კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის დატოვებას ზეწოლას უკავშირებენ

11 მარტი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

​,,დღემდე ვდუმდი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როგორ ბედავთ და კასპში გარედან გვიგზავნით გაუგებარი ცოდნისა და გამოცდილების მლიქვნელებს. რატომ ხარჯავთ კასპელების ბიუჯეტს ვიღაცებზე, რომლებიც  თბილისიდან და გორიდან დაბრძანდებიან კასპში. შუადღის შემდეგ კი ვერცერთს ვერ იპოვი ადგილზე,  მერის გარდა, რომელიც ადგილობრივია. დამლაგებლის დანიშვნაც რომ თქვენთან შესათანხმებელია, ესაა თქვენი თვითმმართველობაა? ახლა მოადგილის ვაკანტური ადგილია, არც გაბედოთ, ვინმე გარედან მოათრიოთ, თორემ გაძლევთ პირობას, ჯერ მე გნახავთ პირადად და გაგეცნობით ვინც ვარ, მერე კი სააკაძის მოედნიდან გამოგიპანღურებთ ყველას. ნათესავების პატივისცემა თუ გინდათ, სახლში დაპატიჟეთ, ბიძიკო, სახლში!" - ეს არის ამონარიდი იმ ღია წერილიდან, რომლითაც 8 თებერვალს, რეგიონის რწმუნებულს, გიორგი ხოჯევანიშვილს, მიმართა კასპში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა რამაზ ბერიანეძემ. მოქალაქის ღია წერილს გუბერნატორი დღემდე არ გამოხმაურებია.

რამაზ ბერიანიძემ Humanrights.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მის სიტყვებს კასპში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს, როდესაც 9 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა, პირადი განცხადებით, თანამდებობა, ვადის ამოწურვამდე წელიწად-ნახევრით ადრე, დატოვა. ბერიანიძე მიიჩნევს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა შიდა კლანური დაპირისპირების გამო დატოვა. 

,,მე ვიყავი ქართული ოცნების დამფუძნებელი და ჩვენ პირველ პუნქტად გვეწერა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გავაუქმებდით ყველაზე უსახურ სამსახურს, რასაც გუბერნატორის აპარატი ერქვა. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ დაპირებები ბევრი მიმართულებით ვერ შეასრულა და ესეც იყო ერთ-ერთი დაპირება, რომელიც არ შესრულდა. როდესაც არჩეული მერი ვადაზე ორი წლით ადრე ტოვებს თანამდებობას, ეს აჩენს სერიოზულ კითხვებს, ადგილი ჰქონდა თუ არა მის იძულებას, რათა თანამდებობა დაეტოვებინა. მანუჩარი ღირსეული მერი იყო და კარგად ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას თავს. უბრალოდ, ეს იყო კლანებს შორის დაპირისპირება, რასაც შეეწირა მისი თანამდებობა", - ამბობს რამაზ ბერიანიძე.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის, მანუჩარ მერებაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ თანამშრომლები.

,,მერის გადადგომა მოულოდნელი იყო და მიზეზები არ ვიცით და არც თვითონ არაფერი არ უთქვამს.  არც ის ვიცით, რატომ მიდის და არც ისი ვიცით, სად მიდის", -აცახდებს დალი კორკომაშვილი​.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ნონიაშვილი ამბობს, რომ მანუჩარ მერებაშვილის თანამდებობა პარლამენტში კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან და მხარის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან დაპირისპირებას შეეწირა.

,,მანუჩარ მერებაშვილის თანამდებობა შეეწირა შიდა კლანებს შორის დაპირისპირებას. ამ კლანს წარმოადგენენ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი და სუს-ის თანამშრომლები. კასპის მერი არ ასრულებდა მათ დავალებებს და ამ ყველაფერს შეეწირა ის რეალურად და აიძულეს თანამდებობის დატოვება. მოგეხსენებათ, წინ არჩევნები გვაქვს და, შესაბამისად, სჭირდებათ მათ ისეთი მერი, რომელიც ყველა დავალებას უპირობოდ შეასრულებს",  – ამბობს ნუგზარ ნონიაშვილი.

კლანებს შორის შიდა დაპირისპირების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელის გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებს კასპის ყოფილი მერი მანუჩარ მერებაშვილი, რომელიც ამბობს, რომ თანამდებობიდან პირადი განცხადებით წავიდა და მას არც კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან და არც მხარის რწმუნებულთან დაპირისპირება არ ჰქონია.

,,მე მქონდა კერძო სექტორიდან შემოთავაზება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ სამი თვის წინ ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ვაპირებდი მერის თანამდებობის დატოვებას. მათ მთხოვეს, რომ მოგვიანებით მიმეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით დასაგეგმი იყო ახალი და  გარდამავალი პროექტები. დღევანდელი მდგომარეობით ყველა პროექტი მიმდინარეობს და დღეს შეთანხმების შემდეგ მივიღე თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება”, - აცხადებს კასპის ყოფილი მერი მანუჩარ მერებაშვილი.

კასპის მუნიციპალიტეტში მერის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს არც რეგიონის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და  - არც კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი.

Humanrights.ge-ს სანდო წყაროს ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტის მერი თავდაპირველად არ აპირებდა პირადი განცხადებით წასვლას, თუმცა მას შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება, რაც გაიგო, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო იმპიჩმენტით აპირებდა მის გადაყენებას. მისივე თქმით, კასპის საკრებულოს თავმჯდომარე პარლამენტში კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის კადრია. საკრებულოში უმრავლესობა ,,ქართული ოცნებას" აქვს.  წყაროს ცნობით, საკრებულოს უმრავლესობა კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის კლანს წარმოადგენს და მერის იმპიჩმენტის საკრებულოს სხდომის დღის წერიგში დაყენების შემთხვევაში საკმარისს ხმებს მოაგროვებდნენ. გავრცელებული იფორმაციით, კასპის მერს მაჟორიტარ დეპუტატთან და მხარის რწმუნებულთან ურთიერთობა მერიის საკადრო პოლიტიკაში მათი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია. რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტის მერებიდან მანუჩარ მერებაშვილი ერთადერთი მერი იყო, რომელსაც გიორგი ხოჯევანიშვილის მხარის რწმუნებულად დანიშვნის შემდეგ, მოადგილეები გუბერნატორის კადრებით არ შეუცვლია. 

არჩეული მერის გადადგომის შემდეგ კასპში მერის რიგგარეშე არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გაიმართება. ახალი მერის არჩევამდე კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას თამაზ ტატანაშვილი შესრულებს, რომელიც მანუჩარ მერებაშვილის მოადგილე იყო.

ახალი ამბები