად საქმეზე წარმოებული წინასწარი გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევებისა და კანონის მოთხოვნათა უგულველყოფის, დაზარალებულ მარიამ საყვარელიძეს 17 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ბრძოლა, რათა საქმეზე დადგენილიყო ჭეშმარიტება. შიდაეროვნულ ინსტანციებში დავის ყველანაირი შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, საყვარელიძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევდა, რომ საქმეზე გამოკვეთილი იყო და ცნობილი იყო სავარაუდო დამნაშავე პირები და საქმის გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდებოდა. ორგანიზაციამ, ათი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე მოითხოვა დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის პერიოდში სამართალდამცველი უწყებები ამ საქმის გახსნით დაინტერესებულნი არ იყვნენ, რათა არ შებღალულიყო 2003 წლის ნოემბრის „უსისხლო რევოლუციის“ სახელი.

სარჩელის მიღებიდან 10 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (პროცედურული ნაწილი), საქმეზე - „საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ" და სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა.


ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები