კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განცხადება პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებისა და მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე

18 მაისი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ორივე მსჯავრდებულმა  შეწყალების აქტის გამოცემის დღესვე - 15 მაისს დატოვა პენიტენციური დაწესებულება.  
 
გიგი უგულავა სასჯელს იხდიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენით, თბილისის განვითარების ფონდის საქმესთან დაკავშირებით, გაფლანგვის ბრალდებით. მას სასჯელის სახით 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ირაკლი ოქრუაშვილი სასჯელს იხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებდან დაკავშირებულ საქმეზე ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით. სასჯელის სახით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ორივე ამ განაჩენთან დაკავშირებით არსებობდა მრავალი კითხვა და ეჭვი, რის გამოც ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, ევროპისა და აშშ-ის პოლიტიკური მოღვაწეები თუ დიპლომატები გამოხატავდნენ შეშფოთებას და ხელისუფლებას პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. ამავე დროს, ხელისუფლება მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა 2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების იმ ნაწილის შეუსრულებლობისათვის, სადაც საუბარი იყო პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოყენებით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობაზე. სწორედ ამ შეთანხმების შესრულების კონტექსტში ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა საარჩევნო საკითხებზე დისკუსიის გაგრძელება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგს.

7 მაისს ცენტრმა გამოაქვეყნა გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. დოკუმენტში დეტალურად არის გაანალიზებული საქმეებთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური მოტივები და უხეში ხარვეზები. მსგავსი დოკუმენტი მზადდება ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით.

მართალია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად თავისუფლები არიან, მაგრამ საერთო სასამართლოებში ორივეს წინააღმდეგ მიმდინარეობს სხვადასხვა საქმეები, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანის შემდგომ,  უგულავაც და ოქრუაშვილიც კვლავ შეიძლება დაბრუნდნენ საპატიმროში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს საერთო სასამართლოებში გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს. ე. წ. აეროპორტის ინციდენტის საქმეში გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოკვეთილია დანაშაულის პროვოცირების მეთოდი, რაც დამახასიათებელია პოლიტიკური მოტივით სისხლის სამართლის დევნისას. არაერთი პრობლემური საკითხი იკვეთება ირაკლი ოქრუაშვილის წინააღდეგ მიმდინარე საქმეშიც, რასაც ასევე ემატება თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან ამ საქმის პროცესების უკანონოდ დახურვა.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებით, მონიტორინგს ასევე ახორციელებს აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა. შესაბამისად, ყველა დარღვევას და სამართლებრივ პრობლემას ექნება ადეკვატური შეფასება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები