კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმის ალიანსის მიმართვა

9 აპრილი, 2020
 
საქართველოს პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმის ალიანსის მიმართვა პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსული დაავადების გავრცელების პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების  უზრუნველყოფის მოთხოვნით

კორონავირუსული დაავადების გამო გამოცხადებულმა მსოფლიო პანდემიამ დიდი პრობლემები შეუქმნა სხვადასხვა სახელმწიფოებს და მათ მოსახლეობას. ქვეყნების ხელისუფალთა წინაშე არაერთი გადაუდებელი ამოცანა დგას.

ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს ქვეყნის პენიტენციურ სისტემას. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავს იმისათვის, რომ არ მოხდეს ახალი კორონავირუსის გავრცელება საპატიმროებში. განსაკუთრებით საყურადღებოა ის დიდი დაწესებულებები, სადაც პატიმართა დიდი რაოდენობაა თავმოყრილი, ზოგიერთი დაწესებულება (მაგალითად, ქსნის N15 დაწესებულება) კი გადატვირთულია. 

როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ 30 მარტს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, სისტემის 780 თანამშრომელი გადაყვანილია ყაზარმულ რეჟიმზე და საგანგებო ვითარების მოქმედების ვადით იცხოვრებს პენიტენციურ დაწესებულებებში, რათა გარედან მაქსიმალურად შეიზღუდოს ინფექციის შეჭრა. 

ჩვენთვის გასაგებია, რომ აღნიშნულ რთულ ვითარებაში უპრეცედენტო ღონისძიებების გამოყენება შეიძლება იყოს საჭირო, თუმცა აქვე ვაფიქსირებთ, რომ ამან არ უნდა გამოიწვიოს პენიტენციური სისტემის პერსონალის შრომითი უფლებების და ჯანმრთელობის უფლების შელახვა და მათ (განსაკუთრებით, ქვედა რგოლს და ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს) უნდა მიეცეთ პრემია-დანამატები კანონმდებლობით დადგენილი წესით და უზრუნველყოფილნი იყვნენ სამჯერადი კვებით, ასევე საჭიროებისამებრ, სამედიცინო მომსახურებით.
მსოფლიო პანდემია განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს ემუქრება, მათ შორის არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები.  ჩაკეტილი სივრცე, რომელიც შეზღუდულად ნიავდება და სადაც ადამიანები მჭიდროდ არიან განთავსებული განსაკუთრებულად სარისკო გარემოს წარმოადგენს ინფექციური დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით.  ციხეებში კონტიგენტიც მძიმე სამედიცინო ანამნეზით გამოირჩევა და ხშირია კომორბიდობა. 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულების არსებითი ნაწილია პატიმრობაში მყოფი პირების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. 

არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაციები ამ საგანგებო მდგომარეობის დროს პენიტენციურ სისტემასთან მიმართებაში. 

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დღეის მდგომარეობით იმყოფება დაახლოებით 10,000 ბრალდებული და მსჯავრდებული პირი, ასევე რამდენიმე ათასი თანამშრომელი, მივმართავთ: 

იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს

- მოახდინონ საზოგადოების რეგულარული ინფორმირება საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსული დაავადების პრევენციის, მისთვის მზაობისა და ინფექციის მართვის მიზნებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების თაობაზე; 

- შეიმუშაონ კრიზისზე რეაგირების გეგმები (საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევების დროს მოქმედების გეგმა) კორონავირუსული ინფექციის მართვის და გადადების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის 2020 წლის 23 მარტის შუალედური სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების მონაწილეობით; 

- უზრუნველყონ პატიმრები ჰიგიენური საშუალებებით და შესაბამისი აღჭურვილობით, რათა მათ შეძლონ პირადი ჰიგიენის დაცვა და საცხოვრებელი ფართის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით;  

- საინფორმაციო რესურსების (ბროშურები, პლაკატები) მომზადება და გავრცელება პატიმრების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით კორონავირუსული დაავადების თაობაზე და ინფექციის გავრცელების პრევენციის გზებზე პატიმართა ძირითადი კონტიგენტისთვის გასაგებ სხვადასხვა ენაზე; 

- პაემნების საყოველთაო შეზღუდვის პირობებში, პატიმრებს მიეცეთ საშუალება ისარგებლონ სატელეფონო და ვიდეო პაემნებით, რათა შეინარჩუნონ გარესამყაროსთან კონტაქტი; 

- განიხილონ განსაკუთრებით რისკის ჯგუფში მყოფი პატიმრების ვადამდე გათავისუფლების საკითხი (პირობით ვადამდე, ჯანმრთელობისა და ხანდაზმულობის საფუძველზე გათავისუფლება ან სასჯელის მოხდის გადავადება) მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმრების, ხანდაზმულების, ფეხმძიმე ქალების, ასევე იმ პატიმარი დედების, რომელთაც თან ყავთ 3 წლამდე ასაკის ბავშვები; ამასთან ერთად, მოხდეს იმის წინასწარი შეფასება, თუ სად და რა გარემოში უწევთ საზოგადოებაში დაბრუნება აღნიშნულ პირებს, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ინტერესების დაცვა.

- გადატვირთული ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების განტვირთვა და პატიმართა განთავსება ისე, რომ დიდი რაოდენობით არ იყონ საერთო სივრცეში თავმოყრილი; 

- მოახდინონ პენიტენციური სისტემის პერსონალის სათანადო გადამზადება კორონავირუსული დაავადების თაობაზე ინფორმირების გაზრდით და მათი უზრუნველყოფა სპეციალური დამცავი აღჭურვილობით.
 
საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სასამართლო ხელისუფლებას

 - საპატიმროების განტვირთვის მიზნით და იმისათვის, რომ უფრო იოლად გახდეს შესაძლებელი საპატიმროებში ინფექციის გავრცელების პრევენცია და მართვა, მოგიწოდებთ, რომ უპირატესობა მიანიჭოთ არასაპატიმრო, ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების და სასჯელების გამოყენებას, ნაკლებად მძიმე, არაძალადობრივი დანაშაულებისათვის; აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენებას; სასჯელის მოხდის გადავადებას, სადაც ეს შესაძლებელია. 

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, ხელმომწერი ორგანიზაციებ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მხარი დავუჭიროთ ამ მიმართულებებით გადადგმულ ნაბიჯებს და მონაწილეობა მივიღოთ ზემოაღნიშნული რეკომენაციების შესრულების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში.

საქართველოს პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმის ალიანსის წევრი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი
ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (GIP – Tbilisi)
ციხის საერთაშორისო რეფორმა - სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი
ცენტრი „ემპათია“
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

ახალი ამბები