კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რწმენის თავისუფლება საგანგებო მდგომარეობის პირობებში

16 აპრილი, 2020
კორანავირუსი უკვე იქცა გამოწვევად მთელი სამყაროსთვის. ეს გამოწვევა ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხება, იქნება ეს ეკონომიკისა და პოლიტიკის სფერო, თუ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება.

ეპიდემიის გავრცელებაზე რეაგირება მსოფლიოსგან განსაკუთრებული ზომების მიღებას მოითხოვს. ეს ზომები კი, თავისი მასშტაბურობით, უპრეცენდენტოა. 

დემოკრატიულ საზოგადოებებს, გამოცდილებიდან და წინდახედულებიდან გამომდინარე, არ დავიწყებიათ კრიზისებში განსაკუთრებული მოქმედების აუცილებლობა და თუკი ანტიკურ რომში ასეთ დროს რესპუბლიკაში დიქტატორის არჩევა ხდებოდა, დღევანდელ დემოკრატიაში, საგანგებო მდგომარეობისას, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ხდება ძალთა კონცენტრირება, რათა კრიზისის გამკლავება გამარტივდეს. 

რელიგიის თავისუფლება და საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

საგანგებო მდგომარეობა არის განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც ქვეყნის მთავრობებს ენიჭებათ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება, რისი განხორციელების შესაძლებლობაც ჩვეულებრივ პირობებში არ აქვთ. მსგავსი მდგომარეობის გამოცხადება დაკავშირებულია ბუნებრივი კატასტროფების, პანდემიების/ეპიდემიების, სამოქალაქო მღელვარებების ან შეიარაღებული კონფლიქტების დროს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ასეთი მდგომარეობის არსებობა, როგორც წესი, ყველგან ავალდებულებს ადამიანებს, შეიცვალონ ქცევისა და ცხოვრების ნორმალური წესი და დაემორჩილონ განსაკუთრებული რეჟიმის მოთხოვნებს, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს მათი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ამის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ გულისხმობს მთავრობის მიერ ხელისუფლების უზურპაციას, რაც დაბალანსებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებით. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, 1966 წლის საერთაშორისო პაქტის - „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ მე-4 მუხლის დანაწესით, სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, საგანგებო მდგომარეობისას, გადაუხვიონ პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს მდგომარეობის სიმძაფრე, იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები შეუთავსებელი არ იქნება მათ მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ სხვა ვალდებულებებთან და არ მოიცავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე. მე-4 მუხლი ასევე იმპერატიულად განსაზღვრავს იმ უფლებათა ჩამონათვალს, რომლის შეზღუდვაც არ შეიძლება მოხდეს, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი. ასეთი მუხლების ჩამონათვალში შედის, ამავე პაქტის მე-18 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით:  „1. თითოეული ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ ჰქონდეს ან მიიღოს რელიგია ან მრწამსი და თავისუფლად აღიარებდეს თავის რელიგიას და მრწამსს, როგორც ცალკე, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ თუ კერძოდ, ასრულებდეს და გამოხატავდეს საკუთარ რელიგიას ლოცვით და მოძღვრებითა და სწავლებით“.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის თავისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამო არ შეიძლება შეიზღუდოს, თავად გაეროს პაქტის მე-18 მუხლი უშვებს საგამონაკლისო შემთხვევებს და აწესებს წინაპირობებს, თუ როდის შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის რელიგიის (ექსტერნალური) თავისუფლება. კერძოდ, პაქტის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „რელიგიისა და მრწამსის აღიარების თავისუფლება შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში და საზოგადოების უშიშროების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის, ისევე, როგორც სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით“.

აღნიშნულ საკითხს საქართველოს კონსტიტუციაც მსგავსად არეგულირებს, რომლის 71-ე მუხლი სწორედ საომარ და საგანგებო მდგომარეობას ეხება. ამ მუხლის მე-4 ნაწილი ექსპლიციტურად ჩამოთვლილია ის უფლებები, რომლებიც ასეთი მდგომარეობის დროს შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვას. ცხადია, პაქტის მსგავსად, არც ამ მუხლების ჩამონათვალში ხვდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლშია მოცემული. 

შესაბამისად, რელიგიის თავისუფლების შემზღუდველი ვერ იქნება ვერც საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა 

შესახებ“ და ვერც 30 მარტს მასში შესული ცვლილებები, რომლითაც კომენდანტის საათი დაწესდა. მეტიც, მისი შეზღუდვა ამ საფუძვლით იქნებოდა არაკონსტიტუციური.

რას ცვლის ტაძარში მისულ მორწმუნეთათვის კომენდანტის საათი

კომენდანტის საათი არ ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას, მაგრამ მისი მოქმედების სფეროში ექცევიან როგორც მორწმუნეები, ასევე ურწმუნოებიც. შესაბამისად, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ეხება ყველას, რწმენისგან დამოუკიდებლად.

გადაადგილების უფლების შეზღუდვა საღამოს 9 სააათიდან, დილის 6 საათამდე, ცხადია, ირიბად ზღუდავს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ ჩაითვლება ამ უფლების დაცულ სფეროში ჩარევად. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მხოლოდ უფლების შეზღუდვიდან მომდინარე ეფექტი, რომელიც გავლენას ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, მაგრამ არ იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლების შეზღუდვა და უფლების შეზღუდვიდან მომდინარე ეფექტები. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული რომელიმე უფლების შეზღუდვა, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ გავლენას ახდენს სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე. თუმცა, ეს თავისთავად არ ნიშნავს თავად ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, მის შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უნდა შეაფასოს იმ კონსტიტუციურ უფლებასთან, რომლის შეზღუდვისკენაც არის იგი მიმართული, და არა იმ უფლებასთან, რომლის შეზღუდვაც გვერდითი ეფექტის სახით მოჰყვება მას“. 

საკულტო ნაგებობებში ადამიანების შეკრებას, განსხვავებით სხვა სივრცეებისა, იცავს რელიგიის თავისუფლება და არა შეკრებისა და გამოხატვის. ამიტომაც შეზღუდვები, რომელიც თუნდაც ეკლესიის შიდა სივრცეებში ადამიანების მიერ სოციალურ დისტანცირებას გულისხმობს, ვერ ხვდება არსებული რეგულაციებით შეზღუდვის საგანი. შესაბამისად, თუკი თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, რომ საგანგებო ზომებით გათვალისწინებული შეკრების მონაწილეთა მაქსიმალური ოდენობა (3 ადამიანი) და მათ შორის სავალდებულო ორმეტრიანი დისტანცია დავიცვათ, ეკლესიებსა და სხვა საკულტო 

ნაგებობებში, არსებული რეგულაციებით, ეს მხოლოდ მორწმუნეთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ასევე, თუკი მორწმუნე 9 საათამდე მივა ეკლესიაში და იქ დილის 6 საათამდე გაჩერდება, კომენდანტის საათის შეზღუდვები მას არ შეეხება. სააღდგომო ლიტურგიის/ღამისთევის გამართვაც სწორედ ამგვარად დაიგეგმა დიდ ეკლესიებში.

რა გამოსავალს გვთავაზობს საქართველოს კონსტიტუცია 

საქართველოს კონსტიტუციაში, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებში რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლება ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს; პირველი, ეს არის ამ უფლების შინაგანი განზომილება (forum internum), რაც  გულისხმობს შინაგან თავისუფლებას, რომელიც ხორციელდება თითოეული ინდივიდის შინაგან სამყაროში, მის გულსა თუ გონებაში; შესაბამისად, იგი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს მიღმაა და არ უნდა იქნეს შეზღუდული სახელმწიფოს ჩარევით;  მაგრამ ამ უფლებას აქვს გარეგანი განზომილებაც (forum externum). იგი გარეგანი თავისუფლების სფეროა და მოიცავს აღმსარებლობისა და რწმენის გამჟღავნებასთან, მათ გამოვლინებასთან დაკავშირებულ თავისუფლებას. ეს არის ადამიანის თავისუფლება, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, განკერძოებით ან საქვეყნოდ, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების შესრულებით. სწორედ ასეთ უფლებას განეკუთვნება მორწმუნეთა მიერ ტაძრებსა თუ სხვა სარიტუალო დაწესებულებებში თავშეყრა, წირვა და სხვა რიტუალებში მონაწილეობა. განსხვავებით რწმენის შინაგანი თავისუფლებისა, მისი გარეგანი განზომილება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო აქტებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს „მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, ამ შემთხვევაში - ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებას მორწმუნეთა 

ტაძრებში თავშეყრის შესაზღუდად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ სჭირდებოდა. ამისათვის აუცილებელია, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის დანაწესის შესაბამისად, საქართველოს კანონის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად. უფლებამოსილმა უწყებამ, განსაზღვრული მოქმედების პერიოდით, უნდა გამოსცეს სათანადო კანონქვემდებარე აქტი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა შეიტანოს ცვლილებები და დამატებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში; ხოლო ზემოთაღნიშნული დროებითი ღონისძიებების დარღვევის შემთხვევაში, უნდა დაექვემდებაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს. ხელისუფლების ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა მოხდეს საზოგადოების ზუსტი და დროული ინფორმირება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მყარი პოზიცია აქვს, რომ ეკლესიები არ დაიხურება. ეკლესიები ვერც კონსტიტუციის მე-16 მუხლით შესაძლებელი შეზღუდვების დაწესებით დაიხურება. ეკლესიაში, ისევე როგორც სხვა საკულტო ნაგებობებში, მღვდელმსახურებს არ უნდა აეკრძალოთ თავიანთი რწმენის შესაბამისი მღვდელმსახურების ჩატარება. აქ საუბარია მორწმუნე მრევლის თავშეყრის შეზღუდვების დაწესებაზე. ანუ, დროებით, ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ზომების შესაბამისად, ეკლესიაში მორწმუნეთა მისვლის შეზღუდვა კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი საგამონაკლისო სახით უნდა დაწესდეს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, ეკლესიის განსაკუთრებით მაღალი ავტორიტეტისა და სავარაუდოდ, შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად, დღემდე თავს არიდებს მსგავსი ზომების მიღებას.  ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა ქრისტიანებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღდგომის დღესასწაულებისა და სხვა საუფლო დღესასწაულების დროს, როდესაც ქვეყანაში ინფექციის შიდაგავრცელება უკვე მიმდინარეობს. საყურადღებოა ეკლესიის მრევლისა და თავად მღვდელმსახურთა საშუალო ასაკი, რომელიც პირდაპირ რისკს კიდევ უფრო ზრდის. საქართველოს პატრიარქის მიერ გავრცელებულ 01.04.2020 მიმართვაში სამწყოსადმი გაკეთებულია მოწოდება ტაძარსა თუ ტაძრის ეზოებში, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ სოციალური დისტანციისთვის დადგენილი მანძილის დაცვაზე. ასევე მითითება ეხება საღვთო ლიტურგიის შესრულებისას მღვდელმსახურებაში მონაწილე პირთა და მრევლის ტაძრებსა თუ მის ეზოებში განლაგებას. ხოლო 

განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფთათვის სახლში ყოფნის რჩევაა გაცემული. პატრიარქის მიმართვა ასევე ეხება იმ პირებს, „ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს ვირუსით დასნებოვნების გამო“ - დარჩნენ სახლში და სურვილის შემთხვევაში, მათ სამღვდელოება ადგილზე მოემსახურებათ. 

ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, Covid-19-ის ინფექციამ უკვე აჩვენა მსოფლიოს, რომ მსგავსი სახის პრევენციული ზომები ვერ იქნება საკმარისი ინფექციის გავრცელების რისკების შესამცირებლად. მით უფრო, როცა ეკლესიამ უცვლელი დატოვა ეკლესიებში წირვებზე შეკრება და საერთო კოვზით ზიარების წესი. ხალხმრავლობა იყო ეკლესიების ტერიტორიაზე 12 აპრილს ბზობის დღესასწაულზე, რაზეც ხელისუფლებას პრაქტიკულად რეაგირება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ნიშანდობლივ შემთხვევას თელავში, როდესაც პოლიციამ ეკლესიასთან სოციალურად დაუცველი ყვავილების გამყიდველი დააჯარიმა. პოსტ-ფაქტუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა და „გულწრფელად აღიარა“, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირველ რიგში კი - შსს-ს „უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა“. შემაშფოთებელია ხარების დღესასწაულზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის მიერ მსახურების ჩატარება და მრევლთან პირდაპირი კონტაქტი. ხელისუფლებამ ვერც ასეთი შემაშფოთებელი შემთხვევების და შესაბამისად გაზრდილი რისკების შემდეგ შეძლო საქართველოს საპატრიარქოსთან დიალოგის გზით მიეღწია შეთანხმებას, რათა თვითონ საპატრიარქოს მიემართა მრევლისთვის და მიეცა კურთხევა, არ მისულიყვნენ სააღდგომო ლიტურგიაზე და ღამისთევაზე. მთავრობის პრესპიკერის ინფორმაციით, დიდ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია ორმეტრიანი დისტანციით ჩატარდება, მცირე ზომის ეკლესიებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. ამავე დროს, მრევლი ეკლესიებში კომენდანტის საათის დაწყებამდე - 21:00 საათზე უნდა მივიდეს და დასრულების შემდეგ - 06:00 საათზე დაბრუნდეს შინ. ბზობის დღესასწაულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ცალკე პრობლემაა, რამდენად მოახდენს ხელისუფლება ამ შეთანხმების ადმინისტრირებას.

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა?

ამ პირობებში, თუკი სახელმწიფო არ მიიღებს საჭირო ზომებს, მოვლენების ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში (რისი ალბათობაც ძალიან იზრდება დღესასწაულებისთვის დამახასიათებელი თავყრილობებითა და ფიზიკური დისტანციის დაუცველობით), ცხადია, პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, რომელსაც არ აღმოაჩნდა შესაბამისი გამბედაობა და სიძლიერე ადამიანების საყოველთაო ჯანდაცვისა და უსაფრთხოების 

დასაცავად, მათ შორის - არაპოპულარული გადაწყვეტილებების გზით. ცხადია, თავისი წილი, მეტწილად - მორალური პასუხისმგებლობა დაეკისრება ეკლესიას, კონკრეტულად კი - საქართველოს საპატრიარქოს და გადაწყვეტილების მიმღებ სასულიერო პირებსაც. დიდი ალბათობით, ცალკეული პოლიტიკური პარტიების თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მიერაც ვექტორების გადატანა ეკლესიისკენ მოხდება და ეს იქნება სრულიად სამართლიანი. მეორე მხრივ, ხელისუფლების მიერ ადეკვატური ზომების მიღება, რომელიც შესაძლოა არ იყოს პოპულარული (ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი რეიტინგის გათვალისწინებით), საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდეს ვირუსთან ბრძოლასთან გასამკლავებლად და შეუნარჩუნოს სიცოცხლე უამრავ ადამიანს.

შექმნილ საგანგაშო ვითარებაში ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:

საქართველოს ხელისუფლებას:

- საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტით, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისთვის.

- მკაცრად მოახდინოს იმ რეგულაციების ადმინისტრირება, რასაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

საქართველოს საპატრიარქოს:

- არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე,  გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ხელისუფლების მოწოდებები და რეკომენდაციები;
 
- გაიაზროს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს საკუთარი მრევლისა და სრულიად საზოგადოებისადმი და საკუთარი ავტორიტეტიდან გამომდინარე, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა მრევლი დაემორჩილოს სახელმწიფოს მხრიდან ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს. 

- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით, მიიღოს ეფექტიანი ზომები, რითაც მინიმუმამდე დაიყვანს სპეციალური ღონისძიებების გამოყენების საჭიროებას და შეამცირებს საზოგადოების განხეთქილების რისკებს საგანგებო მდგომარეობისას შექმნილ განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაში.

მორწმუნეებს:

- მაქსიმალურად გაიაზრონ კორონავირუსისგან მომდინარე რეალური საფრთხეები, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას არამარტო მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ინდივიდუალურ დონეზე, არამედ - ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფ პირებს; 

- დაემორჩილონ ეპიდემიოლოგებისა და ხელისუფლების მიერ მიღებულ სპეციალურ ზომებს და დაიცვან ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ აუცილებელი ზომები. 

#დარჩისახლში



ახალი ამბები