კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას და რუისელებს შორის დავა გრძელდება

25 მაისი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ქარელის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ რუისში, სპორტული მოედნის ნაწილს მაინც ასხვისებს. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ქარელის თვითმმართველობას სპორტული მოედნის ნაწილის გასხვისება რამდენიმე თვის წინ გამოტანილი გადაწყვეტილებით აუკრძალა. სასამართლოს გადწყვეტილების შედეგად, მერია იძულებული გახდა, აუქციონი ჩაშლილად გამოეცხადებინა. ქარელის მერიას ინვესტორიც უკვე მოძებნილი ჰყავდა, რუსული კომპანია შპს ,,ბიგ სერვისი", რომელსაც სპორტული მოედნის ტერიტორიის ნაწილზე ელექტრომობილების გასამართი სადგური უნდა მოეწყო. კომპანიას თანხის ნაწილიც გადახდილი ჰქონდა, თუმცა მოსახლეობის პროტესტისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიას თანხა უკან დაუბრუნა.

რუისელებს სპორტული მოედნის გადასარჩენად ქარელის მუნიციპალიტეტის მერიასთან ბრძოლა მოგებული ეგონათ, როდესაც მუნიციპალიტეტის საკრებულო სპორტული მოედნის გასხვისების საკითხს ისევ დაუბრუნდა. 20 მაისს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გაირკვა, რომ თვითმმართველობამ აღნიშნული ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემად პროცედურები დაიწყო. საკითხმა საკრებულოს ბიუროს და კომისიის სხდომები გაიარა და მოედნის ნაწილის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის საკითხზე 29 მაისს, უკვე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

რუისში მცხოვრები ლადო ბუზიაშვილი, რომელიც ტერიტორიის გასხვისებას ეწინააღმდეგება, ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ აგრძელებს მოქმედებას.

,,მერიას აუკრძალა სასამართლომ აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვა და ახლა მოძებნეს ასეთი გამოსავალი, რომ ეკონომიკის სამინისტროს გადასცენ და შემდეგ უკვე ეკონომიკის სამინისტროს მოახდენს ტერიტორიის გასხვისებას. სამართლებრივ ბრძოლას კვლავ გავაგრძელებთ, გავასაჩივრებთ და ვერ მიაღწევენ შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირდაპირი ინტერესი იკვეთება",- ამბობს ლადო ბუზიაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს, სპორტული მოედნის ტერიტორიის ნაწილის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის უფლება არ აქვს. მერებაშვილის განცხადებით, რუსულ კომპანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებასაც ჰქონდეს ადგილი.

,,მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ აუკრძალა ქარელის მუნიციპალიტეტს რუისის სპორტული მოედნის გასხვისება, გადაწყვიტეს ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით გადასცენ ეს ნაკვეთი ინვესტორს. ეს აჩენს ეჭვებს, რომ მაღალჩინოსნებს წინასწარ კორუფციულად აქვთ აღებული  ფული ამ ქონების გაყიდვის სანაცვლოდ და ახლა ცდილობენ, შეასრულონ რუსულ კომპანიასთან ნაკისრი ვალდებულება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, თუ რა ხდება ქარელის მუნიციპალიტეტში, მით უმეტეს, ერთი წელი არ არის გასული, რაც აქ დასაქმებული საჯარო მოხელეები ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს",  - აცხადებს ალექსი მერებაშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ტერიტორიას ცალკე საკადასტრო კოდი აქვს მინიჭებული და ის სპორტული მოედნის მიმდებარედ მდებარეობს.

,,მერიას აეკრძალა აუქციონის წესით გაესხვისებინა ქონება. აუქციონის წესით აღარ ყიდის მერია ამ ქონებას, მუნიციპალიტეტი არ განკარგავს ამ ქონებას აუქციონის წესით და შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ არსებობს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი სპორტის განვითარებასთან კავშირში არ არის, რადგან ეს არის სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ცალკე საკადასტრო კოდით", - აცხადებს ქარელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ინგა ეკალაძე.

რუისის სპორტული მოედნის ნაწილის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 29 მაისს იმსჯელებენ. საკრებულოში უმრავლესობა ,,ქართულ ოცნებას" ჰყავს, ამის გათვალისწინებით, არც რუისელებს და არც მათი ინტერესების დამცველ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს არ აქვს მოლოდინი იმის, რომ საკრებულო საკითხს ჩააგდებს, თუმცა სამართლებრივი გზით მოედნის ტერიტორიის გადასარჩენად ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

ახალი ამბები