კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე რუსეთის სასაზღვრე ძალების მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით

19 აპრილი, 2020
 
2020 წლის 15 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრებ დათა ვანიშვილის სახლში უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს დათა ვანიშვილის შვილიშვილი. 16 აპრილს კი უკანონოდ დააკავეს და ასევე ცხინვალში წაიყვანეს მისი მეუღლე. 

სოფელ ხურვალეთში რუსეთის სასაზღვრე ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართები 2012 წელს გაავლეს, რის შედეგადაც დათა ვანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ამის შემდეგ 88 წლის დათა ვანიშვილს, რომელიც მავთულხლართების მიღმა მის ხანდაზმულს მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, შეზღუდული აქვს კონტაქტი ოჯახის წევრებთან და გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილს შეზღუდული აქვს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, პენსიასა და საკუთარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მავთულხლართების გავლების და სოფლის გაყოფის შედეგად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა. დაახლოებით 2 თვის წინ, დათა ვანიშვილის მეუღლე, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, საკაცით, მავთულხლართების ქვეშ გამოტარებით გადმოიყვანეს სასწრაფო დახმარების ექიმებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად.

დათა ვანიშვილის მოსანახულებლად მისი შვილიშვილი და რძალი 15 აპრილს გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

მსოფლიო პანდემიის, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, როდესაც სახელმწიფო რესურსები მაქსიმალურად მობილიზებულია დაავადების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო დაკავებებთან ერთად აგრძელებენ ასევე უკანონო ბორდერიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

17 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა რაც რუსეთის სასაზღვრე ძალების წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ტახტისძირსა და დირბში. კერძოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დაახლოებით 15 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა,  მავთულხლართების გავლების მიზნით შემოღობეს. შედეგად, მოსახლეობამ დაკარგა შემოსავლის მიღების ძირითადი წყარო. ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, ისინი დიდი ხანია ამუშავებდნენ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს, რუსი მესაზღვრეების მიერ ღობეების გავლების შედეგად კი დაკარგეს მათზე წვდომა. ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ შემოსავლის მიღების სხვა წყარო. მოსახლეობა შიშობს, რომ ღობეების აღმართვის შედეგად, მათი სახლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა. მსგავსი მოქმედებები განახორციელეს რუსეთის სასაზღვრე ძალების წარმომადგენლებმა 2019 სოფელ გუგუტიანთკარში - მათ მიერ ახალი ღობეების აღმართვის და მავთულხლართების გავლების შედეგად სოფელში მცხოვრები ორი ოჯახის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც მათი მთავარი საარსებო წყარო იყო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ოჯახები იძულებულნი გახდნენ, საოკუპაციო ძალების მიერ განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სახლები დაეშალათ და ნაწილები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაეტანათ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს რუსეთის სასაზღვრე ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, რის შედეგადაც ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, გადაადგილების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და საკუთრების უფლებები, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაააქტიუროს ძალისხმევა მიმდინარე უფლებადრღვევებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და რეაგირების მოთხოვნის მიზნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები