11:04, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

14.04.2020

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

კორონავირუსს განსაკუთრებით მოუმზადებელი ხვდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. აფხაზეთსა და ცხინვალში მდგომარეობას ართულებს ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობა და ასევე, საქართველოს სხვა რეგიონებთან გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, რაც ადგილობრივებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს უქმნის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში  კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა.   ბოლო შემთხვევა გაგრაში 95 წლის მოხუცებულს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მანამდე აფხაზური მედია ორი დაინფიცირებულის შესახებ იტყობინებოდა, რომლებიც გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.  აფხაზური მედია კოვიდ-19-ით ინფიცირების მხოლოდ სამ შემთხვევაზე წერს და არაფერს ამბობს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში 50 წლის ქალზე, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და  ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. სწორედ ეს გარემოება აჩენს კითხვას, ვრცელდება თუ არა სწორი ინფორმაცია ინფიცირებულების შესახებ.

ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ მოქალაქეებზე საერთოდ არაფერს ამბობს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა. ოკუპირებული ცხინვალისა და ახალგორის რაიონში საგანგებო მდგომარეობა 28 მარტს გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა მოიცავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების აკრძალავს. სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა დაიკეტა ყველა სხვა სავაჭრო ობიექტები, კაფეები, რესტორნები. 70 წელს გადაცილებულ ადგილობრივებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევებსა და ცხინვალის ​ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების მსგავასად არაფერს ამბობს არც ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზია ,,ირი". 
ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი კოვიდ-19-ის გავრცელების მთავარ საფრთხეს სწორედ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხედავს: „ოსეთის ხელისუფლება არ დაუშვებს დაავადება ქვეყანაში საქართველოდან გავრცელდეს. სამხრეთ ოსეთში სიტუაციას ხელისუფლება მკაცრად და საიმედოდ აკონტროლებს. ყველა უწყება ზუსტად და აწყობილად მუშაობს. ყველა მცდელობა ქართული სპეცსამსახურების, რომ „პრობლემის ექსპორტი“ მოახდინონ სამხრეთ ოსეთში, განწირულია“, - განაცხადა მედოევმა.

,,როგორ ჩანს, საფრთხე იგრძნეს, მაგრამ იგრძნეს ძალიან გვიან. ახალი კორონავირუსი ყველას ემუქრება. არ არის ახალა იმის დრო, რომ გარჩევა დაიწყონ, თუ საიდან ემუქრებათ საფრთხე და საიდან არა, საფრთხე ყველას ყველა მხრიდან ემუქრება და აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება", - ამბობს რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტი გოგა აფციაური. მისი შეფასებით, ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად ,,კოვიდ19"- თან საბრძოლველად.

,,ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთს მიმართა დახმარების თხოვნით, საიდანაც 200 ადამიანისთვის განკუთვნილი ტესტი მიიღეს,  თუმცა არავინ არ იცის, ეს ტესტები რამდენად სანდოა, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს 200 000 ტესტზე მოუწია უარის თქმა, რადგან მათი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ შესთავაზა დახმარება ოკუპირებულ რეგიონებს. მიმართვა აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზეც კი არის ხელმისაწვდომი. აფხაზებმა ოსებისგან გასხვავებით მიიღეს დახმარება, ენგურის ხიდიდან საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით, როდესაც საერთშორისო ორგანიზაციებმა - გაეროს განვითარების პროგრამამ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სამედიცინო აღჭურვილობა ექიმებისთვის ჩაიტანეს. ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს აფხაზურმა მხარემ მოითხოვა გალში ტექნიკური შეხვედრა და მათ სწორედ ახალი კორონავირუსის შესახებ აინტერესებდათ ინფორმაცია და ამ შეხვედრაზე მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარება სთხოვეს და მიიღეს კიდეც ეს დახმარება. აფხაზებისგან განსხვავებით ოსები ამბობენ, რომ მათ არანაირი დახმარება საქართველოსგან არ უნდათ და მხოლოდ რუსეთის დახმარების იმედად რჩებიან, ვიდრე მოსკოვმა არ გაამკაცრა ზომები, ცხინვალში პრევენციის მიზნით გადამჭრელი ნაბიჯები არ გადადგეს. ცხინვალში ერთადერთი ლაბორატორიაა, ისიც მესამე-მეოთხე დონის, კოვიდ-19-ის ინფექცია რომ გამოავლინონ აუცილებელია პირველი და მეორე დონის ლაბორატორია, რაც არის თბილისში, ლუგარი არის უმაღლესი დონის ლაბორატორია, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ადგენს ვირუსს", - აღნიშნა გოგა აფციაურმა.

,,პრემიერ-მინისტრმა თქვა და მეც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, საოკუპაციო ხაზის რომელ მხარეს არის ჩვენი მოსახლეობა. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ", -ა ცხდებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. მინისტრის თქმით, ხელისუფლება მზად არის როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში მცხოვრებლები გადმოიყვანონ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში შევიდნენ მედიკოსები და ადგილზე გაუწიონ მოსახლეობას სამედიცინო დახმარება.

,,შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს, რომ ჩვენი მზაობა ვაქციოთ მოქმედებად. ცხინვალის მიმართულებით არამარტო სამედიცინო დახმარებაზე გვაქვს საუბარი, არამედ ჰუმანიტარულ დახმარებაზეც, რადგან იზოლაციაში იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები. იქ არის ჰუმანიტარული კრიზისი და  გვსურს, რომ საკვები და მედიკამენტები შევიდეს, ამის მზაობაც გვაქვს და მინდა, იმედი დავიტოვო რომ გვექნება შეხების წერტილები, რადგან ეს ჰუმანიტარული პროცესია და ამის პოლიტიზება არის დაუშვებელი", - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა. 

განცხადების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას და ადგილობრივ დე ფაქტო ორგანოებს: დაიცვან ჯანმრთელობის უფლება, უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობა რელევანტური სამედიცინო სერვისებითა და მომარაგებით ახალგორსა და გალში; დროული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ახალგორსა და გალში მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსისაგან დაცვის გზებთან დაკავშირებით, მათ შორის - ქართულ ენაზე, ეთნიკური ქართველი მოსახლეობისათვის.

ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ: გამოიყენოს ყველა შესაძლო გზა, რათა მიაწოდოს სამედიცინო დახმარება გალსა და ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს, ასევე, ინფორმაცია კორონავირუსისაგან დაცვის გზებთან დაკავშირებით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC