კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებულ ცხინვალში ‘კოვიდ-19’-ით ინფიცირებულების რაოდენობა 23-მდე გაიზრდა

14 მაისი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსით სამი ინფიცირებულის შესახებ პირველად 6 მაისს დაადასტურა ინფორმაცია. ვირუსის გავრცელების პირველი წყარო რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტია. შექმნილი სიტუაციის გამო დე ფაქტო ხელისუფლებამ 10-დან 17 მაისამდე პერიოდში რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა რეგიონის მოსახლეობას  სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„გასული ორი თვის მანძილზე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ვირუსის გავრცელება არ დაგვეშვა, თუმცა როგორც ხედავთ, ეს მაინც მოხდა. პირს, რომელსაც კოვიდ-19 დაუფიქსირდა, გადაადგილდებოდა ცხინვალში, არ ვიცით, რამდენ ადამიანთან ჰქონდა შეხება. მოგიწოდებთ ყველას, გამოიყენეთ ის რესურსი, რაც გაგვაჩნია, მნიშვნელოვანია მოხდეს ვირუსის გავრცელების დროული პრევენცია“, - განაცხადა ბიბილოვმა.

7 მაისისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 11-მდე გაიზრდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს დახმარების მზაობის შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება.

„ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში ინფიცირებული პირების შესახებ, რაც არ არის მოულოდნელობა. არც ის არის სიახლე, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. მე მინდა, იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს. ადგილზე, იცით, რომ წვდომა არის შეზღუდული. ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს ეს წვდომა და ახლა მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და დანარჩენ ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, დამატებითი შემზღუდავი ზომები, რომლებიც დაანონსდა როკზე, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოაქცევს მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაშია. არის კიდევ ერთი ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფაქტობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეის მდგომარეობითაც, ტარდება სამხედრო აღლუმი, რომელიც არა მხოლოდ უკანონო ძალის დემონსტრირებას ახდენს, არამედ ქმნის ძალიან რეალურ საფრთხეს ინფექციის გავრცელების და მინდა ვთხოვო მოსახლეობას და მოვუწოდო, რომ დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ აი ამ რთულ პერიოდში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შეთავაზებას ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ არც ამჯერად უპასუხა, თუმცა ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზია ,,ირი"-ს ეთერში გადის ვრცელი სიუჟეტი, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე თბილისიდან ლუგარის ლაბორატორიიდან მოხდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის კრემლის პროპაგანდისტული ტელევიზიების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გავრცელების, თუმცა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის კონტროლირებად ტელევიზიის ეთერში სიუჟეტის იმ დროს გაშვება, როდესაც 11 ინფიცირებული ჰყავთ, ყურადღების გადატანად შეაფასეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლების ნაწილმა, რადგან ოკუპირებულ ცხინვალსა და ახალგორში ჯანდაცვის სიტემა მზად არ არის ახალ კორონავირუსთან გასამკლავებლად.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალ კორონავირუსს ახალგორსა და ცხინვალში არსებული ჯანდაცვის სიტემა ვერ გაუმკლავდება.

,,არაფერი არ შეცვლილა აქ და ვერც შეცვლიან, რადგან პროფესიონალიზმით არ გამოირჩევიან ჩვენი მედიკოსები და არც ინტერესით, რომ თუნდაც ახალ ვირუსზე ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია, ვიდრე აქვთ. არათუ ახალგორის რაიონი, ცხინვალიც არ არის მზად, რაც ჰქონდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ისიც დროებით ჩრდილოეთ ოსეთს გადასცეს. აქ შეუძლებელი და გამორიცხულია მკურნალობა, გამოჯანმრთელებაზე ზედმეტია იმედების დამყარება", - ამბობს თამარ მეარაყიშვილი, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებისგან განცხადებების ნაცვლად ქმედითი ნაბიჯების გადადგამს მოითხოვს.

,,შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობდა, რომ ისეთი კავშირები გვაქვს ცხინვალში, რომ ქართული ოცნების პირობებში არცერთ მინისტრს არ ჰქონია და ახლა ამბობს, არ ვიცით ვის დაუკავშირდეთ, არ ვიცით ვის დაველაპარაკოთო. რა თქმა უნდა ღია მოწოდებებზე და ღია შეთავაზებაზე უარს ეტყვის ბიბილოვი, აბა ხომ არ ეტყვის, გვინდა დაგვეხმარეთო. მე არაერთხელ დავწერე, ჯერ კიდევ გზა არ იყო ჩაკეტილი სინაგურსა და ლარსზე, თუ შეგიძლიათ,  სამედიცინო ნიღბები მოგვაწოდოთ ან სადეზინფექციო საშუალებები, მაგრამ იყო დუმილი. არანაირი საფუძველი არ არსებობს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის გამო, რომელიც შაბლონების დონეზე არსებობს, 9 თვეა რაც ადგილობრივი მოსახლეობა ტყვეობაში ვართ აყვანილი და გადაადგილების უფლება შეზღუდული გვაქვს, როდესმე რამე ნაბიჯი თუ გადადგეს გარდა განცხადებებისა. ხომ შეიძლებოდა, წითელი ჯვრის დახმარებით საკვები ან სხვა საშულებები მოეწოდებინათ. გამოდიან და ამბობენ ბიბილოვმა უარი თქვა, მაგრამ შენ რისთვის ხარ ხელისუფლება და რისთვის გაქვს კიდევ სხვა ბერკეტები.  ბიბილოვს ნუ დაველოდებით, მე მას დიდი ხანია, უკვე სერიოზულად არ ვუყურებ. ბიბილოვის მიღმა მუშაობა შეიძლება რის სურვილს და უნარებს მე დიდად ვერ ვამჩნევ საქართველოს ხელისუფლებას და მე ვარ ცოცხალი, ჯერჯერობით ცოცხალი, მაგალითი ამისა, რომ განცხადებების გარდა, ისიც თუ არ ეზარებათ, მეტი არაფრით არ შემოიფარგლება საქართველოს ხელისუფლება", - აცხადებს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი.

9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმის დამარცხებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი ღონიძიებები ოკუპირებულ ცხინვალში პომპეზურად და აღლუმით აღნიშნეს. ასევე ომში დაღუპულების მემორიალი გვირგვინით შეამკო თავად ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა. 11 მაისის მდგომარეობით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ხოლო 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება.

ახალი ამბები