კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკურ ნაციონალიზმს შეწირული 13 ადამიანის სიცოცხლე

22 აპრილი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2019 წლის აგვისტოს ბოლოს, ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ, ერთმანეთის პირისპირ ქართული და ოსური საგუშაგოების მოწყობამ  ახალი კრიზისი გააჩინა, რომელიც მხარეებმა რვა თვის შემდეგაც ვერ დაძლიეს. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ჩორჩანას მიმდებარედ ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა და როდესაც შეთანხმებას ვერ მიღწია, საპასუხოდ წნელისში ოსური საგუშაგო გააკეთა, თუმცა ამან კრიზისი მაინც ვერ მოაგვარა, პირიქით უფრო გააღრმავა.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი ჩაუკეტა და იზოლაციაში მოაქცია. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმე ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებლებისთვის აღმოჩნდა. სექტემბრის დასწყისში ჩაკეტილი ​ ახალგორის გამშვები პუნქტი მხოლოდ ერთხელ გაიხსნა, ისიც რამდენიმე დღით. თვითიზოლაციაში მოქცეულ ახალგორელებს ბევრ პრობლემასთან უწევთ გამკლავება და ყველაზე მთავრი მაინც ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაა. ბოლო რვა თვის განმავლობაში ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერც ახალგორის საავდმყოფოში გაუწიეს და არც თბილისის საავდმყოფოში გადმოყვანის შესაძლებლობა მისცა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ.

,,კოვიდ19"-ის პრევენციის მიზნით, ამოქმედებული მკაცრი კარანტინის პირობებში, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ოჯახებს მძიმე პაციენტების თბილიში გადაყვანაზე მხოლოდ იმის გამო უთხრა უარი, რომ ოკუპირებულ ახალგორში ახალი კორონავირუსის შეტანის რისკები დაინახა. ოკუპირებულ ახალგორში კიდევ ორი პაციენტია კრიტიკულ მდგომარეობაში და იმ შემთხვევაში, თუ მათ თბილისის საავადმყოფოში გადაყვანის უფლებას არ მისცემენ, შესაძლოა, ახალგორში გარდაცვლილების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას ეთნიკურად ქართველების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

,,იმის მიუხედავად, რომ  ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და საუბედუროდ, უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის, ფაქტობრივად, გაგრძელება, აი, ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმა. 4 სექტემბრიდან როდესაც, ფაქტობრივად, ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაიკეტა - დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რეჟიმის ამგვარ მიდგომებს, რომელიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

,,ბიბილოვი უღირსად და  უსინდისოდ ახორციელებს ქართული მოსახლეობის ეგზეკუციას" , - ასე აფასებს მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როდესაც მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალიდან, წითელი ჯვრის მეშვეობით, რამდენიმე ეთნიკურად ოსი მოქალაქის  გადმოყვანა მოხდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში. ამავე პერიოდში, ახალგორში მცხოვრები ორი ქართველი იმის გამო დაიღუპა, რომ თბილისში გადმოყვანაზე, უარი უთხრეს.

,,მე როგორც ვიცი, ასეთ კრიტიკულ სიტუაციის დროს, სამი-ოთხი ადამიანი ჰყავს ბიბილოვს გამოშვებული საქართველოში სამკურნალოდ. ბიბილოვი ვერ უბედავს თავის ხალხს, ოსებს, რომ არ გამოუშვას, მაშინ ეტყვიან მიმკურნალე აქ, ან გამიშვი ვლადიკავკაზში, რაც თანხებთან არის დაკავშირებული. მეორე მხრივ, ბიბილოვს მძევლად ჰყავს აყვანილი ახალგორში მცხოვრები ქართველები, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეთნიკური ნაციონალიზმი. ბიბილოვს იმის მაგივრად, რომ წნელისის პრობლემა მოეგვარებინა ქართულ მხარესთან, მძევლად აიყვანა ახალგორში მცხოვრები ქართული მოსახლეობა. კოკოითი ამბობდა, ჩემი მოსახლეობაა ახალგორელებიო და ფორმალურად მაინც რაღაც ყურადღებას აქცევდა, რაც შეეხება ანატოლი ბიბილოვს, მან სულ დაკარგა კონტროლი თავის თავზე და დაკარგა ის ვალდებულებებიც, რაც თუნდაც არაფორმალურ მმართველს აქვს თავისი მოსახლეობის წინაშე. ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა ქართულ მხარესთან ვერ იპოვა საერთო ენა და ვერ მოაგვარა წნელისის საკითხი, რაზეც ვერაფერს ეუბნება თავის ამომრჩეველ ოსურ მოსახლეობას და ამიტომ სჯის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი მინისტრად დანიშვნამდეც აქტიურად იყო ჩართული ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ დიალოგის ფორმატებში. მისი გამოცდილება და კონტაქტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მუშაობის დროს ეხმარებოდა. მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ ის როგორც კონფლიქტოლოგი, მესამე სექტორიდან აგრძელებს კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით მუშაობას. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ის რაც დღეს ახალგორში ხდება, ბიბილოვის უპასუხისმგებლობასთან ერთად საქართველოს ხელისუფლების დაუფიქრებელი საქციელით არის გამოწვეული.

„მე მაქვს კითხვები ქართულ მხარესთან - ეს წნელისი რა იყო ასეთი, რომ შევარდნაძესაც გამოეპარა, სააკაშვილსაც გამოეპარა და ახლა რა იყო ისეთი, რომ ერგნეთის შეხვედრების გვერდის ავლით მოხდა მისი გაკეთება,  ამის შესახებ დღემდე პასუხის არ არსებობს. ჩიხში შევედით​ წნელისში ქართული და ოსური საგუშგაოების გაკეთებით და ახლა არც ერთიმხარე ამ საგუშაგოს არ გააუქმებს, რადგან ეს იქნება შეცდომის აღიარება. შევედით ჩიხში და  წინ უნდა ვიაროთ, კონფლიქტებში ასე ხდება ხოლმე, რათა მომავალში ეს შეცდომები აღარ დაუშვათ. მე მაქვს კონტაქტები ოსურ მხრესთან და ყველა ამბობს, რომ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან", - ამბობს ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან ოსურ მხარესთან, სასწრაფოდ, პირდაპირი დიალოგის დაწყებას მოითხოვს.

,,დღევანდელ სიტუაციას რომ შევხედოთ, ცოტა უცნაურია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს უნარი პირდაპირ ელაპარაკოს ოსებს. თუ რამე მესმის  ხელისუფლებისგან: ჩვენ შევატყობინეთ ევროკავშირს, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ ჟენევაში, ჩვენ დავრეკეთ ცხელ ხაზზე, ანუ არანაირი პირდაპირი კონტაქტები არ არის ოსურ და აფხაზურ მხარეებთან, რაც ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია. 5 წელი ვიყავი მინისტრი და ერთხელ არ მიხსენებია ჟენევა, ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თუ ერგნეთის შეხვედრები. ყოველთვის ვახერხებდით პირდაპირი დიალოგით უამრავი საკითხების მოგვარებას. ნუთუ ორი კაცის სიცოცხლე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გადავხედოთ პოლიტიკას და ვთქვათ, გამოსავალი სად არსებობს", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ახალი ამბები