კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობის დახმარების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

27 მაისი, 2020
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორში 29 წლის ჯაბა რომელაშვილმა თავის დაწვა სცადა, რადგან, როგორც თავად ამბობს, სხვა გამოსავალი ვერ მოძებნა. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ შემოსავლის გარეშე დარჩა და ახალა ისიც არ იცის, ისარგებლებს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან 6 თვის განმავლობაში დაწესებული დახმარებით. ჯაბა დედასთან ერთად ცხოვრობს, ოჯახის ერთადერთი შემოსავლი მისი ხელფასი იყო. შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ოჯახმა ვერც მთავრობის მიერ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათებით ისარგებლა და ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყვიტეს.

,,ისევ მივალ იქამდე, რომ თავს დავიწვავ, რადგან ყურადღებას არავინ არ მაქცევს. სამსახურში მივედი და მივიღე პასუხი, რომ გამათავისუფლეს და ბუღალტერმა უნდა გადაგზავნოს ცნობა, რომ სახელმწიფო დახმარებით მაინც ვისარგებლო. ვერ ვგრძნობ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და მე რაღაცაში სახელმწიფო მიდგას გვერდში", - აცხადებს ჯაბა რომელაშვილი.  

ჯაბა რომელაშვილის მსგავსად დაქირავებული თანამშრომლებისა და თვითდასაქმებულების დიდი ნაწილი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ სარგებლობს.  მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობების შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის, 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, სახელმწიფო მათ ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.  მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით 200 ლარიანი დახმარება იმ მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც მარტის თვის ჩათვლით ჰქონდათ დეკლარირებული შემოსავალი, ხოლო რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათ ინდ. მეწარმის ცნობა ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.

გიორგი გიუნაშვილი ქალაქ გორში ავტოსადგურის ტერიტორიზე ვაჭრობდა და ბოლო რამდენიმე თვეა, ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩა. ვერც ის ისარგებლებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებით, რადგან როგორც ინდ. მეწარმე არ იყო დარეგისტრირებული და ვერაფრით ამტკიცებს რომ თვითდასაქმებულია. 

,,ვიყავი გარემოვაჭრე, გორში ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვვაჭრობდი და მქონდა ჩემი ყოველდღიური შემოსავალი. თითქმის სამი თვეა, რაც შემოსავალის გარეშე ვარ დარჩენილი. იმედი მქონდა, რომ როგორც თვითდასაქმებული ერთჯერადად 300 ლარს მაინც ავიღებდი, მაგრამ ამაზეც უარი მითხრეს, რადგან დარეგისტრირებული უნდა იყო როგორც ინდმეწარმე და არ ვარ დარეგისტრირებული, მარტო მე კი არა, არავინ არ არის დარეგისტრირებული. ავტოსადგურის დირექცია, რომელსაც ყოველდღიურად ვუხდიდით ვაჭრობის მოსაკრებელს, არც ის არ გვაძლევს ცნობას", - აცხადებს გიორგი გიუნაშვილი.

აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით, იურისტები და ეკონომისტები ქვეყანაში ჩრდილოვან ეკონომიკაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ დამსაქმებლებისა და თვითდასაქმებულების ნაწილი სახელმწიფოს გადასახადებს უმალავს.

,,ლაკმუსის ქაღალდივით გამოჩნდა ახალი კორონავირუსი, რომელმაც ჩვენი ეკონომიკის ყველა მინუსები გამოავლინა და შეეხო ყველაზე მტკივნეულ ფენას, როგორიც არის თვითდასაქმებული. რაც შეეხება მოვაჭრეებს, რომლებიც ყოველდღიურად იხდიდნენ დახლის ფულს, სხვანაირად ისინი იმ ტერიტორიზე ვერ იდგებოდნენ, მათ დღეს არანაირი მტკიცებულება მათ ხელში არ უჭირავთ, რადგან ადმინისტრაცია სრულად არ აჩვენებდა დახლების რაოდენობას. ეს ისეთი ძაფის გორგალია, თუ მის ერთ წვერს გამოსწევ, ამოჰყვება ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი, ამოჰყვება ადმინისტრაციის ვალდებულები, რომელიც ვერ შეასრულეს და ასევე ამოჰყვება შემოსავლების სამსახურის მინუსებიც, რადგან დახლების დათვლას წინ არაფერი არ ედგა და საკმაოდ მარტივი დასათვლელი იყო", - აცხადებს ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდებათ, დახმარების გარეშე რჩებიან.   

,,დამსაქმებელთა ნაწილი არ აჩვენებს სახელმწიფოს დასაქმებულთა რაოდენობას და არ იხდის შესაბამისს საშემოსავლო გადასახადს. გარდა ამისა, სახელმწიფო ვერ ახერხებს თვითდასაქმებულთა ზუსტ აღრიცხვას. პანდემიამ გამოაჩინა, რომ ყველაზე მეტად დაზარალდნენ სწორედ გაუფორმებელი თანამშრომლები და თვითდასაქმებულები. მთავრობას ისეთი სახის ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინა, რომელიც  გამორიცხავდა დადასტურებული შემოსავლების მქონე მოქალაქეებს და ყველა სხვა დანარჩენს მისცემდა დახმარებას", - აცხადებს მერებაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება  ანტიკრიზისული გეგმით კმაყოფილია,  ოპოზიცია და არასმთავრობო სექტორი მას პანდემიით გამოწვეულ კრიზისის დაძლევის ნაცვლად, წინასაარჩევნო კამპანიაზე ორიენტირებულ პიარსვლად აფასებენ. 

ახალი ამბები