კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი)

19 მარტი, 2020
 
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (პროცედურული ნაწილი) საქმეზე  -„საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ". მოპასუხე სახელმწიფოს მოსარჩელისათვის არამატერიალური ზიანის გამო, 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 2020 წ. 6 თებერვალს გამოქვეყნდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, დაზარალებულმა მარიამ საყვარელიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2010 წელს მიმართა. დაზარალებულის მთავარი მოთხოვნა ეხებოდა სახელმწიფოს მიერ 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორისა და „ბმვ“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის საქმის გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევდა, რომ საქმეზე გამოკვეთილი და ცნობილი იყო სავარაუდო დამნაშავე პირები და საქმის გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდებოდა. ორგანიზაციამ რამდენჯერმე მოითხოვა დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის პერიოდში სამართალდამცველი უწყებები ამ საქმის გახსნით დაინტერესებულნი არ იყვნენ, რათა არ შებღალულიყო 2003 წლის ნოემბრის „უსისხლო რევოლუციის“ სახელი. საქმის გამოძიება არც 2012 წლის შემდეგ განახლებულა და დღესაც, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაზარალებულის მთავარი მოთხოვნა კვლავ იგივეა: სახელმწიფომ გამოავლინოს დამნაშავე და დასაჯოს.

გენერალურ პროკურატურას მოქალაქის სასარგებლოდ 18 000 ლარის გადახდა დაეკისრა

2019 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა  ადამიანის უფლებათა ცენტრის შესაგებელი სარჩელი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ო.ც.-ს საქმეზე, რომლის თანახმად, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სასამართლომ 18 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ო.ც. 2015 წელს პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. როგორც პირველმა ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ, ო.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. 
2017 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ო.ც. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
2019 წლის მაისის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ, უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ო. ც.-ს სასარგებლოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სოლიდური თანხის - 18 000 ლარის გადახდა დააკისრა. ო.ც.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

შსს-ს ბ.რ.-ს სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა 

2019 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ.რ.-ს სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა ბ.რ.-ს სამართლებრივ ინტერესებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს მიღებული განაჩენით, დაზარალებულად არის ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირის მხრიდან არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახველ მოპყრობის ფაქტზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბ.რ.-ს საქმეზე სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. 2018 წლის აგვისტოს თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტროს მსხვერპლის, ბ.რ-ს სასარგებლოდ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საფუძველზე, 5 000 ლარის გადახდა დააკისრა, მორალური ზიანის კომპენსაციის სახით. 2018 წლის დეკემბრის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 18 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ.რ.-ს სასარგებლოდ, მორალური ზიანის კომპენსაციის სახით, 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკეთა მიესაჯა

2019 წლის 25 დეკემბერს,  სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს 7 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არასრულწლოვან ლ.ბ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 

14 წლის ლ.ბ.-ს, გამოძიების ეტაპზე, რამდენჯერმე შეაცვლევინეს ჩვენება, ამასთან, ცდილობდნენ, დაეყოლიებინათ და ცოლად გაჰყოლოდა მოძალადეს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლის წინააღმდეგობის გამო, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში,  რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 10 წლამდე. 

სასამართლოში საქმის განხილვა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებული იყო ძებნილი, რომლის დასაკავებლად პოლიცია არ იჩენდა არანაირ ძალისხმევას. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, ბრალდებული დააკავეს, მაგრამ მისი დაკავების შემდეგ დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 18 წლის დაზარალებული ცოლად გაჰყვა ბრალდებულს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება დაევალა 

2020 წლის იანვრის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით,  სასამართლოს ძირითადი  გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ე.მ.-ს წისასწარ  ჩაურიცხა  3 თვის ხელფასი.

2019 წლის აპრილის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის შედეგად მიღებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება  მოსარჩელის, ე.მ.-ს  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 

ე.მ.  2014   წლიდან დასაქმებული იყო   არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ფსიქოლოგის პოზიციაზე. 2015 წლის  დეკემბრის თვეში ე. მ. უკანონოდ  გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დაავალა ე.მ.-ს სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის სახით სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მიხეილ კალანდიას  დანაშაულში მონაწილეობა

2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, რომლის თანახმად, მიხეილ კალანდიას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. 

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. 

დაზარალებულ ზაზა სარალიძის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. დაზარალებული დანაშაულის ჩადენის დღიდან მოითხოვდა მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემას.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ი.მ.-ს სასარგებლოდ 9 000 ლარის გადახდა დაეკისრა

2019 წლის ნოემბრის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ი.მ. -ს სარჩელი და ბათილად ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება ი.მ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ი.მ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 9 000 ლარის ოდენობით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა შეეხებოდა ი.მ.-ს სამსახურში აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებასა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ი.მ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

შსს-ს მოქალაქის მორალური ზიანისათვის 5 000 ლარის გადახდა დაევალა

2019 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს მ.გ.-ს სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა. 

2018 წლის ნოემბრის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მ.გ.-ს სასარგებლოდ   მორალური ზიანის ანაზღაურება  -  5 000 ლარის ოდენობით - დაეკისრა.

2011 წლის  26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად, მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანის გამო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მ.გ. 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით დაზარალებულად ცნო. მ.გ.- სამართლებრივ ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

თ.ბ.-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესი შეწყდა 

2020 წლის 27 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება თ.ბ.-ს მიმართ. 

თ.ბ.-ს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც  გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით არასრულწლოვნის მიერ  წვრილმანი ხულიგნობით, რაც გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან-300 ლარამდე.

თ.ბ.-ს არასრულწლოვანმა შვილმა ფეისბუკის დახურულ ჩატში, რომელშიც მხოლოდ კლასელი ბიჭები იყვნენ გაწევრიანებული, თანაკლასელ გოგოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დახურული ჩატის შესახებ ინფორმაცია მიიღეს გოგოს მშობლებმა, რომლებმაც კატეგორიულად მოითხოვეს თ.ბ.-ს შვილი სხვა სკოლაში გადაეყვანათ. ამასთან, დაემუქრნენ, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და მის შვილს პრობლემებს შეუქმნიდნენ. საქმე გადაეცა პოლიციას,  სამართალდარღვევის ოქმი შედგა თ.ბ-ს მიმართ, ვინაიდან ბავშვი არასრულწლოვანი იყო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება თ.ბ.-ს მიმართ. 

ილტოს ხეობაში ახალი ამბულატორია გაიხსნა

2020 წლის 15 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ცენტრს ილტოს ხეობაში დასაქმებულმა სამედიცინო პერსონალმა შეატყობინა, რომ ხეობაში ახალი ამბულატორია გაიხსნა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ილტოს ხეობაში არსებულ სამედიცინო პრობლემებს 2019 წლის 28 მარტს გაეცნო. ხეობაში არ არსებობდა ამბულატორია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დასაქმებული ექთანი 5 სოფლის (საბუის, ვეძების, ნადუქნარის, შახვეტილისა და ჭართალის) მოსახლეობას სახლში იღებდა.

მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს ამბულატორიის გახსნის თხოვნით, მაგრამ დაპირების მიუხედავად, ხეობა სამედიცინო პუნქტის გარეშე იყო დარჩენილი.

ხეობაში სამედიცინო პუნქტის გახსნის მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს, ასევე - კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას.

2019 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ცენტრს ახმეტის მერიიდან ეცნობა, რომ სოფელ შახვეტილაში ახალი, მარტივი კონსტრუქციით აწყობილი ამბულატორიის მონტაჟი იგეგმებოდა. 2020 წლის 15 თებერვალს კი ილტოს ხეობაში ახალი ამბულატორია გაიხსნა.

მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა

2019 წ. 26 ნოემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი და შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ვ.ბ.-ს მიმართ.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლის ტესტზე შეამოწმა მოქალაქე ვ.ბ. და შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება, რომლის საფუძველზე მას  შეუჩერდა მართვის უფლება  6 თვის ვადით. მოქალაქე არ დაეთანხმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების შედეგს და საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილ ვადაში მიმართა ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სადაც მას  დაუდასტურდა, რომ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. საჩივარი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარმა სამმართველომ არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ვ. ბ.-მ შემოწმება ჩაიტარა ორსაათიანი ვადის დარღვევით, 19 წუთის დაგვიანებით.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ვ.ბ.-ს საჩივარი და შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება  მის მიმართ. ვ.ბ-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

* * *

2019 წ. 12 ნოემბერს, გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჯ.გ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად ცნო საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის გამო. ჯ.გ.-მ, იმის გათვალისწინებით, რომ სასმელი არ ჰქონდა მიღებული, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თრობის ფაქტის დადგენის მიზნით. დასკვნის მიხედვით, სისხლში საერთოდ არ აღმოჩნდა ალკოჰოლის შემცველობა. შსს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის 2019 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებით ჯ.გ.-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა ჯ.გ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი.  ჯ.გ.-ის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

ქსენოფობიური სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენს  დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა 

2019 წლის 22 იანვარს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ამერიკის მოქალაქის ა.ე.-ს სარჩელი, რომლითაც იგი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

2018 წლის ზაფხულში ა.ე.-ს და მის მეუღლეს, რომელთაც ჰქონდათ საოჯახო სასტუმრო და ღვინის მაღაზია, ქსენოფობიური სიძულვილის შედეგად,  მეზობელმა კუთვნილი ავტომობილი წინასწარი განზრახვით დაუზიანა. აღნიშნული ქმედების გამო დამნაშავე დააკავეს და ამჟამადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. 

ამერიკის მოქალაქე ა.ე. ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას 5 226 ლარის ოდენობით. სასამართლომ გაიზიარა სისხლის სამართლის საქმეში არსებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ზიანი შეადგენდა 1200 ლარს. ამასთანავე, ბრალდებულს დაეკისრა 360 ლარის გადახდა, ავტომობილის საჯარიმო ქვითრის ასანაზღაურებლად. ა.ე.-სა  და მისი მეუღლის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

1991-92 წლების კონფლიქტის დროს დაზარალებულმა ეთნიკურად ოსმა მოქალაქემ საცხოვრებელი სახლი დაიბრუნა 

2019 წლის 13 დეკემბერს ქარელის მაგისტრატმა სასამართლომ დააკმაყოფილა მ.ბ.-ს სარჩელი უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. მოსარჩელე ეთნიკურად ოსი პირია, რომელიც 1991-92 წლების კონფლიქტის შედეგად იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში და აღმოაჩინა, რომ მის საცხოვრებელ ფართში უკანონოდ შეჭრილა მ.მ.. მ.ბ.-მ მიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას, ბინის პრივატიზების მოთხოვნით, მაგრამ მას მოსთხოვეს ბინის ნახაზი, რაც ვერ წარმოადგინა იმის გამო, რომ სხვა პირს ჰქონდა დაკავებული მისი ბინა. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, მ.ბ. შეძლებს დაირეგისტრიროს საკუთრებაში მისი ოჯახის კუთვნილი  ფართი. მის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება 

2019 წლის 4 დეკემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ნ.თ.-ს სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერის ორი ბრძანება, რითაც ნ.თ.-ს დროის მოკლე ინტერვალში დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობები, ჯერ - გაფრთხილება, შემდეგ კი - საყვედური. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ნ.თ-ს მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ემსახურებოდა მისთვის დამამცირებელი და მტრული სამუშაო გარემოს შექმნას და საბოლოო მიზანი იყო ან საკუთარი ნებით დაეწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება  ან მსგავსი დისციპლინური პასუხისმგებლობების დაკისრების შედეგად გაეთავისუფლებინათ იგი სამსახურიდან. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა გორის მუნიციპალიტეტის მერის ორივე ბრძანება. 

ნ.თ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი

 2020 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრს ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დევნილი მოქალაქის ც.ტ.-ის მიმართ. ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლითაც გაუქმდა დევნილთა სამინისტროს ბრძანება ც.ტ.-თვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გარკვევის შემდეგ გამოსცეს ახალი ბრძანება. 

დევნილი ც.ტ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

სხვადასხვა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2019 წლის 17 დეკემბერს ძალაში დატოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა ლ.ტ-ს სარჩელი საჯარო რეესტრისა და მესამე პირის ა. ჩ-ს მიმართ. სასამართლომ ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ლ.ტ-ს განცხადება. ლ.ტ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

2020 წლის 24 იანვარს, ვარკეთილის სასაფლაოზე წამებით მოკლული მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დააკავა მკვლელობაში ბრალდებული მეორე პირი, რომლის სახლშიც მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ მურად წურწუმია. ამავე დღეს, ბრალდებულებს ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდათ. დაემატა სსკ 143 მუხლის 2გ და 3ა ნაწილი, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მურად წურწუმიას ოჯახის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

2019 წლის დეკემბრის თვეში პროკურატურამ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა და სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანის თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმა. ბრალდების მხარემ ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებად დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი განუსაზღვრა.  ანა სუბელიანის სამართლებრივ ინტერესებს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 

2020 წლის 12 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ხ.ი.-ს სარჩელი სსიპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიმართ სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის გასაცემი თანხების კომპენსირების მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ ხ.ი. წარმოადგენდა სეტყვის შედეგად დაზარალებულს, მოპასუხე უსაფუძვლოდ უარს ეუბნებოდა კუთვნილი კომპენსაციის გაცემაზე. ხ.ი.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

13 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა და სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა იმ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ ბ.ხ.-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ასევე, მოპასუხე მხარეს დაევალა დაზარალებულ ბ.ხ.-ს სასარგებლოდ დევნილთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში მონაცემების გასწორება. ბ.ხ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 

2019 წლის 29 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რ.რ.-ს საჩივარი და გაუქმდა სააგენტოს შიდა ქართლის მომსახურების ოფისის წარმომადგენლის მიერ შევსებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც, მოქალაქეს უარი ეთქვა სოციალური დახმარების დანიშვნაზე. რ.რ.-ს ოჯახის ხელახალი გადამოწმების საფუძველზე სააგენტომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება მისთვის სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ. რ.რ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

2020 წლის 27 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სოციალურად დაუცველი ო.გ.-ს სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ო.გ.-სათვის გამსესხებლის სასარგებლოდ 1 500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და ბათილად იქნა ცნობილი ის ხელწერილი, რომლითაც, თითქოს, ო.გ.-მ მოსარჩელე ლ.გ.-სგან ისესხა აღნიშნული თანხა. ო.გ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები