კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანტიკრიზისული თუ წინასაარჩევნო გეგმა?

28 აპრილი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ეს საარჩევნო გეგმა უფროა, ვიდრე ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ 6 თვე და არა წლის ბოლომდე. ყველა სამუშაო ადგილი  მხოლოდ 6 თვე იქნება დაკარგული?",  - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა ,,ლელოს" პოლიტიკური მდივანი დავით უსუფაშვილი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების მთავრობის ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმას, რომლის განხორციელებისთვის მთავრობა 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.

,,ლელომ ჯერ კიდევ ორი თვის წინ შესთავაზა ხელისუფლებას, შექმნილიყო ანტიკრიზისული საბჭო. ამ საბჭოს ფორმატში ჩვენ ჩვენს იდეებს მივიტანდით, სხვა სხვას მოიტანდა - გავცვლიდით, შევაჯერებდით და  საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე შევჯერდებოდით. ეს იქნებოდა სწორი მიდგომა ამ ვითარებაში. არსებული გეგმით ეს არ ხდება, იმიტომ, რომ ვინც დაკარგა სამუშაო 200-200 ლარს მივცემთო, როდესაც საარსებო მინიმუმი 200 ლარზე მეტია ოფიციალურად აღიარებული.  ამ ხალხს რას ვეუბნებით, 6 თვის განმავლობაში უმუშევარი დარჩები და თვეში 200 ლარს მოგცემთო? ჩვენი გეგმა იყო 3- თვიან სოციალური დახმარებაზე აწყობილი და ჩვენი გეგმით, ამავე თანხებით, თვეში 400 ლარს მიიღებდა ადამიანი და არა 200 ლარს, იმიტომ, რომ, პარალელურად, ეფექტური გეგმა იქნებოდა ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების ამუშავების და ახალი ადგილების შექმნის, რომ ორი თვის შემდეგ და სამი თვის შემდეგ ადამიანებმა საკუთარი შრომით გააგრძელონ საკუთარი თავისა და ოჯახების რჩენა. ხელისუფლებამ კი ამ გეგმით ხალხს უთხრა, რომ არჩევნებამდე არაფერი გეშველებათ, 200 ლარს მოგცემთ მთავრობა“,  - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვს ეტაპიან გეგმას. 

დასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შედეგად სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. 200-ლარიანი დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება და მთავრობა ამ მიზნით 460 მილიონ ლარს დახარჯავს. მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება თვითდასაქმებულებსაც, რისთვისაც 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ეკონომისტმა, თამარ ედიშერაშვილმა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ანალიზი სპეციალურად humanrights.ge-სთვის გააკეთა, მან მთავრობის ეკონომიკური გეგმა რამდენიმე კომპონენტად გამოყო და ძირითადი აქცენტები იმ საკითხებზე გააკეთა, რომელიც მთავრობას გამორჩა. 

,,განვლილი მძიმე ორი თვის კომპენსაცია არ ხდება და პროგრამა იწყება მაისის თვიდან.  როგორ უნდა იარსებონ უმუშევრებმა, რომლებიც საგანგებო სიტუაციამდეც დაუსაქმებლები იყვნენ.  ვინ უნდა გასცეს ცნობები თვითდასაქმებულებზე მაშინ,  თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი  დაადასტურებს წერილობით, რომ მასთან მუშაობდა კონკრეტული პირი, თვითონვე აღმოჩნდება შავ სიაში, რომ მალავდა დასაქმებულს და საშემოსავლოს არ იხდიდა.   ბუნებრივია, ბიზნესებს კორონავირუსამდე რა სიმძლავრეც ჰქონდათ, შეიძლება, წლის ბოლომდე ვერ გავიდნენ იმ დონემდე, ამიტომ სამსახურში აღდგენილი ხალხი, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს სრულ ხელფასს. შესაბამისად, ერთი ან ორი თვის შემდეგ ვეღარ მოხვდებიან 200 ლარიანი დახმარების 6 თვიან პროგრამაში. შესაბამისად, ეს ხალხს უბიძგებს ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლისთვის, რათა არ დაკარგონ ის მიზერული 200 ლარი. ის კატეგორია, რომელსაც სამსახური არ დაუკარგავს, მაგრამ გაუნახევრდა და მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავლები, რომლის იმედად აღებული ჰქონდათ სესხები, 3 თვის შემდეგ როგორ გადაიხდიან გადავადებულ და ზედ პროცენტ დამატებულ სესხებს?" - ამბობს თამარ ედიშერაშვილი.

,,ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ მთავრობამ ანტიკრიზისულ გეგმაში გზადაგზა გარკვეული ცვილელებები შეიტანოს.

,,ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა ქვეყნის ბიუჯეტის შესაძლებლობის გათვალისწინებით შეიქმნა. მთავრობამ სერიოზულად იმუშავა და გადაანაწილა ეს თანხები ძირითად მიმართულებებზე, მომავალში სიტუაციის შესაბამისად შევა ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაში ცვლილებები, რადგან არავინ არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსი", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე.

ცენტრალური ბიუჯეტის პარალელურად, ცვლილებები გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც შევიდა. კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისული მიმართულებით მერიამ ბიუჯეტში ნახევარ მილიონამდე ლარი გამოყო. რომლის ნაწილი, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების სოციალური დახმარებისთვის დაიხარჯება, ხოლო მეორე ნაწილი კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს მოხმარდება.

ახალი ამბები