კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნოდ მაღლმთიანი ზონის სტატუსი შიდა ქართლში 13 სოფელს მიენიჭება

18 თებერვალი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ქერე ერთ-ერთია 13 სოფლიდან, რომლის მცხოვრებლებსაც ხელისუფლება 2020 წლის პირველი იანვრიდან მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას და იმ სოციალური შეღავათებით სარგებლობას დაჰპირდა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. 2020 წლის 30 იანვარს  სოფელ ქერეს მოსახლეობამ აქცია გამართა, ადგილობრივები სოფლისთვის დაპირებულ მთის სტატუსის მინიჭებას და სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. ხელისუფლების დაპირება დაპირებადვე დარჩა, დღემდე სოფლებს მაღალმთიანი ზონის სტატუსი არ მინიჭებიათ.
 
,,მთის სტატუსს დაგვპირდნენ და დაპირებად დარჩა, სოფელს საძოვრებს გვიყიდიან, აქუციონზე უნდა გავიდეს, გაიყიდოსო", - განაცხდა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე შალვა კოლოტაშვილმა.

სოფლებისთვის მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში გააკეთა. 

,,10-ზე მეტი სოფელია შიდა ქართლის რეგიონიდან, რომლის მოსახლეობაც განსაკუთრებით აქტიურად ითხოვდა მთის სტატუს, მათ შორის არის გორის მუნიციპალიტეტის სოფლები: ქერე, ბერშუეთი და ხურვალეთი. ამ სოფლების მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობის პასუხად დაფიქრდა ხელისუფლება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გათვალისწინებული იქნება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მდგომარეობა და მთავრობის დადგენილებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისთვის  კანონმდებლობა გამარტივდება,  კერძოდ, ერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიენიჭება მთის სტატუსი და მოსახლეობა ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რომლებიც მთის სტატუსის სოფლებს გააჩნიათ. ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი არის გამზადებული და საქართველოს მთავრობის მხრიდან საშემოდგომო სესიაზე იგეგმება პარლამენტისთვის წარდგენა და 2020 წლის პირველი იანვრიდან ცვლილებები შევა კანონში",- განაცხადა შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულმა 2019 წლის სექტემბერში.

Humanrights.ge დაუკავშირდა შიდა ქართლის რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილს და ჰკითხა, რატომ არ მიენიჭა სოფელ ქერესა და სხვა სოფლებს მაღალმთიანი ზონის სტატუსი. 

ხოჯევანიშვილმა განცხადა, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებების შეტანა ვერ მოესწრო და ცვლილებების შეტანა საგაზაფხულო სესიაზე მოხდება. მხარის რწმუნებულის თქმით, ცვლილებების შემდეგ შიდა ქართლის რეგიონის 13 სოფელი მაღალმთიანი ზონის ჩამონათვალს მიემატება.

,,შიდა ქართლში 13 სოფელს მინიჭება მაღალმთიანი ზონის სტატუსი, აქედან 11 გორის მუნიციპალიტეტის სოფლებია და მათ შორის არის ქერეც, ხოლო 2 - ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა პარლამენტში 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ცვლილებების ამოქმედება დაკავშირებულია საკანონმდებლო ცვლილებებთან, შესაბამისს პროცედურებთან და ასევე, დროსთან. 2019 წლის საშემოდგომო სესიის ნაცვლად საკითხი 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე განიხილება",- აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
​იმ ფონზე, როდესაც ქართულ ოცნებას პარლამენტში ჯერ კიდევ ჰყავს უმრავლესობა, საკითხის რამდენიმე თვით გადაწევას წინასაარჩევნო კამპანიასთან აკავშირებს ,,რესპუბლიკური პარტიის" რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ვალიაური.

,,როდესაც სოფლებში უკიდურესი გაჭირვებაა და ხელისუფლება ჰპირდება, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან მიენიჭება მაღალმთიანი ზონის სტატუსი და მოსახლეობა ისარგებლებს სოციალური შეღავათებით, რომელიც ადგილობრივების მძიმე სოციალურ ყოფას ოდნავ მაინც გააუმჯობესებს და დანაპირებს არ ასრულებს, ვიღებთ შედეგს, რომ ხელისუფლება იყენებს მათ წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ხმებისთვის. მით უფრო, რომ ქერეს მოსახლეობა 2018 წლიდან ითხოვს მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ მაშინ არავინ უსმენდა, რადგან მაშინ არჩევნები არ იყო", - აცახდებს ვალიაური.

ქერეში გამართულ აქციაზე მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი არ გამოჩენილა. აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას რამდენიმე მთავარ პრობლემაზე ისაუბრეს, მათ შორის: წყლის, გარე განათებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ. გორის მუნიციპალიტეტის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხდა, რომ აქციაზე ის მოთხოვნები იყო გაჟღერებული, რომლის მოგვარებაც მიმდინარე წელს განხორციელდება. კონსტანტინე თავზარაშვილმა 2020 წელი სოფელ ქერეს წლად დაასახელა. 

ახალი ამბები